ომი არასდროს დასრულებულა და სამშვიდობო პროცესს არასდროს უარსებია
აზერბაიჯანის პოლიტიკამ უხეში ძალითა და გამარჯვების კულტით ბნელი გეზი აიღო ირედენტიზმისკენ. სომხებთან განგრძობით მშვიდობას ვერ მივაღწევთ მანამ, სანამ ჩვენი ეროვნულ იდენტობის შესახებ შურისმაძიებლურ მითებს არ დავანგრევთ და ძალადობრივ ნაციონალიზმზე არ ვიტყვით უარს.
მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს ბევრი აზერბაიჯანელი ამტკიცებდა, რომ სამომავლოდ დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ეს ომი და ადამიანების სიცოცხლეების დაკარგვა აუცილებელი იყო. ამ არგუმენტის მიხედვით, 1988-1994 წლების ომმა მშვიდობა არ მოიტანა, შეტაკებები და მსხვერპლი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ამიტომ აზერბაიჯანს სრულმასშტაბიანი ომი სჭირდებოდა, რათა კონფლიქტი დაესრულებინა და შესაბამისად, გრძელვადიანი მშვიდობისთვის მიეღწია.
ეს არგუმენტი არა მხოლოდ ეთიკურად მიუღებელია (იმათზე რას იტყვით, ვინც სრულმასშტაბიანი ომის დროს იღუპება?), არამედ ძალიან გულუბრყვილოცაა. არაერთი ესკალაციის შემდეგ, ჩვენ მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესის ნაკლებობისა და ომის გაგრძელების მოწმენი გავხდით. განახლებული შეტაკებები — მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ყველაზე სისხლიანი — ამ არგუმენტის უსუსურობას ადასტურებს.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სირთულეების გამოძახილები
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის რიტორიკა აგრესიული იყო — მისი ლიდერები სომხეთის სამხრეთ პროვინციის, სიუნიქის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიას აცხადებდნენ და მთიანი ყარაბაღის სომხურ ხელმძღვანელობასთან კავშირზე უარს ამბობდნენ. ეს მოთხოვნები ბუნებით ირიდენტისტულია — ისინი სავარაუდო ისტორიული და ეთნიკური კავშირების გამო უცხო მიწის ანექსირებას ითხოვენ.
მსგავსი მოთხოვნები აზერბაიჯანის ომის შემდგომი პერიოდის რეალობად იქცა. 2020 წლის ომამდე, აზერბაიჯანის მოთხოვნა, რომ მას ზანგეზურის რეგიონზე ისტორიული უფლებამოსილება ჰქონდა, მარგინალური იყო. თუმცა ომის დასრულების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ოფიციალური მსჯელობა ახალი ექსპანსიონისტური მიმართულებით გადავიდა — 2021 წლის ივლისში აზერბაიჯანმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური რეგიონი ჩამოაყალიბა და დერეფანს, რომელსაც ნახიჩევანი და დანარჩენი აზერბაიჯანი უნდა დაეკავშირებინა, "ზანგეზურის დერეფანი" უწოდა. თუ აღმოსავლეთ ზანგეზური არსებობს, უნდა იყოს დასავლეთ ზანგეზურიც, რომელიც სომხეთის სამხრეთით თანამედროვე სიუნიქის რეგიონია.
"მთლიანი აზერბაიჯანის" უტოპიური ირიდენტისტული იდეა მეორე პრეზიდენტის, აბულფაზ ელჩიბეისა და მისი სახალხო ფრონტის პარტიის დისკურსისთვის იყო დამახასიათებელი — პარადოქსულად, დღევანდელი რეჟიმის მთავარი ისტორიული ანტაგონისტების. საგულისხმოა, რომ ამ იდეებმა აზერბაიჯანის პოსტ საბჭოთა ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაზე მოახდინა გავლენა.
ილჰამ ალიევის მამა, ჰეიდარ ალიევი ამ ტერიტორიულ პრეტენზიებს მხარს არ უჭერდა. ამის ნაცვლად, მას აზერბაიჯანიზმი ინკლუზიური ერის მშენებლად წარმოედგინა, ირიდენტიზმისა და აგრესიული ნაციონალიზმის გარეშე. 2020 წლის ომის შემდეგ, ჰეიდარ ალიევის პიროვნების კულტი ნაკლებად შესამჩნევი გახდა — მისი მოლაპარაკებების მომხრე მიდგომა ამჟამინდელ გამარჯვების ქედმაღლურ დისკურსს ეწინააღმდეგება.
მეორე ომის დასრულების შემდეგ, როცა ეროვნული იდენტობა გამარჯვებისა და ილჰამ ალიევის "რკინის მუშტის" ირგვლივ გაერთიანდა, "ახალი ჰორიზონტების" საჭიროება, არაფერია თუ არა მივიწყებული ექსპანსიონისტური იდეების დაბრუნება. ეს მხოლოდ არათანმიმდევრული ცვლილება არ არის — ბოლო ესკალაცია აჩვენებს, რომ აზერბაიჯანს სურს სომხეთი აიძულოს, რომ ავტორიტარული "მშვიდობა" მიიღოს. ეს არის მშვიდობა, რომელიც აზერბაიჯანის ეკონომიკურ მოთხოვნებს ითვალისწინებს, მშვიდობა შერიგების გარეშე.
მოლაპარაკებების ზღაპარი
თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში "შურისძიების ოპერაცია" აწარმოვა. შემდეგ, 31 აგვისტოს ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ. მთიანი ყარაბაღის ბედთან დაკავშირებით განცხადება არც ერთხელ არ გაკეთებულა. ამ შეხვედრების იდეა "სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მოსახლეობების მომზადება იყო". მეორე შეხვედრიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ორივე ქვეყანა ისევ ძალადობრივი კონფლიქტის პირისპირ აღმოჩნდა — ცხადი ნიშანი იმისა, რომ მხარეები მთავარ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
ჩემი ბოლო ტვიტი, სადაც ვწერ — "სად არის აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება?" — არა მხოლოდ არსებულ სიტუაციას ეხება, არამედ ამ სამშვიდობო პროცესში აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების როლსაც. თუ მოლაპარაკებები ერებს შორის მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად, რატომ არ მონაწილეობს შეხვედრებში არც სამოქალაქო საზოგადოება და არც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები? უფრო უარესიც: რატომ არცერთს არ მოუფიქრებია მმართველი რეჟიმის მიდგომის ალტერნატივა? ბოლო შეტაკებებისა და დანაკარგების შემდეგ, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო უჩინარი გახდა.
მოლაპარაკებებს მთლიანად მმართველი რეჟიმი მართავს და სხვა სოციალური აქტორები ალტერნატივების შეთავაზებით დაინტერესებულები არ არიან. ეს, აზერბაიჯანის ეკონომიკური გამოწვევებისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, მმართველი რეჟიმის ძალაუფლებას მხოლოდ აძლიერებს. თუნდაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბრობენ, როგორც NIDA-ს განცხადებაშია აღნიშნულია, ამ სუსტ (მაგრამ გაბედულ) ჯგუფებს ალტერნატიული წინადადებების შეთავაზების საჭირო გავლენა არ გააჩნიათ.
შიდა პოლიტიკურ პარტიებს სომხეთში პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებთან დიალოგის დასამყარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი დოზითაა ნაციონალიზმი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმის მხრიდან ხშირად განიცდიან რეპრესიებს, ნაციონალისტებისგან არაფერ კონსტრუქციულს არ ველოდები, რადგან ისინი რეჟიმის მთავარ ღირებულებებს იზიარებენ.
ნაციონალისტური რეალობა: არის თუ არა ალტერნატივა?
იმ პროგრესული ჯგუფებისა და ინდივიდების მხრიდან, რომლებიც მშვიდობის ერთგულები რჩებიან, ქვეყნის ნაციონალისტური პოლიტიკის ან კონკრეტული ინციდენტების დაგმობა, ან თუნდაც, აზერბაიჯანის მთელი პოლიტიკური ლანდშაფტის უარყოფა საკმარისი არ არის. ნამდვილი გამბედაობა აზერბაიჯანული ეროვნული იდენტობის პრინციპების ეჭვქვეშ დაყენებაა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ აჩვენა, რომ "ხალხების მეგობრობა" წარმოსახვითი იყო. მთიანი ყარაბაღის პირველმა ომმა შურისძიებასა და მშვიდობიანი თანაარსებობის უგულებელყოფაზე დაფუძნებული ეროვნული იდენტობა შექმნა. მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებული მტრობის მიუხედავად, ამან გავლენა მთელს პოლიტიკურ სპექტრზე მოახდინა. მეორე ომმა ერი იმ იდენტობით აღჭურვა, რომელიც ახალ მეომრულ სიმბოლოებშია გამოხატული, მათ შორისაა რკინის მუშტის ძეგლი და სამხედრო ნადავლის პარკი ბაქოში.
პროგრესული აზერბაიჯანელები რადიკალურად განსხვავებული ეროვნული ეთოსისთვის სივრცის გახსნაზე უნდა დაფიქრდნენ. ერთი შეხედვით, ჩვენ შესათავაზებელი ბევრი არაფერი გვაქვს. ბოლოს და ბოლოს, აზერბაიჯანული ერის დაბადება ისტორიულად მე-20 საუკუნის დამდეგს სომხებთან შიდასაზოგადოებრივ ძალადობასთანაა დაკავშირებული.
თუმცა, თუ აზერბაიჯანელი ინტელიგენციის ადრეულ ნაშრომებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი ეთნიკური ნაციონალიზმს მეტად აკრიტიკებდა. აზერბაიჯანის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ეს ნარატივები უნდა დაბრუნდეს.
მსგავსი წყაროები ძალიან იშვიათია და მოგვიანებით საბჭოთა პერიოდის ავტორების მიერ დისკრედიტებულიც იყო, თუმცა, ასეთი წყაროები, არ აქვს მნიშვნელობა, ძველია თუ ბოლო დროინდელი, გადამწყვეტია ახალი ნაციონალური ეთოსის ასაშენებლად.
ასეთი მიზნისა და სტრატეგიის, ასევე, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის აქტორებთან დიალოგის გარეშე, ჩვენ, პროგრესულები ომის მნიშვნელოვანი ალტერნატივის შემოთავაზებას ვერასდროს შევძლებთ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები