ადგილიდან, სადაც შარშან "ოკეანე იწვოდა", სახიფათო აირი ჟონავს — რას ნიშნავს ეს
მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობის საბადოდან დიდი რაოდენობით მეთანი ჟონავს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც შარშან "ოკეანე იწვოდა" — მიწისქვეშა მილსადენის გახეთქვის შედეგად წყალში ცეცხლი გაჩნდა, მოვლენის ამსახველი კადრები კი ინტერნეტში გავრცელდა.
ასევე იხილეთ: ოკეანე იწვის — მექსიკის ყურეში ნავთობმა გაჟონა
Reuters-ის უწყების მიხედვით, აგვისტოში, 24 დღის განმავლობაში, Ku-Maloob-Zaap-იდან ატმოსფეროში დაახლოებით 44,064 ტონა მეთანი გამოიყო. გარემოსდაცვით სააგენტოს (EPA) თუ დავეყრდნობით, ეს 3.7 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის გაჟონვას უდრის, დაახლოებით იმავე რაოდენობას, რასაც 719,926 სახლი ერთად იყენებს ელექტრობაში ყოველწლიურად.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პლატფორმიდან 2021 წლის დეკემბერშიც დაახლოებით იმავე რაოდენობის აირი გამოიყო. ეს მექსიკის წლიური საშუალო ემისიების 3%-ს შეადგენს.
"დეკემბერში წვა შეწყვიტეს და 17 დღის განმავლობაში აირს ლამის მუდმივად უშვებდნენ", — განაცხადა იწიარ ირაკულის-ლოიტქსატემ, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარმა და ნაშრომის მთავარმა ავტორმა — "მიუხედავად ამისა, ამჯერად ისინი მეთანს მთელი თვის განმავლობაში არარეგულარულად უშვებდნენ და წვავდნენ".
პლატფორმას სამთავრობო კომპანია Pemex ფლობს, რომელიც გაზსა და ნავთობს მოიპოვებს/აწარმოებს. მართალია, მეთანის გაჟონვის მიზეზს ვერც Reuters-მა დაადგინა და ვერც ESA-ს მკვლევრებმა, თუმცა, ადრინდელი უწყებები მოწმობს, რომ Pemex დიდი ხანია, გაზისა და ნავთობისათვის განკუთვნილ საკუთარ ძველ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, Ku-Maloob-Zaap-ზე, სათანადოდ არ ზრუნავს.
აღსანიშნავია, რომ, Statista-ს (კვლევითი ორგანიზაცია) მიხედვით, 2010-2017 წლებში სიკვდილის დაახლოებით ასამდე შემთხვევა მიეწერება Pemex-ის ადგილებში მომხდარ ინციდენტებს.
მართალია, მეთანი ატმოსფეროში CO2-ისავით დიდხანს არ ჩერდება, თუმცა, როგორც სათბურის აირი, იგი 80-ჯერ უფრო ძლიერმოქმედია და კლიმატისათვის ახლო მომავალში სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გლობალურად მეთანის ემისია დიდი პრობლემაა იმ ხანმოკლე თუ ხანგრძლივი მიზნების მისაღწევად, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებას ემსახურება.
მეორე მხრივ, გაზისა და ნავთობის წარმოება მსოფლიოში მეთანის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, რადგან ამოღებისა და რეგენერაციის პროცესში იგი დიდი რაოდენობით გამოიყოფა და იწვება.
მსოფლიო ბანკის ყოველწლიურმა Global Gas Flaring Tracker-მა დაადგინა, რომ მექსიკა იმ ქვეყნების მოწინავე ათეულშია, სადაც აირის წვის ტენდენცია ყველაზე მეტად შეინიშნება. იგი ერთია იმ სამთაგან, რომლებშიც ეს პრობლემა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამწვავდა.
ჯერ კიდევ ივნისში მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, განაცხადა, რომ Pemex 2 მილიარდი დოლარს გაიღებდა და მეთანის ემისიებს ნავთობისა და აირის სექტორიდან თითქმის სრულად მოსპობდა. აღსანიშნავია, რომ მექსიკა სხვა მრავალთაგან ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელსაც 2030 წლისთვის მეთანის ემისიების 30%-ით შემცირება სურს.
თავად კომპანია Pemex-ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კომენტარები