ჯაჭვის პერანგით ოჯახის სიწმინდის დასაცავად
ბავშვები სცენაზე, ლექსები, სიმღერები, ნაციონალური სამოსითა და საბრძოლო ჯაჭვის პერანგებით შემოსილი აქციის მონაწილეები, და ბოლოს, მსვლელობა ხატებით სამებისკენ, პატრიარქის ლოცვა და ქადაგება - ასე აღნიშნა მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა 17 მაისი, დღე, რომელიც საპატრიარქომ რამდენიმე წლის წინ ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა.
ოჯახის სიმტკიცის აქციის მონაწილეებმა შეკრება თბილისის სხვადასხვა წერტილში დილის ცხრა საათიდან დაიწყეს. მონაწილეები ერთდროულად იკრიბებოდნენ ფილარმონიის, ოპერის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან, ასევე, ვარდებისა და თავისუფლების მოედნებზე. მთელი აქციის განმავლობაში მუსიკა და სიტყვით გამოსვლები ერთმანეთს ენაცვლებოდა.
ფილარმონიასთან მისული მოქალაქეების ნაწილმა შეკრებიდან მალევე ლოცვა დაიწყო, ნაწილმა კი - ჰომოფობიური გამონათქვამებით გამორჩეულ ტელეწამყვანთან, გურამ ფალავანდიშვილთან ერთად დღის გეგმების დასახვა. მოსვლიდან მალევე ფალავანდიშვილმა შეიტყო, რომ სიძულვილის წინააღმდეგ აქცია მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ადგილზე იმართებოდა. აქცია-ლოცვის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ფალავანდიშვილი და ათამდე პირი მთავრობის კანცელარიისკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრნენ.
მცირერიცხოვანი ჯგუფი ჟურნალისტების ნაწილთან ერთად გაემართა კანცელარიისკენ. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში აქციის მონაწილეებმა არაერთხელ დარეკეს და შეატყობინეს ადრესატს გადაადგილების მარშრუტი და მიზეზი. პირველი, დაახლოებით ორწუთიანი შესვენება ოპერასთან იყო, შემდეგი და შედარებით ხანგრძლივი - პარლამენტის შენობასთან.
პარლამენტის შემდეგ ჩიტაძის ქუჩის გავლით, ჟურნალისტები, აქციის მონაწილეებთან ერთად, იმ ქუჩას მივუახლოვდით, სადაც მთავრობის კანცელარია მდებარეობს. ინგოროყვას ქუჩა პოლიციელებს ჩვენს მისვლამდე რკინის ჯებირებით უკვე გადაკეტილი ჰქონდათ. ჯებირების ერთ მხარეს პოლიციის თანამშრომლები იდგნენ, მეორე მხარეს კი ოჯახის სიწმინდის დასაცავად შეკრებილი ადამიანები და ჟურნალისტები. პოლიცია სპეციალური ნებართვის გარეშე არავის აძლევდა ჯებირის გადაკვეთის საშუალებას, თუმცა, იყვნენ გამონაკლისებიც, მაგრამ არა - ხშირი. სამართალდამცავების ნაწილმა ჯებირთან ახლოს მდგომი ჟურნალისტების გამოკითხვა დაიწყეს, ვინ იყვნენ და რომელ მედიას წარმოადგენდნენ, მოგვიანებით კი შესაბამისი დოკუმენტის ჩვენებაც ითხოვეს.
ოჯახის სიწმინდის დასაცავად კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებს არ უცდიათ ჯებირების გადალახვა, თავის მხრივ, სამართალდამცავებს კი - ძალის გამოყენება. აქ შეკრებილებს შორის იყო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი, მამა დავით ქვლივიძე. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას მართავენ, თავიანთ რელიგიას შეურაცხყოფდნენ. ამ საკითხზე ქვლივიძე დისკრიმინაციულ კონტექსტში საუბრობდა:
"აი ისინი, დროშებს რომ აფრიალებენ, ცისარტყელას დროშებს, მარტო ეს ცისარტყელას დროშა არის შეურაცხყოფილი, ღმერთმა გარყვნილი, სოდომური ცოდვის გამო დაუშვა წარღვნა და შერიგების ნიშნად ცაზე ცისარტყელა გააჩინა. ცისარტყელა ეს არის ღმერთის შერიგება ცოდვა-მონანულ კაცობრიობასთან, ამათმა აიღეს ეს და თავის დროშად გაიხადეს, დაგვცინიან, რელიგიური შეურაცხყოფაა, არამარტო ქრისტიანების, ყველასი".
სიძულვილის წინააღმდეგ გამართული აქციის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირები მოიხსნა, ოჯახის სიწმინდის დასაცავად შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა კი პარლამენტთან გადაინაცვლა, სადაც ისევ გრძელდებოდა მუსიკით გაფორმებული აქცია.
აქციის მონაწილეების ნაწილი On.ge-ს კითხვაზე, რატომ არიან აქციაზე მისულები, არაერთგვაროვნად პასუხობდნენ. ზოგი ამბობდა, რომ ოჯახის დასაცავად იყო და უნდა იბრძოლონ, ზოგი კი ამბობდა, რომ მოსალოცად მივიდა.
„დიდი დღე არის, ბედნიერი დღე არის, უმნიშვნელოვანესი დღე არის. იმიტომ, რომ საქართველოში ოჯახის სიწმინდე და ოჯახის სიმტკიცე იყო ერთ-ერთი უპირველესი და დღეს ჩვენც მოვლენილი ვართ, რომ გავაგრძელოთ. ეს არის უპირველესი - ოჯახის სიმტკიცე, რომელმაც უნდა განაპირობოს ქვეყნის სიმტკიცე,“ - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სასულიერო პირი, რომელიც აქციაზე იყო მისული ამბობდა, რომ 10-17 მაისი საქართველოში ეკლესიის მიერ დაწესებული კვირეულია.
„ასევე დღევანდელი დღე დაწესდა ოჯახის სიწმინდის დღედ. ნიშნად იმისა, რომ ოჯახის სიწმინდე და ერთიანობა გახლავთ სახელმწიფოს საძირკველი და საფუძველი და სჭირდება ოჯახებს დალოცვა, გამხნევება იმისთვის, რომ დემოგრაფიული პრობლემებითაც, სიყვარულითაც და ერთობით განამტკიცონ ქვეყანა,“ - განაცხადა სასულიერო პირმა.
სამღვდელოება მრევლთან და ჩოხოსნებთან ერთად ვარდების მოედანზე შეიკრიბა და ხატებით ხელში, მუსიკის ფონზე, მსვლელობით, რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.
ვარდების მოედნიდან წასულ აქციის მონაწილეებს გზაში შეუერთდა ოპერასთან, პარლამენტთან და პუშკინის სკვერში მყოფი ხალხი, რომლებიც იქ ღონისძიებებს ესწრებოდნენ.
ოჯახის სიმტკიცის დაცვისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა პარლამენტარმა გიორგი ასანიძემ. როგორც მან On.ge-ს უთხრა, ის აღნიშნულ მსვლელობაში ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დასაცავად ჩაერთო:
ასანიძემ იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებიც თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ აზრს 17 მაისს და ვერ იკრიბებიან თავისუფლად თავიანთი უფლებების დასაცავად:
"მე ვფიქრობ, რომ ყველა გამოდის საჯაროდ და არ აქვს პრობლემა, უბრალოდ შემდეგ რეაქციაა არაადეკვატური. ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ".
აქციის ბოლოს, მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში ავიდნენ, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ იქადაგა.
სამებაში მისულებს დაურიგეს საპატრიარქოს მიერ გამოცემული ჟურნალი "ბედნიერი ოჯახი", სადაც მოცემულია პატრიარქის რჩევები ოჯახთან და წყვილის ურთიერთობასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისის აქცია მღვდლებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ნაწილმა დისკრიმინაციული მოტივებით დაარბია, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საწინააღმდეგოდ, 2014 წელს, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს სასულიერო პირები მრევლთან ერთად ხატებით მსვლელობას მართავენ
კომენტარები