შემოდგომა მოახლოვდა და სეზონისთვის შესაფერისი შიშის მომგვრელი საყურებლების სიას თუ უკვე ადგენთ, თამამად შეგიძლიათ, მას ლეგენდარული ტიმ ბარტონის გადაღებული სერიალიც მიამატოთ. რეჟისორმა, რომელსაც ჰორორის ჟანრის კლასიკად ქცეული ფილმებით იცნობენ, ამჯერად ადამსების ოჯახის ისტორიის კიდევ ერთხელ გაცოცხლება გადაწყვიტა.

სერიალი, სახელად Wednesday, ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი წევრის, უენსდეი ადამსის, ამბავს მოგვითხრობს. სერიალის სიუჟეტის მიხედვით, მორტიშა და გომეს ადამსების შვილი ნევერმორის აკადემიაში ხვდება, სადაც იგი ზებუნებრივი უნარების დაუფლებასა და თავისი ოჯახის წარსულთან დაკავშირებული მკვლელობის შემთხვევის გამოძიებას ცდილობს.

სერიალის ტრეილერი ნეტფლიქსმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"რა ვიცოდი, რომ კოშმარში შევაბიჯე", — ამბობს პერსონაჟი ვიდეოში, — "კოშმარში, რომელიც იდუმალებით, ქაოსითა და მკვლელობითაა მოცული. მგონი, აქ ყოფნა მომეწონება".

ბარტონის სერიალში მთავარ როლს ჯენა ორტეგა ასრულებს; მორტიშას კეტრინ ზეტა-ჯონსი, გომესს კი ლუის გუსმანი განასახიერებენ. სხვათა შორის, სერიალში ვიხილავთ ქრისტინა რიჩისაც, რომელმაც 90-იანებში გამოსულ და უკვე კლასიკად ქცეულ ფილმში უენსდეის როლი ითამაშა.

ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ტიმ ბარტონი ნეტფლიქსისთვის ადამსების ოჯახის ახლებურ ისტორიას გადაიღებდა.

რეჟისორი აქამდე დიდწილად მხოლოდ ფილმებსა და სრულმეტრაჟიან ანიმაციებზე მუშაობდა. მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად ცნობილია Batman, Edward Scissorhands და Corpse Bride.

უენსდეი ადამსზე გადაღებული 8-ეპიზოდიანი სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. ნეტფლიქსის მომხმარებლები Wednesday-ს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე იხილავენ.