იაპონელებმა პლანეტათაშორისი მატარებლისა და ადამიანთა კოსმოსური საცხოვრებლის მოდელი შექმნეს
მთვარეზე გამგზავრება შეუძლებელი აღარაა, მაგრამ მის ზედაპირზე ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ადამიანები ჯერ მზად არ ვართ. თუმცა, თუ გვინდა, პლანეტათაშორისი სახეობები გავხდეთ, იაპონელი მკვლევრების თქმით, მათი ახლად შექმნილი მთვარის ბაზა დაგვეხმარება, რომელშიც ხელოვნური გრავიტაცია მოქმედებს.
გასულ კვირას, კონფერენციაზე, კიოტოს უნივერსიტეტის ექსპერტებისა და სამშენებლო კომპანია Kajima-ის თანამშრომლებმა კონუსის ფორმის მბრუნავი სტრუქტურის მოდელი — შუშის უტოპია წარადგინეს. ამ უტოპიაში ზოგი მცხოვრები შენობის წყლით დაფარულ ტერიტორიაზე ნავით სეირნობს.
გუნდის განცხადებით, 1G მოდელი, რომელიც კაცობრიობის იდენტობას გამოხატავს, ხელოვნური გრავიტაციის ქსელია. "იმ დღის დადგომა, როდესაც ადამიანები იცხოვრებენ ღია კოსმოსში, მთვარესა და მარსზე, გარდაუვალია", — აცხადებენ ისინი.
როგორც DNYUZ იუწყება, მბრუნავი შენობა ერთ ბრუნს 20 წამში ასრულებს. მას "The Glass" ეწოდება და გრავიტაციის იმ დონის შესაქმნელად, რომელსაც ადამიანები არიან მიჩვეულნი, ცენტრიდანულ ძალას იყენებს.
მკვლევრების ამბიციური იდეა ასევე მოიცავს კოსმოსურ მატარებელს, რომელიც დედამიწის მატარებელივით მოქმედებს და, ამავდროულად, ხელოვნურ გრავიტაციას აგენერირებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მატარებლის მარშრუტები მხოლოდ ერთი პლანეტით არ შემოიფარგლება. სანაცვლოდ, გაჩერდება დედამიწაზე, მთვარეზე და მარსზე არსებულ სადგურებზე. სადგურებს შორის გადაადგილებას კი რაკეტის ძრავის გამოყენებით შეძლებს.
მთვარესა და პლანეტებს შორის გადაადგილებისას მატარებლის თითოეული ვაგონი ჰექსაგონურ კაფსულებში იქნება მოთავსებული, რაც მათ კოსმოსური რადიაციისგან დაიცავს.
მკვლევრები აცნობიერებენ, რომ მათი მოდელი ფუტურისტულია და ამბობენ, რომ მისი რეალობად ქცევა XXII საუკუნეში გახდება შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ისინი კოსმოსური მოგზაურობისთვის საკმაოდ საინტერესო და საიმედო მოდელს გვთავაზობენ.
კომენტარები