როგორ აღიქვამენ ძაღლები სამყაროს? — მეცნიერებმა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გამოიკვლიეს
მეცნიერთა გუნდმა ახლახან მანქანური დასწავლა გამოიყენა და ორი ძაღლის ტვინში ვიზუალური გადამუშავების პროცესი გაშიფრა. ადამიანებისა და მათი ოთხფეხა მეგობრების აღქმას შორის გასაოცარი განსხვავება აღმოაჩინეს: ძაღლები ვიზუალურად მოქმედებებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ამ მოქმედებების შემსრულებელ ობიექტებს. კვლევა გამოცემაში Journal of Visualized Experiments გამოქვეყნდა.
ძაღლების აღქმის საკითხი ჯერაც არაა ბოლომდე შესწავლილი, ამიტომაც, შესაძლოა, კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს — იგი ადგენს, თუ რას ანიჭებს უპირატესობას ძაღლის ტვინი მაშინ, როდესაც საქმე მხედველობას ეხება.
კვლევა ორ ძაღლზე, დეიზისა და ბუბოზე, ჩატარდა. მეცნიერებმა სამი 30-წუთიანი ვიდეო გადაიღეს, რომელთა შინაარსი ასევე ძაღლებს უკავშირდებოდა — ნაჩვენები იყო: ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სირბილი, მათი ადამიანებთან ინტერაქცია, ჯილდოს მიღება, ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა, ავტომანქანის ჩავლა, ირმის მიერ გზის გადაკვეთა, კატა სახლში…
დეიზისა და ბუბოს სამჯერ 30 წუთის განმავლობაში აყურებდნენ ჩანაწერებს, პარალელურად კი ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (fMRI) უღებდნენ. ძაღლები ამ დროს არავის შეუბოჭავს — ისინი მოდუნებულები, მშვიდ მდგომარეობაში იყვნენ. მეცნიერებმა ეს წვრთნის იმ ტექნიკების გამოყენებით შეძლეს, რომელიც ფსიქოლოგმა გრეგორი ბერნსმა შეიმუშავა. მან ათი წლის წინ პირველმა მოახერხა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სრულებით ფხიზელ, შეუბოჭავ ძაღლზე ჩაეტარებინა.
ვიდეომონაცემები დროის შტამპებით დაანაწევრეს, რათა კლასიფიკატორები გამოეყოთ, როგორიცაა საგნები (ადამიანები, მანქანები, ძაღლები და სხვა ცხოველები) ანდა მოქმედებები (დაყნოსვა, ჭამა, თამაში). ეს ინფორმაცია და ორი ძაღლის ტვინის აქტივობა ნეირონულ ქსელში, სახელად Ivis-ში, შეიტანეს, რომელიც ამ კლასიფიკატორებზე ტვინის აქტივობის ასახვის მიზნით შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოებს ორი ადამიანიც უყურებდა MRI-ს ჩატარების პარალელურად. Ivis-ს აქედან მიღებული მონაცემებიც გადაეცა.
AI-მ ორივე ტიპის კლასიფიკატორის შემთხვევაში ტვინის აქტივობა 99%-იანი სიზუსტით ასახა. მიუხედავად ამისა, ძაღლებზე Ivis შედარებით არასაიმედო აღმოჩნდა — კლასიფიკატორ საგნებზე საერთოდ არ გაამართლა, თუმცა მოქმედებების შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა ტვინის აქტივობა 75-88% სიზუსტით ასახა.
"ადამიანები ძალიან საგანზე ორიენტირებულები ვართ", — განაცხადა ბერნსმა — "ინგლისურ ენაში ზმნასთან შედარებით ათჯერ მეტი არსებითი სახელია, რადგან კონკრეტულად ობიექტებისათვის სახელის შერქმევა გვაქვს აკვიატებული. ძაღლებს ნაკლებად ადარდებთ, ვის ან რას ხედავენ და თავად მოქმედებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ".
მისი თქმით, ძაღლებსა და ადამიანებში სამყაროს აღქმა ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ისინი მხოლოდ იმ ჩრდილებს არჩევენ, რომელთაც ჩვენ სპექტრის ლურჯ ან ყვითელ ნაწილებად აღვიქვამდით, თუმცა მოძრაობისადმი მგრძნობიარე მხედველობითი რეცეპტორი უფრო ბევრი აქვთ.
ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ძაღლებს ადამიანებზე მეტად ესაჭიროებათ გარემოში არსებული საფრთხის გაცნობიერება; შესაძლოა, ეს სხვა შეგრძნებებზე დამოკიდებულებასაც უკავშირდებოდეს ანდა სულაც ორივე ფაქტორს. მაშინ, როცა ადამიანები უფრო მხედველობაზე არიან ორიენტირებული, ძაღლებისთვის ყნოსვაა ყველაზე მნიშვნელოვანი შეგრძნება — მათი ტვინის გაცილებით დიდი ნაწილი ეთმობა ყნოსვითი ინფორმაციის გადამუშავებას.
მართალია, შეიძლება, ყნოსვით გამღიზიანებელზე ტვინის აქტივობის ასახვას უფრო რთული ექსპერიმენტი დასჭირდეს, თუმცა მიღებული შედეგები მრავლისმომცემი იქნება. ანალოგიური მნიშვნელობისაა დამატებითი, უფრო დეტალური კვლევებიც ძაღლებისა თუ სხვა ცხოველების ვიზუალური აღქმის საკითხში.
კომენტარები