ასტრონავტებმა ჩინეთის კოსმოსურ სადგურზე ბრინჯი წარმატებით გაზარდეს
China Daily-ის უწყებით, ჩინელმა ასტრონავტებმა Tiangong-ის კოსმოსურ სადგურზე ბრინჯი წარმატებით გაზარდეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ამ შრომისაგან მოპოვებული ინფორმაცია ასტრონავტებს კოსმოსში საკვების მოყვანაში დაეხმაროს, რათა გახანგრძლივებული მისიები უკეთ უზრუნველყონ.
მართალია, კოსმოსში ბრინჯზე ამგვარი ექსპერიმენტები აქამდეც ჩაუტარებიათ, თუმცა ეს პირველი მცდელობაა, რომელმაც მცენარის სრული სასიცოცხლო ციკლი (იწყება თესლებით და სრულდება მომწიფებული მცენარით, რომელიც თესლებს წარმოქმნის) მოიცვა.
მკვლევრის, ჟენგ ხუეიციენგის, ცნობით, ბრინჯის ექსპერიმენტი 29 ივლისს დაიწყო. მას შემდეგ შედარებით მაღალი ჯიშის ბრინჯის ნათესები 30 სანტიმეტრამდე გაიზარდა, ჯუჯა ბრინჯისა (იგივე Xiao Wei) კი — 5 სანტიმეტრამდე.
"გვინდა გამოვიკვლიოთ, თუ მოლეკულურ დონეზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიკროგრავიტაციამ მცენარის ყვავილობის დროზე და შესაძლებელია თუ არა ასეთი გარემოს გამოყენება მსგავსი პროცესების სამართავად", — განაცხადა მან.
საგულისხმოა, რომ ყვავილობა მცენარის რეპროდუქციული განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
ჩინეთი 1980-იანი წლებიდან გზავნის ბრინჯისა და სხვა მარცვლეულის თესლებს კოსმოსში, რათა მათ მუტაციას შეუწყოს ხელი და დედამიწაზე დარგვისას მოსავლიანობა გაიზარდოს. მიუხედავად ამისა, კოსმოსის მკაცრი პირობებიდან (მიკროგრავიტაცია, ჰაერის ნაკლებობა, მაღალენერგეტიკული კოსმოსური სხივები და ა.შ.) გამომდინარე, კოსმოსში ბრინჯის წარმოება განსაკუთრებით დიდი გამოწვევაა.
"მაგრამ, თუ მარსზე დაჯდომა და მისი შესწავლა გვსურს, ხანგრძლივი მისიისას ასტრონავტების მოსამარაგებლად დედამიწიდან წაღებული საკვები საკმარისი არ იქნება. კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობებისათვის საკვების მდგრად რესურსს უნდა მივაკვლიოთ", — დასძინა ჟენგმა.
კომენტარები