ოდესმე გიოცნებიათ, ეგზოპლანეტისთვის სახელი დაგერქმიათ? ახალი კონკურსი ამის საშუალებას გაძლევთ
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) ორგანიზებით ახალი კონკურსი, სახელად NameExoWorlds 2022 ტარდება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ეგზოპლანეტებსა და ვარსკვლავებს სახელი დაარქვათ. თუმცა ეს ყველაფერი არაა — ამ ციურ სხეულებს, არც მეტი, არც ნაკლები, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი შეისწავლის, რომლისთვისაც ისინი პირველი ასეთი სამიზნე ობიექტები იქნება.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კონკურსი პირველად არ ტარდება. მსგავსი შანსი საზოგადოებას 2015 და 2019 წლებშიც მიეცა, რაშიც მონაწილეობა 100-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებმა ათასობით ადამიანმა მიიღო. ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ციური სხეულის სახელდებაში არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ მოყვარული ასტრონომები, მასწავლებლები, მოსწავლეები და უბრალოდ კოსმოსით დაინტერესებული პირებიც ჩაერთონ.
აქამდე აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რიცხვი (რომელთა არსებობაც დადასტურებულია) 5 000-სს აჭარბებს. ასე ეწოდება პლანეტებს, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარეობს. ბევრი მათგანის სახელი ამჟამად მხოლოდ ციფრებისა და ასოების კომბინაციებით შემოიფარგლება. მათ შორისაა ის 20 სისტემა (ვარსკვლავი/ეგზოპლანეტა), რომელსაც ახალი კონკურსის ფარგლებში სახელი ჩვენ უნდა შევურჩიოთ (სრული ჩამონათვალის სანახავად, დააჭირეთ აქ).
მონაწილეობის მისაღებად, უნდა შეიქმნას გუნდი, რომელიც სასურველ სახელებს მოიფიქრებს და ეგზოპლანეტებთან, მათ მნიშვნელობასთან, იქ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობასთან და სხვა ამგვარ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციულ ღონისძიებას დაგეგმავს/განახორციელებს. ბოლოს, აუცილებელია, სპეციალური ფორმის შეავსება.
თითოეული ქვეყნიდან ერთი გუნდი შეირჩევა, 2 სათადარიგო კანდიდატით. ყურადღება მიექცევა სახელების აღწერასა და მნიშვნელობას, ასევე, ჩატარებულ აქტივობებს. შეთავაზებული სახელები უნდა იყოს კულტურული, ისტორიული, გეოგრაფიული თუ სხვა გამორჩეული მნიშვნელობის მქონე (ადამიანების, მოვლენების, ადგილების შესაბამისი) ან ასტრონომიასთან დაკავშირებული (მაგალითად, იმ თანავარსკვლავედთან, რომელშიც კონკრეტული სისტემაა განლაგებული). მოთხოვნაა, რომ სახელების წყვილები (ვარსკვლავისა და მისი ეგზოპლანეტის) საერთო თემატურ ჭრილში ერთიანდებოდეს, გარკვეულ ლოგიკას ეფუძნებოდეს და ლათინური ასოებით იყოს წარმოდგენილი (კრიტერიუმების სრულად სანახავად, გადადით ამ ბმულზე).
გუნდმა საკუთარ ენაზე უნდა მოამზადოს მაქსიმუმ 3-წუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო და მას თან დაურთოს ინგლისურ ენაზე დაწერილი აღწერითი ტექსტი, მაქსიმუმ 300-სიტყვიანი. განაცხადების შეტანა 11 ნოემბრამდე შეგიძლიათ, გამარჯვებულების ვინაობა კი 30 მარტს გახდება ცნობილი.
კომენტარები