6 უცნაურობა, რომელიც ცურვის შედეგად გვემართება
კვლევებით დადასტურებულია, რომ ცურვა ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ის სისხლის წნევაზე, არტერიებსა და სახსრებზე დადებით გავლენას ახდენს, ასევე, სხეულს ცხიმის წვაშიც ეხმარება. ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე უცნაურობაც, რომელიც ცურვის შედეგად გვემართება.
წინამდებარე სტატიაში სწორედ მათ შესახებ მოგიყვებით და გასწავლით, როგორ აიცილოთ ისინი თავიდან.
1. თმის მომწვანო შეფერილობა
ღია ფერის თმის მქონე ადამიანებს, რომლებიც აუზებს ხშირად სტუმრობენ, ალბათ, შემჩნეული ექნებათ, რომ მათი თმა ცურვის შემდეგ მომწვანო შეფერილობას იღებს. ეს იმიტომ, რომ წყალი დაქლორილია, რითაც მავნე ბაქტერიებს ებრძვიან. თუმცა, ის, ასევე, სპილენძთან შედის რეაქციაში, რომელსაც შესაძლოა, მინერალური იონიზატორები შეიცავდეს. მასთან და წყალთან შეხებისას სპილენძი იჟანგება და თმის ღერების ცილებს ებმება, საბოლოოდ კი მომწვანო ეფექტს ვიღებთ.
იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, დაუყოვნებლივ გადაივლეთ წყალი და ნუ დასხდებით მზეზე, რადგან მისი სხივები სიტუაციას გაამწვავებს. საუკეთესო გამოსავალი სპეციალური ქუდის გამოყენებაა, რომელიც ამ ყველაფრისგან დაგიცავთ.
2. ქლორის სუნი კანზე
ცურვის მოყვარულებს ხშირად, აუზზე ვიზიტის მომდევნო დღეებში, კანზე უცნაური სუნი ასდით, რომელიც ოფლის გამოყოფისას ან შხაპის მიღებისას მძაფრდება. ამაშიც ქლორია "დამნაშავე", რადგან ის წყალთან და ბაქტერიებთან/ვირუსებთან შეხებისას უჩვეულო სუნს გამოყოფს. ასეთი მოლეკულები კანის ფორებში ჯდება, რადგან მათ ლიპიდები, ცხიმოვანი ნივთიერებები იზიდავს. ისინი სწორედ ოფლთან ერთად გამოიდევნება, ამიტომ ამ დროს უსიამოვნო სუნი უფრო შესამჩნევი ხდება.
სუნის მინიმუმამდე დასაყვანად, წყალში ნაკლები დრო გაატარეთ და აუზიდან ამოსვლისას ან ყოველ შესვენებაზე შხაპი მიიღეთ. შესაძლებელია დასაბანი გელის ან საპნის გამოყენებაც.
3. მოცურავის მუხლი
ცნობილია, რომ ცურვის დროს სახსრები არ იტვირთება და ის ადამიანის სხეულს აძლიერებს, მეტიც, გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, ისევე, როგორც ყველა აქტივობა, რომელსაც განმეორებითი მოძრაობები ახასიათებს, გარკვეული დაზიანებების რისკს ცურვაც შეიცავს.
ამის მაგალითია მუხლების ანთება, რასაც ერთ-ერთი კვლევაც ადასტურებს. მსგავს პრობლემას "მოცურავის მუხლს" უწოდებენ და ის ხშირად თავს იჩენს ადამიანებში, რომლებიც ბრასის სტილში ცურავენ, რა დროსაც მუხლზე დიდი დატვირთვა მოდის. ასეთი გართულების თავიდან ასაცილებლად სპეციალური ვარჯიშების დახმარებით ბარძაყის კუნთები უნდა გააძლიეროთ, რაც დატვირთვას თეძოებზე გადაანაწილებს ან დროებით ცურვის სტილი შეცვალოთ. თუ ტკივილი ხელახლა იჩენს თავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
4. გადახურება
ცურვისას წყლის ტემპერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებულად ენერგიული მოძრაობებისას, რადგან შესაძლოა, თბილ წყალში სხეული გადახურდეს. ამას ჰიპერთერმია ეწოდება, რომლის თანმდევ პრობლემებს შორისაც კუნთების სპაზმები, გამოფიტვა, გამონაყარი და ე.წ. მზის დარტყმაა.
წყლის იდეალური ტემპერატურა 28-31 გრადუსს შორის მერყეობს. თუ ეს მონაცემი არ გაქვთ, ეცადეთ, საეჭვო სიმპტომებს მიაქციოთ ყურადღება, როგორიცაა სახის, გულ-მკერდის ან ზურგის ზედა მხრის სიწითლე, კუნთების სპაზმი, თავის ტკივილი, დაღლილობა და წყურვილი. ამ დროს უნდა შეისვენოთ და გაგრილდეთ.
5. დანაოჭებული თითები
ალბათ, დაკვირვებულხართ, რომ წყალში დიდი დროის გატარების შემდეგ ხელისა და ფეხის თითები გინაოჭდებათ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი კანი ცხიმს შეიცავს, რომელიც მას გარკვეულწილად წყალგაუმტარს ხდის, მაგრამ აუზში ან ზღვაში დიდხანს ყოფნის შედეგად ეს ცხიმი გამოიდევნება და მისი ეფექტიც ქრება, რასაც კანის დანაოჭება მოჰყვება.
ამაში სანერვიულო არაფერია, რადგან ნაოჭები მალევე ქრება და ცხიმის შემცველობაც ნორმას უბრუნდება.
6. მოცურავის ყური
როდესაც წყალში ბევრ ადამიანთან ერთად იმყოფებით, არის შანსი, რომ რაიმე ვირუსი ან ინფექცია გადაგედოთ. თუ აუზში ქლორისა და pH-ის საჭირო დონე შენარჩუნებული არაა, ეს რისკი იზრდება, სხვა შემთხვევაში კი საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, რომ წყლიდან თქვენს ყურში მავნე მიკროორგანიზმები მოხვდნენ და გამოიწვიონ მდგომარეობა, რომელსაც მოცურავის ყურს უწოდებენ.
მისი თავდაპირველი სიმპტომებია ყურის ქავილი, მცირე სიწითლე მის შიგნით, გამონადენი და დისკომფორტი შეხებისას. დაიმახსოვრეთ, რომ მსგავსი გართულების უყურადღებოდ დატოვება რეკომენდებული არაა, ამიტომ სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიაკითხეთ. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი წყლიდან ამოსვლის შემდეგ ყურები გაიმშრალეთ და შიგნით ჩაგუბებული სითხე თავის გვერდით გადახრით გამოათავისუფლეთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები