რომელია მსოფლიოში უდიდესი ქალაქი? ნიუ-იორკი, შანხაი, ტოკიო, მეხიკო — ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ალბათ ამ შეკითხვის გაგებისას წარმოიდგინეთ.

ამისდა მიუხედავად, მსოფლიოში უდიდესი ქალაქი ჩუნცინია, რომელსაც სხვანაირად იუიჩენს ან ბასიანსაც ეძახიან. იგი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს. იმისთვის, რომ ქალაქის მდებარეობა უფრო ზუსტად გავიგოთ, ჩინეთის რუკას დავხედოთ. ხშირად მოისმენთ, რომ რუკაზე ჩინეთის ფორმა ქათამს მოგაგონებთ: თავს ზედა მარჯვენა კუთხეში იპოვით — თითქოს ქათამი იაპონიას გაჰყურებს. მისი კუდის ბუმბულები კი შუა აზიის ქვეყნების მხარესაა მოქცეული — დაახლოებით ყაზახეთისა და ყირგიზეთისაკენ.

ფოტო: TUBS via Wikimedia Commons (CC BY-SA 3.0)

ქათმის ანალოგიას თუ გამოვიყენებთ, ჩუნცინი ფრინველის მუცელსა და ფრთებს შორის მდებარეობს. გეოგრაფიულად რომ ვთქვათ, ქალაქი მდინარეების — იანძისა და ძიალინძიანის — შესართავთანაა გაშენებული.

"ეს არის ადგილი, სადაც უბნები კლდეებზეა აშენებული. ისინი ერთმანეთთან 20-სართულიანი სიმაღლის გზებით არის დაკავშირებული“, — წერს ოლივერ უეინრაითი, ბრიტანული გამოცემა Guardian-ის არქიტექტურისა და დიზაინის კრიტიკოსი, რომელიც ჩუნცინს ხშირად სტუმრობდა — "მეტროს ხაზები მთებში გამავალი გვირაბებიდან ჩნდება და პირდაპირ საცხოვრებელი ცათამბჯენების შუაში გადის. ეს ცათამბჯენებიც, თავის მხრივ, ციცაბო ფერდობებიდან თითქოს დაუჯერებელი ფორმით ამოზრდილან".

ქალაქი მართლაც ძალიან დიდია — მისი ფართობი 82 400 კმ2-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩუნცინი ირლანდიის ზომისაა, ან თუნდაც — ავსტრიის.

"ჩუნცინში რუკა ფაქტობრივად გამოუსადეგარია“, — აღნიშნავს უეინრაითი — "ქალაქი ციცაბო მთებსა და თავბრუდამხვევ ხეობებზეა გაშენებული — ეს მართლაც განსაცვიფრებელი ურბანული ფენომენია: ქალაქი, რომელიც მხოლოდ სამ განზომილებაში უნდა წარმოიდგინოთ. აქ გადაადგილებისას ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს ფილმის "დასაწყისი" (Inception) სამყაროში აღმოჩნდით. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი, დამაბნეველი მეგაპოლისია".

ჩუნცინი დიდია, მაგრამ მისი ფართობის დიდი ნაწილი სასოფლო რეგიონებს შეადგენს — მათი საერთო ზომა ქალაქის მთავარ ურბანულ ზონას დაახლოებით 14-ჯერ აღემატება. ეს გასაკვირი არ არის — ალბათ არც არავის ეგონა, რომ ქალაქი, რომელიც ბელგიის ფართობს 2,5-ჯერ აჭარბებს, მთლიანად განაშენიანებული და ურბანიზებული იქნებოდა. ამისდა მიუხედავად, შეიძლება დაეჭვდეთ — ნამდვილად იმსახურებს ჩუნცინი "მსოფლიოს უდიდესი ქალაქის" რეპუტაციას თუ ეს რეკორდული სტატუსი უბრალოდ კანონში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა?

ჩუნცინის ურბანული ტერიტორია მთელს ადმინისტრაციულ ქალაქთან შედარებით შეიძლება ბევრად მცირე იყოს, თუმცა იქ მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ყოველთვის ასეთი დიდი არ ყოფილა, მას მდიდარი ისტორია აქვს: როგორც კულტურულ ჟურნალ Gestalten-ის 2019 წლის სტატიაში ვკითხულობთ: "ჩუნცინის ისტორია 3 000 წელზე მეტს ითვლის. ის ქვეყნის დედაქალაქი, წამყვანი ნავსადგური და სატრანსპორტო ცენტრი ჯერ კიდევ ცინის დინასტიამდე იყო. იგი ასევე საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კონტინენტური ჩინეთისთვის".

მიუხედავად მისი უძველესი ისტორიისა, ჩუნცინმა ყველაზე დიდი ქალაქის წოდება არც ისე დიდი ხნის წინ მოიპოვა. მისი მასშტაბური ზრდა შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც Gestalten-ის სტატიაში წერია: "1968 წელს ჩინეთმა რეფორმების გატარება დაიწყო. მათ შედეგად წარსულში ჩაკეტილი კომუნისტური საზოგადოება მსოფლიოს სწრაფად გლობალიზებულ ნაწილს შეერია. მენტალიტეტში, ეკონომიკასა და კულტურაში ამ მნიშვნელოვან გარდაქმნას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თანამედროვე ზესახელმწიფოდ უნდა ექცია.“

იმ დროისთვის ჩუნცინის მოსახლეობა საკმაოდ სოლიდურ რიცხვს — დაახლოებით 2,3 მილიონს — შეადგენდა. ეს მაშინ წარმოუდგენლად მაღალი რიცხვი იყო. მას შემდეგ კი, რაც კომუნისტურმა პარტიამ ამ ქალაქისთვის დაიწყო ყურადღების მიქცევა, მისი ინფრასტრუქტურაც და მოსახლეობაც სწრაფად გაიზარდა: 1979 წელს ქალაქში უკვე დაახლოებით 6,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა; 1983 წლისთვის — დაახლოებით 13,9 მილიონი; ხოლო 1997 წლისთვის — თითქმის 28,8 მილიონი. ამის შემდეგ მოსახლეობის ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა, თუმცა დღეს ჩუნცინში32 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ექვსივე უდიდესი ქალაქი ჩინეთშია. აშკარაა ისიც, რომ ეს დიდხანს არ შეიცვლება. ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ურბანიზაციის დონე თითქმის გაორმაგდება — 2002 წლის 36%-იდან 2050 წლისთვის 70%-მდე. ეს დაახლოებით 400-იდან 700 მილიონამდე ადამიანის მატებას გულისხმობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.