ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" დღეს, 21 სექტემბერს გამოაცხადა. ამის ფარგლებში ჯარში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.

  • რუსულ წყაროებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეები ცდილობენ ქვეყნის დატოვებას. არსებული ინფორმაციით გაიყიდა ბილეთები სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით;
  • უკრაინული მედია Unian კი წერს, რომ რუსეთში Google-ის საძიებო სისტემაში გახშირდა ძიება, როგორ "მოიტეხონ ხელი".

დეტალები: კობახიძეს ჰკითხეს, აპირებს თუ არა სახელმწიფო პუტინის ახალი ბრძანების ფონზე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ახალი ნაკადის შემოსვლის გაკონტროლებას, შემცირებას ან შეზღუდვას.

  • მისი თქმით, "მაქსიმალურად ზრუნავენ ეროვნულ უსაფრთხოებაზე" და ამ შემთხვევაშიც ვითარება კონტროლის ქვეშაა.
  • შემდეგ, ტრადიციულად, "ომისკენ მიმართულ რიტორიკას შეეხო" და ამაში "რადიკალური ოპოზიცია" და არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა.
  • კერძოდ, თქვა, რომ რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებული კამპანია, "თითქოს ისინი სერიოზულ საფრთხეს შექმნიდნენ", უსაფუძვლო, ყალბი და ხელოვნურად აგორებული იყო და ამას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.

ამის შემდეგ კი აღნიშნა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა სუბიექტს მოუწოდებდნენ, მსგავსი რიტორიკისგან და პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ.

  • ამბობს, რომ ზოგადი საფრთხეები არსებობს და მას შემდეგ რაც რუსეთში "მობილიზაცია" გამოცხადდა, მითუმეტეს მიუღებელია ასეთი განცხადებები.
  • "კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ეს საფრთხეები არ გაგვეპაროს".