ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ორიონის ნისლეულის შთამბეჭდავი სურათი გადაიღო
ორიონის ნისლეული ამავე სახელწოდების მქონე თანავარსკვლავედში მდებარეობს და ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი რეგიონია. ეს გახლავთ ვარსკვლავთაშორისი მტვრისა და აირისგან შემდგარი სქელი ღრუბლები, რომლებშიც მნათობები წარმოიქმნება.
ის ასტრონომიული დაკვირვებების ობიექტი ხშირადაა და ასტროფოტოგრაფთა საყვარელი სამიზნეცაა, თანაც 24 სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული ამ არეალის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი. ეს ნისლეული ჩვენი მზისგან დაახლოებით 1 344 სინათლის წლითაა დაშორებული (კოსმოსური მასშტაბებით, საკმაოდ მცირე მანძილით), რაც მნათობების ფორმირების ახლოდან შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
ამას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიც ცდილობს, რომელმაც ახლახან ორიონის ნისლეულის შთამბეჭდავი სურათი გადაიღო.
ფოტოზე აირის სტრუქტურებს ვხედავთ, რომელთა წარმოშობაც ვარსკვლავ IX Ori-ს უკავშირდება. გარშემო არსებულ მატერიასთან მისი ურთიერთქმედების შედეგად გაჩენილია HH 505, ის, რასაც ჰერბიგ-აროს ობიექტებს უწოდებენ. მათი ფორმირებისთვის, პირველ რიგში, ახალგაზრდა მნათობია საჭირო, რომელიც მოლეკულური ღრუბლების კოლაფსისას იბადება. მატერიის შთანთქმის პროცესში მისი პოლუსებიდან პლაზმის მძლავრი ნაკადები გამოიყოფა. მაგნიტური ველის ხაზები ამ დროს აჩქარებს ნაწილაკებს, რომლებიც გარემომცველ აირს წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობისას ეჯახება და სიკაშკაშეს იწვევს.
ჰაბლის ახალ გამოსახულებაზე სწორედ ასეთი სტრუქტურები ჩანს, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლება. ეს შესაძლებელს ხდის, რომ ვარსკვლავის მიერ ღრუბლიდან მატერიის გაფანტვის პროცესს დავაკვირდეთ, რაც მის გასაზრდელად საჭირო აირის მარაგსაც განსაზღვრავს.
ჰაბლის ზემოხსენებული სურათი შეგიძლიათ სხვადასხვა ზომაში ამ ბმულზე იხილოთ და გადმოწეროთ.
კომენტარები