ქართული ოცნების დეპუტატი ამტკიცებს, თითქოს ანრი ოხანაშვილი კანონის ფარგლებს არ გაცდენია, მიუხედავად იმისა, რომ TV პირველის დამფუძნებელს ხელი დაარტყა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა და ასეულობით ადამიანის გარემოცვაში კრიტიკული მედიის, TV პირველის მფლობელს თავს დაესხა.

  • შემთხვევა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა, სადაც, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი.

მდინარაძე ცდილობს, ოხანაშვილის საქციელი კვლავ პროვოკაციით გაამართლოს. ამბობს, რომ ვერავნ მოითმენდა ამაზრზენ სიტყვებსა და მუქარას.

  • "მეც ჩემს კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში, ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა".
  • "რთული იქნებოდა ესეც კი, იქიდან გამომდინარე, რაც პროვოკატორმა იკადრა, რა სიტყვებიც, ხელ გადახვევით... ერთი წუთით... თუ შეიძლება ბატონო ანრი... რაღაც უნდა გითხრათ... და შემდეგ ჩაჩურჩულება მინიშნებითაც რომ ვერ გავიმეორებ, ისეთი ერთი-ორი წინადადების".
  • "ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა, ამ სამყაროში გაუჭირდება, უკიდურესად გაუჭირდებოდა, თუმცა ანრიმ ამავე დროს მოახერხა, კანონის ჩარჩოებიდან არ გასულიყო".

ოხანაშვილი საკუთარი ქმედებების გამართლებას, ისეთ საკითხებზე აპელირებით ცდილობს, როგორიცაა "ქართველობა" და "კაცობა". ამბობს, რომ მისი ქმედება "პროპორციული" იყო, "ზღვარგადასული არაფერი გაუკეთებია" და წერეთელმა "მიიღო პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".

  • კანონმდებელი ამტკიცებს, რომ ეს იყო თავდასხმა მასზე და "პროვოკაციაზე" უმკაცრეს რეაგირებას ითხოვს.
  • აქვე ის მოითხოვს, წერეთელი ნარკოტიკულ ან ალკოჰოლურ თრობაზე შეამოწმონ.

განმეორებადი მესიჯბოქსი: ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა, როგორც სჩვევიათ, თანაგუნდელის დაცვა დაიწყეს.

  • ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ძალადობის გამართლებას "ადამიანური ფაქტორით" ცდილობს და ამბობს, რომ თუ პროვოკაციაა, ბუნებრივია, "შეიძლება ცუდი რეაქცია მოჰყვეს".
  • ელისო ბოლქვაძემ ოხანაშვილს "უპირობო მხარდაჭერა" გამოუთქვა და რატომღაც დარწმუნებულია, რომ "ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა, მხოლოდ უბინძურესი პროვოკაციითაა შესაძლებელი".
  • ახალი არგუმენტი შემოიტანა გია ვოლსკიმ და სხვა ზემოთჩამოთვლილ ფრაზებს ოხანაშვილის "მეოჯახეობაც" დაამატა: "რას შეეძლო გაწონასწორებული, მეოჯახე, კანონმორჩილი ადამიანი გამოეყვანა წყობიდან, გასაგებია".
  • ოხანაშვილის მსგავსად მოიქცეოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. ამბობს, რომ იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი.

ძალადობა დაგმო ქარტიამ და ქართული ოცნების დეპუტატებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

  • "ყველა დავმუნჯდით", — ასე გამოეხმაურა მომხდარს ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.
  • ლელოს წევრის, დავით უსუფაშვილის გაცხადებით, როგორც კი ხელისუფალი კუნთებზე ყურებას იწყებს, იქ იწყება მისი დასასრულიც.
  • ამავე პარტიის კიდევ ერთ წევრი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ "ოცნების" პრემიერმა ის დაადანაშაულა ღალატში და ამაზე უარესი ვერაფერი იქნება. იქვე დეპუტატი კითხულობს: "მე უნდა მივსულიყავი და მეთხლიშა პრემიერმინისტრისთვის?"