ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჯანსაღი და სრულფასოვანი ძილი ადამიანის ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის აუცილებელია. ის ბევრი დაავადების რისკს ამცირებს, იმუნურ სისტემას აძლიერებს და ტვინს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.

თუ კარგად გამოძინებას ვერ ახერხებთ, შესაძლოა, ამაში დაწოლის წინ სხვადასხვა საკვებისა და სასმლის მიღება დაგეხმაროთ. წინამდებარე სტატიაში 9 მსგავს პროდუქტს გაგაცნობთ.

1. ნუში

ნუშს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მოხალული სახით ამ თხილეულის მხოლოდ 28 გრამი ზრდასრული ადამიანისთვის საჭირო დღიური დოზა ფოსფორის 18%-ს, ხოლო ვიტამინ რიბოფლავინის 23%-ს შეიცავს. ასევე, მანგანუმის 25%-ს კაცებისთვის და 31%-ს ქალებისთვის. ის მეორე ტიპის დიაბეტისგან და გულის დაავადებებისგანაც გვიცავს, რადგან სასარგებლო ცხიმების, ბოჭკოებისა და ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა.

ნუში ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს, რასაც, ერთი მხრივ, ჰორმონ მელატონინის მეშვეობით ახერხებს. ეს უკანასკნელი ჩვენს "შინაგან საათს" აწესრიგებს და ორგანიზმს იმპულსებს გადასცემს, რათა ძილისთვის მოამზადოს. მეორე მხრივ, იგივე გავლენა აქვს მასში არსებულ მაგნიუმსაც, რადგან ის სხეულში სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონეს ამცირებს.

2. ინდაურის ხორცი

ფოტო: dribbble

ინდაურის ხორცი გემრიელიცაა და სასარგებლოც. ის დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, რომელიც კუნთებს სიძლიერეს უნარჩუნებს და მადასაც არეგულირებს. ამ პროდუქტში ვხვდებით ვიტამინებსა და მინერალებს, მაგალითად, რიბოფლავინს, ფოსფორს, სელენს და სხვა.

ინდაურის ხორცი ძილსაც გვგვრის, რასაც მასში შემავალი ამინომჟავა ტრიპტოფანი განაპირობებს, რადგან ის ორგანიზმში მელანინის წარმოქმნას უწყობს ხელს. მოთენთვის შეგრძნება ცილასაც უკავშირდება. კვლევის თანახმად, ღამით მისი ზომიერი დოზის მიღება ძილზე დადებითად აისახება.

3. გვირილის ჩაი

გვირილის ჩაი ჩვენს ჯანმრთელობას მრავალმხრივ არგებს. ის ფლავონითაა მდიდარი, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია და ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების გამომწვევ ანთებით პროცესებს ებრძვის. ასევე, დადებითი გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე, კანსა და მენტალურ მდგომარეობაზე, რადგან დეპრესიასა თუ შფოთვას ამცირებს.

გვირილის ჩაი სრულყოფილად გამოძინებაშიც დაგეხმარებათ. მასში შემავალი ანტიოქსიდანტი აპიგენინები ტვინში ისეთ რეცეპტორებს უკავშირდება, რომლებიც ინსომნიის სიმპტომებს ეწინააღმდეგება. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულ მონაწილეებს, რომლებიც 270 მილიგრამ ნაყენს დღეში 2-ჯერ, 28 დღის განმავლობაში სვამდნენ, შედეგად ღამით შედარებით იშვიათად ეღვიძებოდათ და 15 წუთით ადრე ეძინებოდათ, ვიდრე სხვებს.

4. კივი

ფოტო: behance

კივი ბევრი ადამიანის საყვარელი ხილია, რომელიც საკმაოდ დაბალკალორიულია. კერძოდ, 1 ცალ კივიში მხოლოდ 42 კალორიაა. სამაგიეროდ, მასში C ვიტამინის დღიური დოზის 71%-ს ვხვდებით, ხოლო ვიტამინ K-ს 23%-31%-ს (კაცებისა და ქალებისთვის). ის მდიდარია ფოლატით, კალიუმითა და სხვადასხვა მინერალით.

კივის მიღება კარგად მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე, ამცირებს ანთებასა და ქოლესტერინის დონეს, რასაც დიდი რაოდენობით ბოჭკოებისა და ანტიოქსიდანტების მეშვეობით ახერხებს. ის დაძინებაშიც გვეხმარება, რასაც კვლევაც ამტკიცებს, რომელმაც ცხადყო, რომ დაწოლამდე 1 საათით ადრე კივის ჭამა ძილის ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს. ზოგიერთი მეცნიერი ამას ჰორმონ სეროტონინის გამოყოფას მიაწერს ისევე, როგორც ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს.

5. ალუბლის წვენი

ალუბლის წვენი ფოსფორის, მაგნიუმის, კალიუმის, ანტიოქსიდანტ ანტოციანინისა და ფლავონოლის კარგი წყაროა. ის ძილიანობასაც გვგვრის, თანაც მსგავსი ეფექტის გამო, ინსომნიის შემსუბუქებაში ამ პროდუქტის როლიც კი არის გამოკვლეული.

ორგანიზმზე ალუბლის წვენის ასეთი გავლენა მელანინის მაღალი შემცველობის დამსახურებაა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. შედეგად, მისი მიღება ძილს ახანგრძლივებს და აუმჯობესებს.

6. ცხიმიანი თევზი

ფოტო: behance

ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, თინუსი, კალმახი და სკუმბრია, ძალიან სასარგებლოა, რასაც ვიტამინ D-ს უნდა ვუმადლოდეთ. აღსანიშნავია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებიც, მაგალითად, ეიკოზაპენტაენის მჟავა და დოკოზაჰექსაენის მჟავა. თითოეული მათგანი ანთებას ებრძვის, გულის დაავადებებისგან გვიცავს და ტვინის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

ამ მჟავებისა და D ვიტამინის კომბინაცია სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სწრაფი ჩაძინებისა და ღრმა ძილის მაპროვოცირებელია.

7. კაკალი

კაკალში 19 ვიტამინსა და მინერალებს ვხვდებით ისევე, როგორც ბოჭკოებს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მაგნიუმს, ფოსფორს, სპილენძსა და მანგანუმს. ის შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, ცილებსა და ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს.

კაკალი მელატონინის წყაროცაა, რომელსაც, ალფა-ლინოლეინის მჟავის მსგავს ცხიმოვან მჟავებთან ერთად, ძილზე დადებითი გავლენა აქვს, ასე რომ, დაწოლის წინ მისი ჭამა ცდად ნამდვილად ღირს.

8. პასიფლორას ჩაი

ფოტო: dribbble

მცენარე პასიფლორას, იგივე ვნების ყვავილის ჩაი მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მასში არსებული ფლავანოიდური ანტიოქსიდანტები ანთებით პროცესებს ეწინააღმდეგება, იმუნიტეტს აძლიერებს და გულის დაავადებების რისკს ამცირებს. ეს ნაყენი შფოთვასაც ამსუბუქებს, რასაც ანტიოქსიდანტ აპიგენინს უკავშირებენ.

აპიგენინი ტვინის ზოგიერთ რეცეპტორს უერთდება და მოდუნებასა თუ დამშვიდებაში გვეხმარება. პასიფლორას ჩაი გამა-ამინოერბოს მჟავას წარმოქმნასაც უწყობს ხელს, რომელიც სტრესს ამცირებს. ეს ყველაფერი სხეულს ადუნებს და ძილისთვის ამზადებს.

9. თეთრი ბრინჯი

თეთრი ბრინჯი, ყავისფერთან შედარებით, ნაკლებ ანტიოქსიდანტს, ბოჭკოსა და საკვებ ნივთიერებას შეიცავს. ამის მიუხედავად, მასში ვიტამინები და მინერალები მაინც არის, როგორიცაა ფოლატი და თიამინი.

ეს მარცვლეული მდიდარია ნახშირწყლებით, რომლის გამოც მისი გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში შაქრის დონის მომატების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. შედეგად, თეთრი ბრინჯის მიღება ძილის ხარისხს აუმჯობესებს.

ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ამ პროდუქტებმა შესაძლოა, ძილიანობა მოგგვაროთ, თუმცა, თუ ძლიერი ინსომნია გაწუხებთ, თანაც უკვე დიდი ხანია, მხოლოდ კვების რაციონის ცვლილება, სავარაუდოდ, ვერ გიშველით. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც უძილობის მიზეზს დაადგენს და მკურნალობას დაგინიშნავთ.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.