აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ "აუდიტორიის გარეშე"
"თუ რამე მოხდა, ჯერ მე მირეკავ, მერე სახალხო დამცველთან ან 112-ში. ეს აიღე და არ დაკარგო," - მეუბნება სტელა და ხელში ფურცელს მაჩეჩებს, რომელზეც შვიდი სხვადასხვა ნომერი წერია. თან მაფრთხილებს, რომ აუცილებლად დავემორჩილო პოლიციის მოთხოვნებს. ირგვლივ სამართალდამცავები, მათი მანქანები და მიკროავტობუსები დგანან. დილის ცხრა საათია. აქცია ათზეა დაგეგმილი.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნავენ. 2013 წელს, ლგბტ თემის რამდენიმე წევრის მიმართ მასობრივი ძალადობის შემდეგ, როცა სახელმწიფომ ვერ შეძლო აქციის მონაწილეთა დაცვა, ოთხი წელი გავიდა. 2013 წლის შემდეგ მსგავსი მასშტაბის აქცია ლგბტ ორგანიზაციებმა პირველად გამართეს.
კვალის არევა "მდევრისთვის"
14 მაისს, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი წერდა, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მთავრობასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, სახელმწიფოსგან მივიღეთ გარანტია, რომ 17 მაისს უზრუნველყოფს აქციის მშვიდობიანად ჩატარებას" თუმცა, დილით, 10 საათზე და ისიც მხოლოდ ერთი საათით.
უსაფრთხოების ზომები მკაცრია: წინასწარ დარეგისტრირებული დემონსტრანტები ორ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ. ისინი პოლიციის ავტომობილების თანხლებით, სახელმწიფოს მიერ სპეციალურად გამოყოფილო მიკროავტობუსებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შემოვლითი გზებით მიიყვანეს. მეტრო 300 არაგველიდან მთავრობის კანცელარიამდე პოტენციური მდევრისთვის კვალის არევის მიზნით სიარულ 40 წუთზე მეტი დასჭირა. დანიშნულების ადგილზე მშვიდობით მივედით.
აქციის მონაწილეებისთვის 17 მაისი მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები, ინტერსექსები და ქვიარები მათ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და უბრალოდ მხარდამჭერებთან ერთად ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის საბრძოლველად გამოდიან.
"დღევანდელი დღის მნიშვნელობა არის ის, რომ გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება ძალადობასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც საზოგადოება ვერ ხედავს. ვერ ხედავს იმ საშინელ, უბედურ მდგომარეობას, რომელშიც ლგბტ ადამიანები არიან - ცემა, დაცინვა, მუქარა, ფსიქოლოგიური ძალაობა, სახლში გამოკეტვა, სამსახურში არ მიღება და უამრავი სხვა საკითხი," - On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის წევრი, ლევან ბერიანიძე.
ლგბტ უფლებათა აქტივისტის, გიორგი კიკონიშვილისთვის 17 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე საქართველოს ისტორიაში. მისი თქმით, ამ დღეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დაუპირისპირდა საკუთარ თანამოქალაქეებს:
"სახელმწიფო, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაცია და ეკლესია დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, რაც ძალიან მძიმე იყო გადასახარშად, თუმცა ჩვენ არც დავნებებულვართ და არც ვაპირებთ დანებებას, აუცილებლად ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა, პირველ რიგში, თანასწორობის მისაღწევად და იმ უსამართლობის აღმოსაფხვრელად, რაც ახლა ხდება ჩვენს გარშემო."
"უსაფრთხოების კონსპირაციული ღონისძიებები"
აქციის ჩატარების ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა ბევრი აქტივისტისთვის. დემონსტრაციის თარიღი და დრო არ იყო დაანონსებული, ორგანიზატორებს მისი მოწყობა მალულად, შეზღუდულ პირობებში მოუხდათ. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, გიორგი გოცირიძე ამბობს, აქციის ჩატარების ასეთი ფორმა კარგად ახდენს იმ ჰომოფობიის დემონსტრირებას, რაც საქართველოში არსებობს:
"უსაფრთხოების კონსპირაციული ღონისძიებებით მოგვიყვანეს, შეზღუდული ვართ დროში იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები ამ აქციაზე. და ასევე, უსაფრთხოების იმავე ზომების გამოყენებით მოგვიწევს უკან წასვლა."
ფოტო 1: გვანცა ნემსაძე / On.ge
თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენლის, ლევან ბერიანიძის თქმით, მათ ნახევრად გასაიდუმლოებულ პირობებში მოუწიათ შეკრება. მისივე თქმით, ის, რომ შეკრება მოხდა დილის 10 საათზე, მხოლოდ ერთი საათით, კანცელარიასთან და არა რუსთაველის გამზირზე, მიუთითებს, რომ ლგბტ ადამიანებს და მათ მხარდამჭერებს რეალურად არ აქვთ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება:
"ფაქტიურად ამ აქციას აუდიტორია არ ჰყავს, რადგან მოქალაქეები ახლოს ვერ მოდიან. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენი რამხელა აგრესია და სიძულვილია დაგროვილი ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ამ შეკრების მიზანი, რომ საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და ვუთხრათ, რომ ნუ სძულთ ლგბტ ადამიანები და მიიღოს ადამიანები ისეთები როგორებიც არიან."
"კიდევ ერთხელ გავაცნობიერეთ, რომ სახელმწიფო არ არის მზად უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ უზრუნველყოს ბუნებრივი, ნამდვილი გამოხატვის თავისუფლება," - ამბობს გიორგი კიკონიშვილი. მისი აზრით, დღევანდელი აქცია ძალიან სამწუხარო და სევდიანიც იყო:
"მოგვიწია საოცრად შეზღუდულ პირობებში აქციის ჩატარება, რომელი მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. თუმცა დასაწყისისთვის, ალბათ, ამასაც შეიძლება რაღაც ეფექტი ჰქონდეს იმისთვის, რომ წლიდან წლამდე, მომავალ წელს და შემდეგ წლებში უფრო მეტი ვიფიქროთ ადამიანებმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა თანასწორობაზე, თავისუფლებაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე, და უფრო მეტად თავისუფლად და დამოუკიდებლად შევძლოთ შეკრება და ჩვენი გამოხატვის უფლების განხორციელება."
"ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას!"
აქცია მთავრობის კანცელარიასთან მასშტაბური არა, მაგრამ საკმარისად ხმაურიანი იყო იმისთვის, რომ შენობაში მყოფებს კარგად გაეგოთ მოწოდება "გამოიძიეთ!"
აქტივისტების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, სწორედ ლგბტ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებების ეფექტიანი გამოძიება იყო. სიტყვით გამოსვლისას აქტოვისტმა ნათია გვიანაშვილმა მოკლული ტრანსგებდერი ქალები გაიხსენა:
"საბი და ზიზი მოკლეს ძალადობრივად, მოკლეს სასტიკად. სახელმწიფოს მხრიდან გამოძიება ეფექტიანად არ წარიმართებოდა. არ მოხდა იმის გამოკვლევა სათანადოდ, თუ რამდენად იყო, ან არ იყო ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ბიანკა, რომელიც შეიწირა იმ სოციალურ-ეკონომიკურმა გარემომ, რომელშიც ტრანსგენდერ ქალებს, ასევე ბევრ გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ ადამიანსაც უწევს ჩვენთან ცხოვრება. სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩვენ მიმართ გრძელდება და გარკვეულ პერიოდში მატულობს კიდეც, სახელმწიფოს კი არ აქვს მრავალმხრივი მიდგომა ამ დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაქციისკენ. გამოიძიე! ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოებას! ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას!"
არანაკლებ ხმაურიანი და ემოციური იყო კიდევ ერთი აქტივისტის, ემზარ კვარაცხელიას გამოსვლა, რომელმაც ლგბტ პირთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართა:
"რამდენჯერაც ჩემი მეგობრები და ჩემს გარშემო მყოფი ჰეტეროსექსუალები ცხვირწინ ამიფრიალებენ საკუთარ ორიენტაციას, მანამდე მეც ცხვირწინ ვუფრიალებ ჩემს ორიენტაციას. ჩვენ ერთად დგომით გადავრჩით. ჩემი ოჯახის წევრებს ვუთხარი - რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი სიყვარული, რომელი უფრო ძლიერია, ჩვენი სიყვარული, თუ რას იტყვის ხალხი?
რა თქმა უნდა, ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა და ჩვენმა ერთად დგომამ გაიმარჯვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთად დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამიტომ ვამბობ, რომ ქამინგ აუთის (სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება) მნიშვნელობა არის ძალიან სპეციფიკური თემა, მაგრამ ქამინგ აუთი არის ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს. მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომელიც შოუებში ხედავს ლგბტქი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსი) ადამიანს. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომელიც დღეს გვიყურებს აქციაზე და გვხედავს ჩვენ: სანამ გაიფიქრებთ, რომ ასეთი შვილი მუცელში უნდა მომკვდარიყო, დაფიქრდით, იქნებ თქვენი შვილიც არის იგივე ორიენტაციის. დაფიქრდით, სანამ ატკენთ თქვენს მეგობრებს, გარშემო მყოფებს. ვისურვებ, რომ ერთად ვიდგეთ და მომავალ წელს არ დაგვჭირდეს კორიდორებით შემოკავებულ ტერიტორიაზე დგომა. პირიქით, ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსთაველზე ჩაივლის ოჯახის სიწმინდის დღის დაცვის მიზნით, ჩვენთან ერთად იდგეს და ჩვენც მათთან ერთად დავიცავთ ჩვენი ოჯახის სიწმინდის დღეს. ჩვენი ოჯახიც ისეთივე წმინდაა, როგორიც მათი".
აქციის მონაწილეთა უსაფრთოხებაზე, ღონისძიების დაწყებიდან დასრულებამდე, ათეულობით პოლიციელი იცავდა, ისინი არ აძლევდნენ საშუალებას სასულიერო პირებსა და უცხო პირებს, მიახლოებოდნენ მათ. საინტერესო იყო ის დეტალიც, რომ როდესაც ჟურნალისტები ტრანსგენდერ ქალებს ფოტოებს ვუღებდით, პოლიციელთა ნაწილს, რომელიც მათ ზურგს უკან იდგა და აქციას იცავდა, თავი ჩაღუნული ჰქონდა, ზემოთ კი მხოლოდ იმ დროს აიხედეს, როცა რეპორტიორები გადაღებას მორჩნენ.
აქციიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, რუსთაველის გამზირზე, სასულიერო პირები პარალელურ რეჟიმში აღნიშნავდნენ ოჯახის სიმტკიცის დღეს, თუმცა, ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ. მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისის აქცია მღვდლებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ნაწილმა დისკრიმინაციული მოტივებით დაარბია, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საწინააღმდეგოდ, 2014 წელს, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს სასულიერო პირები მრევლთან ერთად ხატებით მსვლელობას მართავენ.
კომენტარები