შფოთვით და პანიკურ შეტევებს ხშირად ერთი და იმავე მნიშვნელობით აღიქვამენ, თუმცა, სინამდვილეში, ეს ერთმანეთისგან განსხვავებული ორი მდგომარეობაა.

პანიკური შეტევა მეტწილად მოულოდნელი ხასიათისაა (არსებობს მოსალოდნელიც) და მძაფრი შიშით, გახშირებულ გულისცემით, ჰაერის უკმარისობით, გულისრევის შეგრძნებით ვლინდება. მისი განმაპირობებელი შესაძლოა, კონკრეტული ფობია გახდეს. რაც შეეხება შფოთვას, მას ხშირად სტრესული სიტუაცია ედება საფუძვლად.

  • საზიარო ნიშნებს შორისაა შიში, აჩქარებული პულსი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხრჩობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, კანკალი, თავის ტკივილი და სხვა, მეტად ფიზიკური სიმპტომები.
  • ემოციურ დონეზე შფოთვას დამატებით მღელვარება, მოუსვენრობა და დარდი გამოარჩევს.
  • პანიკურ შეტევას — სიკვდილისა და კონტროლის დაკარგვის შიში, ასევე, დერეალიზაციისა და დეპერსონალიზაციის შეგრძნება.

ფოტო: verywellmind

გაითვალისწინეთ, რომ:

  • შფოთვა, როგორც წესი, სტრესულ ან სახიფათო სიტუაციასა და გარემოს უკავშირდება, პანიკა კი ხშირად სრულიად მოულოდნელად გვატყდება თავს.
  • პირველი მათგანი სუსტი, საშუალო და მწვავე ფორმითაა გამოხატული, როცა მეორე უფრო მეტად სწორედ მწვავე სახეს იღებს.
  • პანიკური შეტევისას ფიზიკური სიმპტომები ჭარბობს, რადგან ორგანიზმი ერთგვარ ბრძოლის რეჟიმზე გადადის.
  • შფოთვა ეტაპობრივად მძაფრდება, პანიკა კი ერთბაშად გვატყდება თავს.
  • პანიკური შეტევებისას ჩნდება შიში, რომ ეს ისევ განმეორდება, ამიტომ ზოგჯერ ჩვენი ქცევა იცვლება და კონკრეტულ სიტუაციებს თავს ვარიდებთ, სადაც ამის რისკი დიდია,

გამომწვევი მიზეზები

მოულოდნელ პანიკურ შეტევებს მკაფიო გარე მაპროვოცირებელი ფაქტორები არ გააჩნია, ხოლო მოსალოდნელ პანიკურ შეტევებსა და შფოთვას საერთო მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. მათ შორისაა:

  • სტრესული სამსახური.
  • სოციალური სიტუაციები.
  • ფობიები.
  • ტრავმული გამოცდილებებისა და მოგონებების გახსენება.
  • ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი, ასთმა, გულის პრობლემები და ა.შ.).
  • ქრონიკული ტკივილი.
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
  • ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების პროცესი.
  • კოფეინი.
  • მედიკამენტები და საკვები დანამატები.
  • ავტომობილის მართვა.

ფოტო: ted

რისკ-ფაქტორები

შფოთვითი და პანიკური შეტევების პოტენციური რისკ-ფაქტორებია:

  • ტრავმული გამოცდილება ბავშვობაში ან მოზრდილობაში.
  • სტრესული მოვლენა ცხოვრებაში, მაგალითად, ოჯახის წევრის სიკვდილი.
  • სამსახურთან, ფინანსურ მდგომარეობასთან ან კონფლიქტთან დაკავშირებული სტრესი.
  • სიცოცხლისთვის საშიში ან ქრონიკული დაავადების ქონა.
  • შფოთვისკენ მიდრეკილება.
  • სხვა მენტალური აშლილობა.
  • ოჯახის წევრის/ახლობლის ყოლა, რომელსაც შფოთვითი ან პანიკური შეტევები აქვს.
  • ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარება.

გახსოვდეთ, რომ შფოთვითი და პანიკური შეტევების დიაგნოსტირება ძალზე მნიშვნელოვანია. მათ გამოსავლენად სპეციალისტი ფიზიკურ გამოკვლევებსაც ჩაგიტარებთ, რათა გულის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამოირიცხოს. ასევე, ფსიქოლოგიური მდგომარეობის განსასაზღვრად გამოგკითხავთ. დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ექიმი მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ, რომელიც თერაპიასა და მედიკამენტებს შეიძლება მოიცავდეს.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.