ახალი მიდგომა, შესაძლოა, გადაჭარბებული კვების გაკონტროლებაში დაგვეხმაროს — როგორ
კიოლნის უნივერსიტეტის პრესრელიზის მიხედვით, ამ საგანმანათლებლო დაწესებულების მკველვართა გუნდმა კვებითი აშლილობების მკურნალობისთვის სრულიად ახალი მიდგომა განავითარა, რაც, შესაძლოა, საბოლოოდ დაეხმაროს პაციენტებს ასეთი საზიანო იმპულსების გაკონტროლებაში.
მკვლევრებმა თაგვის მოდელზე აჩვენეს, რომ ჰიპოთალამუსში განლაგებული ნერვული უჯრედების ჯგუფი (ეგრეთ წოდებული AgRP, აგუტისთან დაკავშირებული პეპტიდური ნეირონები) ენდოგენური ლიზოფოსფოლიპიდების გამოყოფას მართავს, რაც, სანაცვლოდ, ცერებრალურ კორტექსში ნერვული უჯრედების აგზნებადობას აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ საკვების მიღებას ტვინის სწორედ ეს ნაწილი ასტიმულირებს.
მეცნიერებმა ასევე დაასკვნეს, რომ ჰიპოთალამუსში განლაგებულ AgRP ნეირონებს, აგზნებულ მდგომარეობაში ყოფნისას, შიმშილის შეგრძნების გამოწვევა შეუძლიათ. კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, AgRP ასევე დაკავშირებულია ტვინში არსებულ ფერმენტთან, რომელსაც აუტოტაქსინი (ATX) ეწოდება.
ინტენსიური კვლევის შემდეგ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვებში აუტოტაქსინის ინჰიბირებით, მათ ცხოველებში საკვების მიღების ძლიერი სურვილის გაკონტროლება შეძლეს.
"გენური მუტაციისა და აუტოტაქსინის ფარმაკოლოგიური ინჰიბირების შედეგად სიმსუქნისა და ჭარბი კვების მნიშვნელოვანი შემცირება ვიხილეთ", — განაცხადა იოჰანეს ფოგტმა, კიოლნის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა.
ამ პროცესში სიგნალის გადაცემის გზის გადამწყვეტ ეტაპს აუტოტაქსინი აკონტროლებს, რომელიც ტვინში ლიზოფოსფატიდური მჟავის (LPA), როგორც ქსელური აქტივობის მარეგულირებლის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი. ამრიგად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ აუტოტაქსინების ინჰიბირებამ, შესაძლოა, ცხოველებში მნიშვნელოვნად შეამცირა როგორც ჭამისგან გარკვეული პერიოდის თავის შეკავების შემდეგ ჭარბი საკვების მიღება, ასევე წონის მატება.
"მონაცემები გვიჩვენებს, რომ ადამიანებში, რომლებსაც სინაპტიური LPA-ის სიგნალების გადაცემის გზა დარღვეული აქვთ, ჭარბწონიანობისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მეტი შანსი არსებობს. ეს კი აუტოტაქსინის ინჰიბიტორის სავარაუდო თერაპევტიული წარმატების ძლიერი მაჩვენებელია. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა ჰანს ნოლის ინსტიტუტთან ერთად, რათა ამ მეთოდის გამოყენება ადამიანებშიც შევძლოთ", — განაცხადა ვილჰელმის სახელობის ვესტფალის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, რობერტ ნიშმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებში ამ მეთოდით მკურნალობაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა კვლევის პირველი შედეგები იმედისმომცემია. ეს კვლევა, შესაძლოა, მიზნობრივი მედიკამენტების გამოყენებით კვებითი აშლილობებისა და სიმსუქნის გაკონტროლების საქმეში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს.
აქამდე არსებული ასეთი მცდელობები, დიდწილად, წარუმატებელი აღმოჩნდა. ახალი მიდგომა კი, შესაძლოა, სხვადასხვა ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების მკურნალობაშიც დაგვეხმაროს.
მკვლევრები ახლა მომავალში ჭარბწონიან ადამიანებზე დასატესტად აუტოტაქსინის დაბლოკვის წამლებზე მუშაობენ. კვლევაში მონაწილეობის მსურველთა საპოვნელად კი მათ ბევრი ძებნა არ მოუწევთ.
რობერტ კოხის ინსტუტუტის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, გერმანიაში კაცების 67% და ქალების 53% ჭარბწონიანია, მოსახლეობის 23% კი სიმსუქნის ზღვარს მიღმაა. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ სიმსუქნეს შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას.
ასევე იხილეთ: ჭარბი წონა ყოველწლიურად ევროპაში 1.2 მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს — WHO-ს ახალი ანგარიში
კომენტარები