მოუსმინეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათები მუსიკად აქციეს
მეცნიერებისგან, მუსიკოსებისგან, უსინათლო და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისგან შემდგარმა გუნდმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სურათები მუსიკად აქცია.
"მუსიკა ჩვენს ემოციურ ცენტრებს ეხება. ჩვენი მიზანია, ვების ფოტოები და მონაცემები ხმის მეშვეობით აღქმადი გავხადოთ, რათა მსმენელებს წარმოსახვითი გამოსახულებების შექმნაში დავეხმაროთ", — აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, მეტ რუსო.
ხმად ქცეულ (ამას სონიფიკაცია ჰქვია) სურათებს შორისაა გემის ხერხემლის ნისლეულში მდებარე არეალი, რომელსაც "კოსმოსურ კლდეებს" უწოდებენ. ის აირისგან და მტვრისგან შედგენილ რეგიონებს მოიცავს. აუდიო სკანირება ფოტოს მარცხნიდან მარჯვნივ მიუყვება და ყოველ დეტალს ახმიანებს, მაგალითად, ვარსკვლავებს. განსაკუთრებული მკაფიოობითა და მელოდიურობით გამოსახულების ქვედა მხარე ხასიათდება, რომელიც მოწითალო-მოჟანგისფრო შეფერილობისაა. კაშკაშა სინათლე უფრო ხმამაღალ ნოტებს შეესაბამება, სიმკრთალე კი დაბალი სიხშირითაა წარმოდგენილი.
შემდეგ სამხრეთის რგოლისებრი ნისლეულის გამოსახულებები მოდის, ვებისა და ჰაბლის მიერ გადაღებული. ამ სონიფიკაციაში ფერები ბგერებად გარდაქმნეს, ანუ სინათლის ტალღების სიხშირე პირდაპირ ბგერების სიხშირედ აქციეს. კერძოდ, ახლო ინფრაწითელი სინათლე მაღალი სიხშირის ეკვივალენტურია, ხოლო შუა ინფრაწითელი — დაბლის. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალური ვარსკვლავების სკანირებისას გიტარის სიმის მსგავსი ხმა ისმის, თუმცა ნოტები განსხვავებულია, რადგან მნათობთა სიკაშკაშე ერთნაირი არაა.
გუნდს არ დავიწყებია ეგზოპლანეტა WASP-96b-ც, რომლის ატმოსფეროშიც ვებმა წყლის ორთქლის, ნისლისა და ღრუბლების კვალი დააფიქსირა. მათ სპექტრული მონაცემების სონიფიკაცია შექმნეს. ხმა აქ სინათლის ტალღების სიხშირეს შეესაბამება. გრძელი ტალღები დაბალი სიხშირისა და ტონალობისაა, ბგერის სიმაღლე კი სინათლის რაოდენობას მიესადაგება. გარკვევით ისმის წყლის წვეთების ხმაც, დიაგრამის იმ წერტილებში, სადაც ამ ნაერთის სპექტრული კვალია.
კომენტარები