არქიტექტურულ ნამუშევრებზე დაკვირვებით წარსულის მოხელთება, ცვალებადი გარემოსა და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის წაკითხვა შეგვიძლია, ხშირად კი წარსულის მნიშვნელოვანი ნიმუშების შესწავლითა და გაანალიზებით უკეთ ვიაზრებთ, რა არის ის შეცდომები, რომლებმაც ბუნებრივ ლანდშაფტსა და ნაგებობებს შორის დისტანციას ზრდის.

სპორტის სასახლეს, ფოსტისა და ტელეგრაფის ყოფილ შენობას, ჭადრაკის სასახლეს, წყალტუბოს სანატორიუმსა თუ გასული საუკუნის სხვა არაერთ ნაგებობას დროში ცვალებადი იერსახის, მათში არეკლილი დაუდევრობის გარდა კიდევ ერთი, მთავარი საერთო აქვთ — ყველა ჩამოთვლილი არქიტექტურული შედევრი ლადო ალექსი-მესხიშვილის (1915-1978), საბჭოთა ორი მნიშვნელოვანი ეტაპის მიჯნაზე მცხოვრები ქართველი არქიტექტორის ქმნილებაა.

ლადო ალექსი-მესხიშვილის მოღვაწეობის პირველ პერიოდს 1930-იან წლებში სოციალისტური რეალიზმის დანერგვა დაემთხვა, როცა ნაგებობებში ეროვნული ნიშნების კონსტრუირება დაიწყო, ხშირად კი უმთავრესი დეკორატიულობა იყო, 1955 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დადგენილება გავრცელდა "დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ", ამ დროიდან უმთავრესი გახდა პრაქტიკული, ფუნქციური ნაგებობების დაგეგმვა საბჭოთა პრაქტიკული ადამიანებისთვის, ამიტომ ფაქტობრივად აიკრძალა ვიზუალური სიმდიდრე და მინიმალისტური იერსახე უმთავრესი გახდა.

ლადო ალექსი-მესხიშვილმა შეძლო და დროის მოთხოვნებთან შესაბამისობაშიც კი შექმნა ისეთი პროექტები, რომლებშიც ავტორის გამორჩეული ხედვა და გემოვნება ორ რადიკალურად განსხვავებულ პერიოდს გამაერთიანებელ უწყვეტ ხაზად გასდევს.

არქიტექტორი 1978 წელს გარდაიცვალა და მომდევნო წელს მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო, მას შემდეგ 43 წელი გავიდა და ახლა ლადო ალექსი-მესხიშვილის ბიოგრაფია, ჩანახატები, ნახაზები, განხორციელებული და განუხორციელებელი პროექტები, მისი შენობების მაკეტები, ფილმები, რომლებშიც არქიტექტორის შენობები ჩანს, ასევე მისადმი მიძღვნილი ფილმი ხელახლა, ახალი თაობის მნახველისთვის გაცოცხლდა.

თიბისი კონცეპტის მარჯანიშვილის საგამოფენო სივრცეში 20 სექტემბერს ლადო ალექსი-მესხიშვილისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა დაიწყო, რომელიც 31 დეკემბრამდე სრულიად უფასოდ უმასპინძლებს მნახველებს და მათ თვალწინ გააცოცხლებს გარემოს, ქალაქს, რომელშიც ვცხოვრობთ და და ლანდშაფტს, რომელიც უწინდელი ფორმით უკვე აღარ არსებობს.

როგორ დაიგეგმა არქიტექტორისადმი მიძღვნილი გამოფენა

ფოტო: თიბისი

ლადო ალექსი-მესხიშვილის ბიოგრაფია ზღვა მასალას მოიცავს, რომელიც პერსონალურ თუ ეროვნულ არქივებშია დაცული, ამიტომ მისი მასშტაბის სრულად ასახვა მარტივი არ ყოფილა. გამოფენის დაგეგმვის პროცესში ჩართული იყო ხელოვანის ოჯახი, თიბისის სახელოვნებო პროექტების მენეჯერი, მარიამ წიქარიძე, საგამოფენო სივრცის კურატორი, ნინო ფალავანდიშვილი, ასევე კურატორები, ლადო შონია და დიმიტრი ერისთავი.

მარიამ წიქარიძის თქმით, გამოფენის იდეა ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახთან შეხვედრისას დაიბადა.

"გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა რეტროსპექტივის ტიპის გამოფენა, რათა მისი მემკვიდრეობა ახლებურად დაგვენახა, გაგვეცოცხლებინა, ახალგაზრდებისთვის მიგვეწოდებინა, თანაც, თიბისისთვის ხელოვნების მხარდაჭერა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისკენ საზოგადოების ყურადღების მიმართვა, მისი გაანალიზების პროცესში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", — აღნიშნავს მარიამი.

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

ნინო ფალავანდიშვილის როლი აღნიშნულ პროცესში შინაარსობრივი კვლევა, ობიექტების შესწავლა, მასალების მოძიება იყო, ლადო შონია და დიმიტრი ერისთავი კი კრეატიულ ნაწილში იყვნენ ჩართული, რომელთაც სხვა მნიშვნელოვან სამუშაოსთან ერთად საკუთარ თავზე აიღეს არქიტექტორის ნახაზების მიხედვით მაკეტების დამზადება და ამ პროცესში სტუდენტებიც ჩართეს. თუმცა, კურატორთა როლები ცალსახად გამიჯნული არ ყოფილა — ერთობლივად შეძლეს, რომ წარმოედგინათ არქიტექტორის ხედვის სრული მასშტაბი.

რა დაგხვდებათ თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში სტუმრობისას

ფოტო: თიბის

ლადო პრინციპული, უზადო გემოვნების მქონე ადამიანი იყო, რაც აქ გამოფენილ ჩანახატებშიც კარგად არის ასახული, ეს არის ყოველდღიური, უმძიმესი შრომა, მაგრამ მას ეს საქმე ძალიან უყვარდა — ასე რომ, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

გოგი ალექსი-მესხიშვილი

ლადო ალექსი-მესხიშვილის რეტროსპექტივა თიბისი კონცეპტის ორ სართულს მოიცავს:

  • პირველ სართულზე განთავსებულია არქიტექტორის განხორციელებული და განუხორციელებელი არქიტექტურული პროექტები და ცნობები მისი ბიოგრაფიიდან;
  • ხოლო, მეორე სართულზე მისი ნახატები, ჩანახატები, გამორჩეული ქართველის რეჟისორის, ლადო ალექსი-მესხიშვილის მეუღლის, ლანა ღოღობერიძის არქიტექტორისადმი მიძღვნილი ფილმი — წერილი შვილებს — არის წარმოდგენილი, ასევე ის ვიზუალური მასალა, რომელშიც ხელოვანის ნაგებობები პირვანდელი სახით ჩანს.

სცენის დეკორატორისა და მხატვრის, ლადო ალექსი-მესხიშვილის შვილის, გოგი ალექსი-მესხიშვილის თქმით, "გამოფენა ასახავს ადამიანის, არქიტექტორის მიერ განვლილ ცხოვრების საინტერესო, გამოწვევებით სავსე ხანგრძლივ გზას. ის იყო ადამიანი, რომლის დამოკიდებულება სამუშაოს თუ თვით ცხოვრების მიმართ სამაგალითოა. ეს გამოფენა შესანიშნავია, ადამიანის მასშტაბი კარგად ჩანს, სასიხარულოა, რომ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა აიღეს საკუთარ თავზე გამოფენის ორგანიზება. ლადო პრინციპული, უზადო გემოვნების მქონე ადამიანი იყო, რაც აქ გამოფენილ ჩანახატებშიც კარგად არის ასახული, ეს არის ყოველდღიური, უმძიმესი შრომა, მაგრამ მას ეს საქმე ძალიან უყვარდა — ასე რომ, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება".

ნინო ფალავანდიშვილისთვის სხვა მრავალ დეტალთან ერთად განსაკუთრებით საინტერესო, ლადო ალექსი-მესხიშვილის, როგორც მხატვრის ნამუშევრებია გამორჩეული და ფიქრობს, რომ ეს მნახველისთვისაც საინტერესო იქნება.

"გამოფენაზე ნახავთ ბატონი ლადოს, როგორც მხატვრის შემოქმედებას, რადგან ლადო არქიტექტორთან ერთად ნიჭიერი მხატვარიც იყო და, როგორც ჩანს, ყოველ თავისუფალ მომენტში ცდილობდა, რომ თავისი აზრთა სვლა, ხელოვანის ხედვა ფურცელზე გადმოეტანა", — გვეუბნება ნინო.

გამოფენა, რომელიც წარსულსა და თანამედროვეობას შორის მიმართებას ასახავს

ფოტო: თიბისი

ეს არის გამოფენა, რომელიც შემოქმედის დანატოვარს ასახავს, ასევე გვეხმარება გავიაზროთ, რაზე ვსაუბრობთ, როცა არქიტექტურაზე ვსაუბრობთ.

ნინო ფალავანდიშვილი

ლადო ალექსი-მესხიშვილის არქიტექტურული შემოქმედების მთავარი მახასიათებელი დროის კონტექსტის, შენობის ფუნქციური დატვირთვის, ასევე ლანდშაფტის გაანალიზების ერთობაა, რომელიც საბოლოოდ ქმნის მთლიანობას, რომელიც მრავალშრიანია და ტენდენციების ცვალებადობას უძლებს.

ნინო ფალავანდიშვილის თქმით, "ეს არის გამოფენა, რომელიც შემოქმედის დანატოვარს ასახავს, ასევე გვეხმარება გავიაზროთ, რაზე ვსაუბრობთ, როცა არქიტექტურაზე ვსაუბრობთ. ეს ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, ის გარემოა, რომელშიც ვცხოვრობთ და, რაც მთავარია, ეს ღირებული გარემოა. ეს ნამუშევრები უნიკალურია არქიტექტურული, სოციალურ, კონსტრუქციული თვალსაზრისით. ამ ნაშენ გარემოს აღქმა, დაფასება და შენახვა სჭირდება".

მარიამ წიქარიძე კი გვეუბნება, რომ განსაკუთრებით დღევანდელი ქალაქდაგეგმარების ხარვეზების გაანალიზებისას ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის შეცდომების თუ იმ დიდი დანატოვრის გაანალიზება, რისი ნიმუშიც ლადო ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრებია. მისი თქმით, ეს არის საშუალება, რომ "გამოვიყენოთ გამოცდილება, რათა შეცდომებს თავი ავარიდოთ — "ლადო ყოველთვის ითვალისწინებდა ლანდშაფტს, რელიეფს, გარემოს და დღეს თბილისში რაც ხდება, მიგვანიშნებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობაზე თვალის გადავლება".

"ეს გამოფენა აჩვენებს, რომ მისი ნამუშევრების უმეტესობა ან მოსპობილია ან დამახინჯებული — სპორტის სასახლისა და ჭადრაკის სასახლის იერსახე შეცვლილია, მრგვალი გარაჟი და წყალტუბოს სანატორიუმი მიწასთან არის გასწორებული, ახლა მსახიობის სახლს მიადგნენ და უნდათ, ისიც გადააკეთონ ან დაანგრიონ. წარსულისადმი და პიროვნებისადმი ასეთი უპატივცემლობა სამარცხვინოა. და ეს მხოლოდ მამაჩემის მაგალითზე კი არა, ბევრ სხვა მაგალითზე დაკვირვებითაც ითქმის", — აღნიშნავს გოგი ალექსი-მესხიშვილი.


ლადო ალექსი-მესხიშვილის ბიოგრაფიისა და მისი შემოქმედების, ზოგადად არქიტექტურის, ქვეყნისა და ქალაქის იერსახის მკვეთრი ცვლილების დანახვა, გაანალიზება, ერთიანობაში წარმოდგენა მომდევნო თვეებში, უფრო ზუსტად კი 31 დეკემბრამდე, თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში შეგიძლიათ, რომელიც მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარეობს.