შესაძლოა, კონტინენტები შეერთდეს და წყნარი ოკეანე გაქრეს — დედამიწის მომავალი?
კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, წყნარი ოკეანის ადგილს სუპერკონტინენტი, სახელად ამაზია, დაიკავებს.
ჟურნალში National Science Review გამოქვეყნებულ ახალ კვლევის თანახმად, დაახლოებით 300 მილიონი წლის შემდეგ დედამიწის კონტინენტები შეერთდება და ახალ სუპერკონტინენტს, სახელად ამაზიას, წარმოქმნის. ამის შედეგად წყნარი ოკეანე გაქრება. ნაშრომის ავტორები კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრები არიან.
"უკანასკნელი ორი მილიარდი წლის განმავლობაში, 600 მილიონ წელიწადში ერთხელ, დედამიწის კონტინენტები ერთდება და სუპერკონტინენტს წარმოქმნის, რასაც სუპერკონტინენტური ციკლი ეწოდება", — განაცხადა ჩუან ხუანგმა, კვლევის მთავარმა ავტორმა — "ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ მილიონ წელში ახლანდელი კონტინენტებიც კვლავ შეერთდება".
ვადების განსასაზღვრად მეცნიერებმა დედამიწის ტექტონიკური ფილების 4D გეოდინამიკური მოდელირება გამოიყენეს. მათი მიზანი იყო გაერკვიათ, თუ რატომ ჩამოყალიბდა წინა სუპერკონტინენტები სრულებით სხვადასხვანაირად.
ამ შემთხვევაში ორი ძირითადი მოდელი გამოიყოფა. პირველი ჩაბრუნებაა და მაშინ ხდება, როდესაც კონტინენტები შიგა ოკეანის გარშემო იკრიბება, რომელიც წინა სუპერკონტინენტის დაშლის შედეგად გაჩნდა. ამის საპირისპირო მოვლენა გადმობრუნებაა, რომლის დროსაც კონტინენტები გარე, წარსულ სუპეროკეანეს ერტყმის გარს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორედ ოკეანური ლითოსფეროს სიმძლავრე განსაზღვრავს, რა ტიპის შეერთებას მივიღებთ. შედეგად მათ დაასკვნეს, რომ მომავალი სუპერკონტინენტი გადმობრუნების შედეგად შეიქმნება. ამ შემთხვევაში წარსული სუპეროკეანე წყნარი ოკეანე გამოდის, რომელიც ადრე წინა სუპერკონტინენტის (პანგეა) გარშემო არსებული გაცილებით დიდი სუპეროკეანე (პანთალასა) იყო.
"ახალ სუპერკონტინენტს უკვე შეერქვა ამაზია, რადგან, ზოგის აზრით, წყნარი ოკეანე (განსხვავებით ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებისგან) ამერიკის აზიასთან შეერთების შედეგად დაიხურება", — თქვა ხუანგმა — "სავარაუდოდ, ამ მნიშვნელოვან მოვლენაში წვლილს ავსტრალიაც შეიტანს, ჯერ აზიას შეუერთდება, შემდეგ კი ამერიკასა და აზიას დააკავშირებს, როცა წყნარი ოკეანე დაიხურება".
გასათვალისწინებელია, რომ კონტინენტებისა და ოკეანის მომავალთან დაკავშირებით არაერთი სხვა ჰიპოთეზა არსებობს, მათ შორის, პანგეა პროქსიმას მოდელი, რომლის მიხედვითაც ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები დაიხურება.
მართალია, ზუსტად ვერავინ იტყვის, თუ რა ბედი ელის დედამიწას, თუმცა ახალი მიგნებები პლანეტის მომავალზე დაახლოებით წარმოდგენას მაინც გვიქმნის.
კომენტარები