როგორ შეცვალა ოლეგ ზაგოროდნის ცხოვრება ომმა
ოლეგი უკრაინელი მსახიობია. მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმზე, Firebird, რომელიც საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, მკითხველს უკვე ვუამბეთ. დღეს კი მოგიყვებით, როგორ ცხოვრობს მაშინ, როცა მის ქვეყანაში ომია.
საქართველოში საზაფხულო ფილმების ფესტივალზე ჩამოვიდა, რომელსაც ყვარლის ევროკლუბი ატარებს. შეხვდა ადგილობრივ გულშემატკივრებსა და უკრაინის მოქალაქეებს ყვარელში, თბილისსა და ბათუმში. ისაუბრა ომზე, ოკუპაციასა და ბრძოლის მნიშვნელობაზე. ჩვენთან ინტერვიუში კი გაიხსენა, რა გზა გაიარეს უკრაინელებმა ბოლო 6 თვეში და როგორ იქცა მსახიობი ბარმენად, დიზაინერად და აქტივისტად.
ოლეგს ბათუმში, თავისუფალ სივრცეში შევხვდი. კაფეში რამდენიმე ადამიანთან ერთად რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას განიხილავდა. როცა შევედი, სწორედ მაშინ უხსნიდა ყველას, რა განსხვავებაა რუსებსა და უკრაინელებს შორის: "თუ ჩვენი პრეზიდენტის საქციელი არ მოგვეწონება, გამოვალთ მაიდანზე და ვეტყვით, ჰეი, ზელენსკი, შენი წასვლის დროა. ისინი ამას ვერ ბედავენ".
ჩაწერა ბათუმელებთან შეხვედრის შემდეგ გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ როცა გაიგო, ევროპის მოედანზე უკრაინელები აქციას მართავდნენ, იქ წასვლის სურვილი გამოთქვა. ინტერვიუზე უარი არ უთქვამს, გადავწყვიტეთ გზაში გვესაუბრა.
თავიდან ვიფიქრე, კომუნიკაცია გამიჭირდებოდა, სხვა თემაზე დასმულ კითხვებს დიდი ენთუზიაზმით არ პასუხობდა. მხოლოდ ის მითხრა, რომ საქართველო მოეწონა, რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებით სამზარეულო. მაგრამ სიტუაცია მალევე შეიცვალა, როცა კითხვები უკრაინაზე დავსვი — ოლეგი შეუჩერებლად და ემოციურად საუბრობდა.
ძველი ბათუმის ქუჩებში ინგლისურად ხმამაღლა მოსაუბრე ადამიანები და ხმის ჩამწერი გამვლელების ყურადღებას იქცევდა. ოლეგს არ შეუნიშნავს, რა რეაქცია ჰქონდათ ქუჩის მეორე მხარეს მიმავალ რუსებს, როცა პუტინს ნაძირალა უწოდა. არც იმაზე გაუმახვილებია ყურადღება როგორ გამოაყოლეს თვალი რუსებმა ღია კაფის ერთ-ერთი მაგიდიდან, როცა ხარკოვის დაბომბვასა და რუსების ჩადენილ ომის დანაშაულზე მესაუბრებოდა.
როცა ომი დაიწყო
"კიევში ვიყავი. გავიღვიძე და გავიგე, რომ ჩვენს აეროპორტს ბომბავდნენ. იმ დროს აეროპორტთან ახლოს ვცხოვრობდი.
გავიღვიძე და გავიაზრე, უნდა წავსულიყავი გაზგასამართ სადგურზე, რომ მანქანისთვის საკმარისი გაზი მქონოდა და მზად ვყოფილიყავი, ჩემი მშობლები სადმე გადამეყვანა. ისინიც ქალაქში იყვნენ. დილის 4 საათი იყო.
ჩემს მეგობარს დავურეკე. მას ორი შვილი ჰყავს. ვუთხარი: წაიყვანე და წადით ქალაქიდან", — ასე დაიწყო ოლეგმა ახალი ცხოვრების ისტორიის თხრობა. ახლის იმიტომ, რომ ომის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
გაქცევა არ უნდოდა და ქალაქში დარჩენა გადაწყვიტა. გეგმავდა ჯარში წასულიყო, თუ ამის საჭიროება იქნებოდა.
1 კვირის შემდეგ ოლეგმა მშობლებს უთხრა, რომ ასე ვეღარ გააგრძელებდნენ და ქვეყნიდან აუცილებლად უნდა გასულიყვნენ. ისინი ბუქარესტში, მეგობრის სახლში გაუშვა, თავად კი კიევში დაბრუნდა.
მსახიობი, აქტივისტი, დიზაინერი
"კიევში პატარა კაფე მაქვს, გავხსენი და ბარმენად ვმუშაობდი. რამდენიმე დღეში მეგობარმა მითხრა, რომ ჯარში მიდიოდა, მაგრამ არაფერი ჰქონდა ერთი ფორმის გარდა. მას სპეციალური აღჭურვილობა სჭირდებოდა.
მე 2 000 დოლარის ოდენობის გრივნა მქონდა და ეს საკმარისი იყო, რომ ყველა საჭირო ნივთი მეყიდა. გრივნა არ დამჭირდებოდა, თუ რუსები შემოვიდოდნენ კიევში, ამიტომ მისთვის აღჭურვილობის ყიდვა გადავწყვიტე".
სოციალურ ქსელში იკითხა, ჰქონდა თუ არა ვინმეს საჭირო ნივთები. შესყიდვაში დახმარება ბევრმა შესთავაზა, ნაწილი კი ეუბნებოდა, რომ ნივთები არა, მაგრამ ფული ჰქონდათ, რომლის მიცემაც შეეძლოთ.
"ხალხი მწერდა, რით შეგვიძლია დახმარებაო. მიგზავნიდნენ უფრო და უფრო მეტ ფულს. მეც დავიწყე უფრო და უფრო მეტი სხეულის დამცავებისა, ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტების ყიდვა. დროთა განმავლობაში დავაორგანიზე სამხედრო ტანსაცმლის წარმოება და ის ამ დრომდე მუშაობს. ახლა ვემზადებით ზამთრისთვის, რადგან უფრო რთული იქნება ზამთრის წყალგამძლე და თბილი უნიფორმების წარმოება. აი, როგორია ახლა ჩემი ცხოვრება".
აქ საუბარი გაწყვიტა, თითქოს თავის მართლებით თქვა, რომ ახლა საქართველოშია, მაგრამ 2 დღეში აუცილებლად დაბრუნდება კიევში, რადგან კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. შემდეგ თავის ბრენდზე Brave +1-ზე გვიამბო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყიდის და ჯარს ეხმარება.
"ეს ტანსაცმელი შეიცავს სამხედრო ფორმის ელემენტებს, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ჯარები ატარებს. ასევე, აქვს სტიკერით ფრაზა "რუსულო სამხედრო გემო იძი ნა ხ*ი".
თავიდან ბრენდი ნაკლებად ცნობილი იყო, რაც წარმოებას ართულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეკვეთები სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს. შემოსულ თანხას ისინი უკრაინის არმიის საჭიროებებზე ხარჯავენ.
ფოტო: BRAVE+1
ფოტო: BRAVE+1
რამდენიმე წუთში ოლეგმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში აუცილებლად დაბრუნდება. არ მიკითხავს, მაგრამ განმიმარტა, რომ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა 5-ჯერ დატოვა, თუმცა ყოველთვის ჩადის უკან.
"ახლაც ვბრუნდები, რადგან უფრო მარტივია იყო ამ სიტუაციაში შენს ხალხთან ერთად. ახლა გავიგე რამდენიმე ამბავი ხარკოვის და ოდესის [დაბომბვის] შესახებ და ჩემთვის რთულია ამ დროს აქ ყოფნა, როცა ასეთი რამ მესმის. ჩემს ხალხთან მინდა ყოფნა ამ სიტუაციაში, მინდა, მათთვის სასარგებლო ვიყო".
კრემლის რუპორები ცდილობენ ქვეყნიდან გაქცეულებად წარმოაჩინონ მომღერლები, მსახიობები და სხვა საჯარო პირები, რომლებიც საყოველთაო მობილიზაციის დროს უკრაინაში არ არიან და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ ქვეყნის მხარდასაჭერად. არადა, ისინი საქველმოქმედო ღონისძიებებს ესწრებიან, დაშავებულებისა და არმიისთვის ფულს აგროვებენ, მათ შორისაა, ოლეგიც. ამიტომ ვკითხე, რას ფიქრობდა ამ პროპაგანდისტულ ნარატივზე.
"რუსები ტყუიან. ახლა აქ ვარ, კიევში რომ ვიყო ვერ გაგიზიარებ, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში და ჩემს ქვეყანაში. უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჩერება მხოლოდ ჩვენს მიწაზე, მაგრამ, საბოლოოდ, რუსეთი მსოფლიომ უნდა შეაჩეროს. ამიტომ უკრაინელებმა მსოფლიოს გარშემო უნდა იარონ და გაუზიარონ ინფორმაცია ყველას — ისევე, როგორც ეს აქცია, რომელიც იმართება ახლა ბათუმში, ცენტრალურ მოედანზე.
მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ ომი ახლაც მიმდინარეობს და თუ უკრაინა წააგებს ამ ომს, ხვალ ისინი აქ, საქართველოში იქნებიან. შემდეგ ბალტიის ქვეყნებში მივლენ, პოლონეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, მთელი ევროპის და ცივილიზაციის ოკუპაციას მოახდენენ. ამიტომ ჩვენი მისიაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩავიდეთ და გავუზიაროთ, რა ხდება ჩვენთან".
"რუსები აქ არიან"
"რუსები აქ არიან. უნდა უთხრათ, რომ თუ არ მოსწონთ, რასაც პუტინი აკეთებს, თუ მხარს არ უჭერენ, წავიდნენ რუსეთში და რამე მაინც გააკეთონ", — ამბობს ოლეგი და თან გზას ვაგრძელებთ. ისევ არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ამ ფრაზებს რუსების უკმაყოფილო მზერები მოჰყვა. მალევე საუბარს მიმართვით ფორმა მისცა:
როცა თქვენ აქ ხართ და ცხოვრებით ტკბებით, იმ მომენტში, როცა გეშინიათ და დუმხართ, ჩვენი ბავშვები და ქალები იღუპებიან, ჩვენი ხალხი კარგავს სახლებს.
თქვენ ამ დროს ისვენებთ, ეს არ არის ნორმალური. თუ ამბობთ, რომ ძმები ვართ, გააკეთეთ რამე, გვაჩვენეთ.
ოლეგი მესაუბრა იმაზეც, რა უნდა გააკეთოს მსოფლიომ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. თქვა, რომ რუსული გაზის ყიდვა ნიშნავს, რუსეთის ხელშეწყობას უკრაინელი ბავშვების დასახოცად.
"რუსები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ დონეცკის და ლუგანსკის გასათავისუფლებლად მიდიან. მაშინ რა უნდათ მათ მარიუპოლში, ხერსონში, ირპენში, ბუჩაში. რატომ ბომბავენ ლვივს, ოდესას? ისინი მატყუარები არიან, არ ენდოთ მათ და დაბლოკეთ ყველაფერი რუსული".
აქვე რუსული კულტურაც ახსენა. როგორც ამბობს, ამ სფეროს წარმომადგენლები მაშინ უნდა გავიხსენოთ, როცა ომი დასრულდება, რადგან ახლა რუსული კულტურა არ ეხმარება ომის შეჩერებას. შემდეგ "ნორმალურ რუსებზე" მესაუბრა, რომლებსაც საქართველოში შეხვდა.
"მათ მითხრეს, რომ ნანობენ იმას, რაც მოხდა უკრაინაში და არ სურთ რუსეთის ნაწილი იყვნენ, ამიტომ გამოიქცნენ საქართველოში. მითხრეს, რომ არ იციან რა ქნან. ვუპასუხე, რომ ხალხი ისევ იღუპება იმის გამო, რომ მათ არ იციან რა გააკეთონ და ეს ყველაფერი მათმა პრეზიდენტმა დაიწყო. მითხრეს, რომ არაფრის გაკეთება შეუძლიათ. არ შემხვედრია აქ რუსი, რომელიც ამბობს, რომ პუტინი მაგარია".
პასუხი პროპაგანდას
ევროპის მოედანს მივუახლოვდით, ოლეგის ყურადღება უკრაინულმა მუსიკამ მიიქცია, რომელიც აქციიდან ისმოდა, მაგრამ საუბარი მაინც გააგრძელა, ამჯერად ჰიბრიდულ ომზე.
"რუსები არ ფიქრობენ, რომ მათი ძმები და დები ვართ. ისინი გვიყურებენ, როგორც მათთან შედარებით "ახალგაზრდებს", მაგრამ ეს დიდი ტყუილია. ისინი უფრო "ახალგაზრდები" არიან, რადგან კიევი გაცილებით უფროსია, ვიდრე მოსკოვი.
რუსული სამხედრო გემი მიდის ნა ხ*ი — აი, რისი თქმა შემიძლია პროპაგანდაზე. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და ჩვენ ვიქნებით თავისუფლები, ისინი არა".
საუბარი იმავე თემით დავასრულეთ, რასაც კაფეში განიხილავდა. მეც მითხრა, რა განასხვავებთ უკრაინელებს რუსებისგან.
ერთი განსხვავება ახსნის ყველაფერს: თუ ჩვენი პრეზიდენტი დაიწყებს ომს რაიმე მიზეზის გამო, მომდევნო დღეს ჩვენ მთავარ მოედანზე გამოვალთ, ის დაახვევს ქვეყნიდან და ჩვენ ბევრ ბოდიშს მოვუხდით იმ ხალხს, დავეხმარებით და გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც შევძლებთ. აი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
"რას აკეთებენ რუსები რეალურად? აწარმოებენ ტანკებს, თვითმფრინავებს და ყიდიან ნავთობს. სხვა რა იცით დიდებულ რუსეთზე? სამზარეულოც კი არ აქვთ, როგორიც თქვენი ხაჭაპური და ხინკალი, ან ჩვენი პელმენი და ბორშია. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ეს ხალხი სულელი თაობაა, რომელმაც თავისი გზა დაკარგა დიქტატორის, ნაბიჭ**რი პუტინის გამო".
აქციაზე მივედით — რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა უკრაინის დროშებით და ანტიოკუპაციური ბანერებით, რუსული აგრესიის შედეგად დაშავებულებისთვის ფულს აგროვებდნენ. ოლეგმა მითხრა, რომ ეს აქცია მისთვის ბევრს ნიშნავდა და უკეთესი იქნებოდა, თუ უფრო მეტი ადამიანი დაუჭერდა მათ მხარს.
"ვხედავ აქ რესტორანში ბევრი ადამიანი ზის და არაფერზე დარდობენ, როცა ომი, შესაძლოა, აქაც მოვიდეს. თქვენ იცით ეს. 30 წლის წინ აფხაზეთი, 14 წლის წინ ოსეთი და თქვენ იცით რას ნიშნავს რუსეთი".
დასასრულს ხმამაღლა მითხრა, რომ ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი უკრაინის ტერიტორიაა და თუ ვინმე, მათ შორის, უკრაინაში სხვანაირად ფიქრობს, შეუძლია რუსეთში იცხოვროს.
"ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, თუ გინდა რუსეთი, წადი რუსეთში, ჩვენ უკრაინა ვართ. სულ ესაა.
31 წლის წინ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და რუსეთი დათანხმდა ამას, მაგრამ შემდეგ თავისი პროპაგანდა და კამპანია დაიწყო, ამიტომ დაახვიონ. ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი დაბრუნდება უკან".
ამ სიტყვების შემდეგ ოლეგი დამემშვიდობა და აქციას შეუერთდა. თანამოქალაქეებთან მივიდა და ტრადიციულად მიესალმა: "დიდება უკრაინას".
"გმირებს დიდება" — უპასუხეს შეკრებილებმა.
რამდენიმე წუთში, სანამ აქციის მონაწილეებს ფოტოებს ვუღებდი, აღმოვაჩინე, რომ ოლეგი უკვე ყველას იცნობდა, ომის ისტორიებზე საუბრობდნენ და ერთმანეთს აქტივობისთვის მადლობას უხდიდნენ.
ცოტა ხანში დროშები დაკეცეს, ტერიტორია დაასუფთავეს და სხვადასხვა გზით წავიდნენ. ოლეგს მომდევნო დღეს მარიუპოლზე ფილმის ჩვენება ჰქონდა დაგეგმილი, რათა ბათუმელებისთვის ომის დანაშაულებზე ეამბო, დანარჩენები კი სხვა აქციისთვის ემზადებოდნენ, რომ უკრაინის გასაჭირზე უფრო მეტი ადამიანისთვის მიეწვდინათ ხმა.
კომენტარები