7 რჩევა, რომელიც შაკიკის შეტევისას ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ
მოგეხსენებათ, შაკიკის შეტევები საკმაოდ შემაწუხებელია. ამ დროს ბევრი ადამიანი ტკივილის შესამსუბუქებლად მედიკამენტებს იღებს, რომელთა მოქმედებასაც დრო სჭირდება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, სანამ პრეპარატი გვიშველის და როგორ გავხადოთ სიმპტომები უფრო ასატანი?
ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე პასუხს შემოგთავაზებთ და გაგიზიარებთ 7 რჩევას, რომელიც, იმედია, დაგეხმარებათ.
1. გადაინაცვლეთ მშვიდ, ბნელ ადგილას
შაკიკის მქონე უამრავი ადამიანი სინათლისა და ხმაურის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კაშკაშა შუქით გამოწვეული ტკივილი სინათლის სენსორულ უჯრედთა ჯგუფს უკავშირდება, რომელიც ძილ-ღვიძილის ციკლსა და სინათლეზე თვალის გუგების რეაქციას აკონტროლებს.
ასეთი შუქი სწორედ ზემოხსენებულ და ტკივილის სიგნალების გადამცემ უჯრედებს ააქტიურებს, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად, სიბნელესა და სიმშვიდეში ყოფნა, ასევე, ცოტა ხნით წაძინება ტკივილს ბევრად შეგიმსუბუქებთ.
2. კისერზე ან შუბლზე ცივი ან თბილი კომპრესები დაიდეთ
ექიმები შაკიკის მქონე პაციენტებს ურჩევენ, რომ შეტევის დროს შუბლზე ან კისერზე თბილი ან ცივი კომპრესები დაიდონ. აღსანიშნავია, რომ ეფექტიანობით მაინც ცივი კომპრესები გამოირჩევა, რადგან სხვა ნერვულ დაბოლოებებს ასტიმულირებს და ტვინის "ყურადღების ცენტრში" თავის ტკივილის ნაცვლად სწორედ სიცივის შეგრძნებას აქცევს.
კანის დასაცავად, უმჯობესია, ყინულსა და მას შორის ნაჭერი მოათავსოთ. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალურ შეკვრას იყენებთ, დარწმუნდით, რომ არსაიდან ჟონავს, რათა თვალები არ დაიზიანოთ. რაც შეეხება სითბოს, ის კუნთების მოსადუნებლად ძალიან კარგია. შეგიძლიათ თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩაწვეთ ან შხაპი მიიღოთ.
3. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი
ყოველი 3 ადამიანიდან 1, რომელსაც შაკიკთან ერთად უწევს ცხოვრება, ამბობს, რომ თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხშირად დეჰიდრატაცია ხდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის წყალი დალიოთ, რაც შეტევებს ან მათ მწვავე ფორმებს აგაცილებთ თავიდან.
თუ იგრძნობთ, რომ შეტევა გეწყებათ, დაუყოვნებლივ მიიღეთ წყალი, რაც ტკივილის ხანგრძლივობას შეამცირებს. შეგიძლიათ, სითხეს ლიმონი ან ხილის წვენი დაუმატოთ, რაც მას სასიამოვნო გემოს შესძენს და დალევას გაგიმარტივებთ.
4. დაიზილეთ საფეთქლები
მასაჟის გაკეთება კუნთებს ამშვიდებს და ტკივილს ანელებს, ამიტომ ის ძალიან კარგია შაკიკის დროს. კერძოდ, საუბარია, თითების მსუბუქი მოძრაობით საფეთქლების დაზელაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგი ადამიანი მსგავსი შეტევისას შეხებაზე უარყოფითად რეაგირებს, რამაც შესაძლოა, სიტუაცია გააუარესოს. ამგვარი მგრძნობელობა ხშირია და თმის დავარცხნასაც კი მტკივნეულს ხდის, ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ.
5. სცადეთ მედიტაცია
შაკიკის მქონე 10 ადამიანიდან 9 შეტევების მაპროვოცირებელ ფაქტორად სტრესს ასახელებს. შესაბამისად, მისგან თავის დასაღწევად ეფექტიანია მედიტაცია, რომელიც ყურადღების კონცენტრაციაზეა ორიენტირებული.
იფიქრეთ იმაზე, რაც იმ კონკრეტულ მომენტში ხდება, მაგალითად, სუნთქვაზე. პარალელურად, ეცადეთ, ტკივილი დაივიწყოთ და ყოველ ჯერზე, როცა ყურადღება გაგეფანტებათ, აზრები ისევ კალაპოტში მოაქციოთ.
6. დაყნოსეთ ლავანდას
ლავანდას სუნს ორგანიზმზე დამამშვიდებელი გავლენა აქვს, ასევე, მას სტრესის მოხსნა შეუძლია და შფოთვასა თუ დეპრესიასაც შველის. ამას კლინიკური კვლევაც ადასტურებს. ერთ-ერთი ნაშრომის მიხედვით, შაკიკისთვის ეფექტიანია ლავანდის ეთერზეთი, რომელიც თავის ტკივილს ამსუბუქებს.
7. ვარჯიშისთვის სწორი დრო შეარჩიეთ
შაკიკის შეტევისას ვარჯიში მდგომარეობას გაცილებით გააუარესებს, ამიტომ ამ დროს ფიზიკური დატვირთვისგან თავი უნდა შეიკავოთ. სამაგიეროდ, სხვა პერიოდში მსუბუქი აერობიკა შეტევების რაოდენობის შემცირებაში დაგეხმარებათ. ასევე, ძილის რეჟიმს მოგიწესრიგებთ და სტრესისგანაც გაგათავისუფლებთ.
გაითვალისწინეთ, რომ შაკიკის წინააღმდეგ ხშირად ეს ნაბიჯები არ კმარა და მედიკამენტების მიღებაა საჭირო. თუ მისი სიმპტომები გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები