პროგრამა Artemis დაიწყო! — მისია Artemis 1-ის ფარგლებში უმძლავრესი რაკეტა წარმატებით გაუშვეს
მომენტი, რომელსაც ყველანი ველოდით, დადგა! მთვარის ისტორიული პროგრამა Artemis ოფიციალურად დაიწყო.
კანავერალის კონცხზე მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან ახლახან მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Lunch System გაუშვეს. ის დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტისკენ კოსმოსურ ხომალდ Orion-ს გაგზავნის, რომელიც რამდენიმე წელში იქ უკვე ადამიანებს წაიყვანს.
ასევე, იხილეთ: როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ
ეს იქნება დიდი დაბრუნება მთვარეზე, რადგან უკვე 50 წელია, იქ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. შეგახსენებთ, რომ პირველი ეკიპაჟიანი ფრენა 2024 წელსაა ჩანიშნული. მანამდე კი შეგვიძლია, მისია Artemis 1-ს დავჯერდეთ, რომლის მიზანიც იმაში დარწმუნებაა, რომ ასტრონავტთა გასამგზავრებლად ყველაფერი სათანადოდ მუშაობს.
Space Lunch System კოსმოდრომიდან თბილისის დროით 10:47 საათზე აფრინდა. თავად გაშვების ფანჯარა 10:04 საათზე გაიხსნა, თუმცა სანამ არ დარწმუნდნენ, რომ ტექნოლოგიურად ყველა დეტალი მზად იყო, ათვლა რამდენიმე წუთით შეჩერდა. სპეციალისტთა დასტურის შემდე, წამმზომი ჩაირთო და სულ მალე ცაში უზარმაზარი აპარატი აიჭრა.
გაშვებიდან რამდენიმე დღეში Orion მთვარის ზედაპირს დაახლოებით 100 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდება, სანამ შორეულ რეტროგრადულ ორბიტაზე გადაინაცვლებს. იქ ის დაახლოებით 6 დღეს დაყოფს, შემდეგ კი უკან დასაბრუნებელი მანევრის შესასრულებლად მთვარეს კიდევ ერთხელ ჩაუვლის. ახალი ტრაექტორიით ის შინისკენ გამოემართება, ატმოსფეროში 11 კმ/წმ სიჩქარით შემოვა და წყნარ ოკეანეში დაეშვება.
Orion მთვარეს დაახლოებით 70 000 კილომეტრით გასცდება, ანუ იმაზე შორს წავა, ვიდრე ადამიანს ოდესმე უმოგზაურია. ამ დროს ის დედამიწისგან 500 000 კილომეტრის მოშორებით იქნება.
რაც შეეხება Artemis 2-ს, ამ მისიის ფარგლებში ადამიანები მთვარეზე ფეხს არ დადგამენ, არამედ ისინი ციური სხეულის გარშემო იმოძრავებენ. ეკიპაჟში 4 ასტრონავტისგან იქნება შედგენილი, ხოლო ხომალდის ტრაექტორია ოდნავ შეიცვლება. ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, აპარატში ჟანგბადის მარაგი და სხვა დეტალები დაემატება.
კულმინაციური მომენტი მისია Artemis 3-ის განმავლობაში გველის, რომელიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების დაშვებას ითვალისწინებს, რაც 1972 წლიდან დღემდე, პირველი ასეთი მცდელობა იქნება. რაკეტის ფრენა 2025 წელსაა ჩანიშნული.
კომენტარები