რა გავლენა აქვს მენოპაუზას გულზე
მენოპაუზა შუახნის ქალებში ფიქსირდება. ამ დროს მენსტრუაციული ციკლი წყდება, რაც სხეულში მიმდინარე პროცესებზეც აისახება. პირველ რიგში, ალბათ, ინსომნია, ე.წ. ალები, ხასიათის ცვლილება და ღამით ოფლიანობა გახსენდებათ, გულის დაავადებები კი თავში აზრადაც არ მოგდით, მაგრამ ეს რეალური საფრთხეა.
ასაკთან ერთად გულის პრობლემების რისკიც იმატებს, რისი განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორიც ორგანიზმში ჰორმონ ესტროგენის დონის შემცირებაა. წინამდებარე სტატიაში იმ 5 ნიშანზე გესაუბრებით, რომელიც შესაძლოა, სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.
1. ჭარბი ქოლესტერინი
მენოპაუზა ქოლესტერინისა და სისხლში არსებული ცხიმების ცვლილებას იწვევს, რაც ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებით სრულდება ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ამ დროს ორგანიზმში "ცუდი" ქოლესტერინის (მას ასე მოიხსენიებენ, რადგან სისხლძარღვების კედლებზე გროვდება) დონე იზრდება, "კარგისა" კი მცირდება. ეს არტერიებში დანალექის გაჩენას უწყობს ხელს და ინსულტისა თუ ინფარქტის საფუძველი ხდება.
2. ცხიმი მუცლის არეში
40 წლის ასაკიდან ქალები ზედმეტი კილოგრამების მომატებისკენ არიან მიდრეკილნი, განსაკუთრებით მუცლის არეში. ორგანოების ასეთი ცხიმოვანი ქსოვილით დაფარვა კი გულის დაავადებების რისკს ზრდის. მაშინაც, როცა ჯანსაღი წონა გაქვთ. მაგალითად, თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებშია, წელის გარშემოწერილობა კი 89 სანტიმეტრს აღემატება, სჯობს, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ, რაც შესაძლოა, დიეტას, ვარჯიშს ან ოპერაციას მოიცავდეს.
3. მეტაბოლური სინდრომი
მენოპაუზისას, ასევე, მენოპაუზამდელ ან გარდამავალ პერიოდში, ქალების ნაწილს მეტაბოლური სინდრომი აღენიშნება, რომელსაც მუცლის ზედმეტი ცხიმი, ჭარბი ქოლესტერინი და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ახასიათებს. დიდი შანსია, რომ ამან გულის დაავადება, დიაბეტი ან ინსულტი გამოიწვიოს.
4. დეპრესია
გულისთვის საფრთხის შემცველი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური პრობლემებიცაა. კერძოდ, დეპრესია, მასთან დაკავშირებული სტრესი და შფოთვა. მათი გავლენით გულში სისხლის დინება ფერხდება, გულისცემა ჩქარდება და წნევა იზრდება. დიდი რაოდენობით გამოიყოფა სტრესის ჰორმონებიც, მაგალითად, კორტიზოლი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. შესაბამისად, დეპრესიის სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
5. ძილის დარღვევა
მენოპაუზის მქონე ქალები ხშირად სრულყოფილად გამოძინებას ვერ ახერხებენ, რაც სხეულზე ძალიან ცუდად აისახება. მოგეხსენებათ, ღამით დასვენება ბევრი რამისთვისაა მნიშვნელოვანი, მათ შორის სისხლის წნევის დასარეგულირებლად. ქრონიკული უძილობა გულის დაავადებებისთვის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. ამის მიზეზი შესაძლოა, ძილის აპნოეც იყოს, როცა სუნთქვა წყდება ან ძნელდება, რის დადგენაშიც ექიმი დაგეხმარებათ და სათანადო მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
სპეციალისტები ქალებს ურჩევენ, რომ 50 წლის შემდეგ ანალიზები ყოველწლიურად ჩაიტარონ, რათა არაფერი გამორჩეთ და პრობლემა დროულად აღმოფხვრან, იქნება ეს ჭარბი ქოლესტერინი, წნევა თუ სხვა. ასევე, მიმართონ ჰორმონალურ თერაპიას, რაც მენოპაუზის სიმპტომებს შეამსუბუქებს და ივარჯიშონ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები