ლიტოდისეა — ახალი ლიტერატურული მოგზაურობა დაიწყო
2016 წლიდან უამრავმა ქართველმა მკითხველმა დიდი ლიტერატურული მოგზაურობა წამოიწყო და წიგნების სერია "ლიტერატურული ოდისეის" საშუალებით 29 ეროვნების 57 ავტორის 76 ნაწარმოები აღმოაჩინა.
ექვსი წლის განმავლობაში ეს სერია ლიტერატურის მოყვარულებისთვის იყო უნიკალური შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხის თარგმანებითა და დახვეწილი დიზაინით გასცნობოდნენ როგორც აქამდე კარგად ნაცნობი მწერლების ნაწარმოებებს, ისე მანამდე მათთვის უცნობი ავტორების შემოქმედებას და სასიამოვნოდ გაოცებულიყვნენ, როგორც ეს მოულოდნელობებით აღსავსე ნამდვილ მოგზაურობას შეეფერება.
ახლა კი ეს დაუვიწყარი ლიტერატურული თავგადასავალი ახალ სტარტს იღებს: სერია, შემოკლებული სახელწოდებით "ლიტოდისეა", ერთგულ მკითხველს ახალ-ახალი ავტორებითა თუ წიგნებით და განახლებული დიზაინით კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილებზე ღუზის ჩაშვებას ჰპირდება.
ამ სერიის საფირმო ნიშანი ყოველთვის იყო თემატური ილუსტრაციებით დახვეწილად გაფორმებული ყდები, რომლებიც თვალს კი არ ატყუებდა, არამედ მაშინვე შესაბამისად განაწყობდა იმ თავბრუდამსხმელი გამოცდილებისთვის, რომელიც თითოეული წიგნის პირველივე გვერდის გადაშლისთანავე იწყებოდა. ამიერიდან კი განახლებულ დიზაინს კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი ემატება — ყდაზე მთარგმნელის მითითება, რაც, ერთი მხრივ, მთარგმნელების მიერ გაწეული შრომის კიდევ უფრო მეტად დაფასებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, მკითხველებს თარგმანზე გარკვეული წარმოდგენის შექმნას გაუმარტივებს.
ლიტოდისეის ახალი ამბიციური მარშრუტის პირველი თვალწარმტაცი სიახლეები ასეთია:
1. კატია პეტროვსკაია — ალბათ ესთერი
მაია ბადრიძის თარგმანი
ლიტოდისეის მკითხველი გერმანულენოვანი ლიტერატურის მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორის — კატია პეტროვსკაიას შემოქმედებას გაეცნობა, რომლის სადებიუტო წიგნი ალბათ ესთერი გერმანიაში ბესტსელერი გახდა და ინგებორგ ბახმანის პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაც გადაეცა.
დოკუმენტური პროზის ამ თვალწარმტაც ნიმუშში უკრაინული წარმოშობის პეტროვსკაია თავისი წინაპრების დაკარგული მოგონებების აღდგენას ცდილობს და ასე მთელი მეოცე საუკუნის ისტორიას აცოცხლებს. ამ წიგნს გერმანული ენის საჩუქრად მოიხსენიებენ ხოლმე და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაია ბადრიძის თარგმანით ეს გამოცემა ქართული ენისთვისაც დიდი საჩუქარი იქნება.
2. ხორხე ლუის ბორხესი— ფიქციები და ქვიშის წიგნი
დოდო ყვავილაშვილის თარგმანი
ესპანურენოვანი ლიტერატურის ისეთ გამორჩეულ ავტორს, როგორიც ხორხე ლუის ბორხესია, მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც იმდენად კარგად იცნობენ, რომ უდავოა, ამ ახალ გამოცემას ქართულენოვანი მკითხველები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდებიან. ფიქციებს ბევრი ბორხესის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევს: ამ კრებულში გაერთიანებულია 16 მოთხრობა, რომლებშიც ამ ავტორის ოსტატობა და უნიკალური ხელწერა ყველაზე თვალნათლივ იკითხება. მათ შორის პირველი – ტლონი, უქბარი, ორბის ტერციუსი – ცნობილმა ნორვეგიელმა მწერალმა კარლ უვე კნაუსგორმა (ავტორი რომანისა ჩემი ბრძოლა) შეაფასა, როგორც "საუკეთესო მოთხრობა, რაც კი ოდესმე დაწერილა".
მართალია, ფიქციებს ლიტერატურის კრიტიკოსები ხშირად ბორხესის magnum opus-ად მიიჩნევენ, მაგრამ თავად ავტორს თავის შემოქმედებაში საუკეთესო ნამუშევრად ქვიშის წიგნი მიაჩნდა, რომელიც უკვე მთლიანად უსინათლომ დაწერა და 1975 წელს გამოაქვეყნა. მეტიც, ამ კრებულში შესულ ერთ-ერთ მოთხრობაზე, კონგრესი, ბორხესმა თქვა: "თუ ჩემი ყველა მოთხრობიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა მომიწევდა, ალბათ ის კონგრესი იქნებოდა, რომელიც ყველაზე მეტადაა ერთდროულად ავტობიოგრაფიისა და ფანტაზიის ნაყოფი".
ამ არგენტინელი გენიოსის არაერთი წიგნი თარგმნილა აქამდე ქართულად, მაგრამ ამჯერად მისი ორი უმნიშვნელოვანესი კრებულის ორიგინალი ენიდან თარგმანს გავეცნობით ლიტოდისეაში.
3. თომას ბერნჰარდი — დაღმამავალი
მაია ფანჯიკიძის თარგმანი
ლიტოდისეაში ესპანურენოვანთან ერთად გერმანულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ავტორის — თომას ბერნჰარდის წიგნი დაღმამავალი გამოვიდა, რომელიც ამ ავსტრიელი მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. ბერნჰარდის ასევე გახმაურებული რომანი ტყის ჩეხა სულაკაურის გამომცემლობამ 2020 წელს გამოსცა და ის ქართველმა მკითხველმა დიდი ინტერესით მიიღო: წიგნი ახალი ტირაჟით გამოიცა. შესაბამისად, ეს განსაკუთრებული სიახლე იქნება იმ მრავალი მკითხველისთვის, რომლებიც თომას ბერნჰარდის დახვეწილი წერის სტილით უკვე მოიხიბლნენ, სხვებს კი შესაძლებლობა ეძლევათ, მეოცე საუკუნის ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემოქმედი აღმოაჩინონ, რომელსაც ხშირად ბეკეტისა და დოსტოევსკის ადარებენ.
4. მაია ლუნდე — ფუტკრების ამბავი
თამარ კვიჟინაძის თარგმანი
უკვე კლასიკოსებად ქცეულ ავტორებთან ერთად ლიტოდისეა იმ თანამედროვე შემოქმედებსაც აერთიანებს, რომლებმაც დროის მცირე მონაკვეთში მოიხვეჭეს სახელი და სამომავლოდ ლიტერატურის ისტორიაში გამორჩეული ადგილის დამკვიდრების დიდი პოტენციალი აქვთ. მათ შორის ერთ-ერთია ნორვეგიელი მაია ლუნდე, რომლის 2015 წელს გამოქვეყნებული რომანი ფუტკრების ამბავი დღევანდელობის, ალბათ, ყველაზე მასშტაბურ და მწვავე პრობლემას — კლიმატის ცვლილების თემას ეხება. სამ სხვადასხვა დროსა და ადგილას მცხოვრები სამი ოჯახის ყოველდღიური რუტინის პარალელურად პლანეტაზე მიმდინარე ცვლილებების აღწერამ ბევრს შეიძლება დევიდ მიჩელის ცნობილი რომანი ღრუბლების ატლასი მოაგონოს.
5. განახლებული გამოცემები
გარდა სულ ცხელ-ცხელი სიახლეებისა, სულაკაურის გამომცემლობა თავის ერთგულ მკითხველებს ასევე სთავაზობს იმ ცნობილი ნაწარმოებების ხელახალ გამოცემებს, რომლებმაც უკვე დაიმკვიდრა მრავალი მკითხველის პირად ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილი, ტირაჟი არაერთხელ ამოიწურა და მათ მიმართ ინტერესი კვლავ არ განელებულა: ლიტოდისეის განახლებული დიზაინით კიდევ მრავალ მკითხველს მიეცემა ისეთ მნიშვნელოვან ტექსტებთან გაცნობის შესაძლებლობა, როგორებიცაა ჟოზე სარამაგუს იესოს სახარება, მაქს ფრიშის Homo Faber, უილიამ გოლდინგის ბუზთა ბატონი, ვლადიმირ ნაბოკოვის ლოლიტა, თომას ბერნჰარდის ტყის ჩეხა, ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი და ზიდჰარტა.
ალბათ, უკვე თავადაც დარწმუნდებოდით, რომ ლიტოდისეა კვლავ თქვენი ერთგული მეგზური იქნება მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე.
კომენტარები