"არ იცოდა, რომ კვდებოდა" — ამბავი ქალისა, რომელმაც მომაკვდავი ანა ფრანკი ნახა
ირმა ზონენბერგ მენკელი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. იგი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, სადაც ანა ფრანკი გაიცნო. თავისი გამოცდილების შესახებ ირმა 1997 წელს ამერიკული გამოცემა Newsweek-ის რეპორტიორს, ჯონათან ალტერს მოუყვა.
გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს სენსიტიურ ინფორმაციას ჰოლოკოსტის შესახებ.
აპრილში 100 წელი შემისრულდა და ჩემს შვილიშვილებთან, შვილთაშვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მშვენიერი საიუბილეო წვეულებაც გადავიხადე. ცოტა ვიცეკვე კიდეც. ტელევიზორში ჩემი სახელი უილარდ სკოტმაც (ამერიკელი ტელეწამყვანი) ახსენა. თუმცა, ახლა რაღაცების გადაფასების დროცაა. გადავწყვიტე, ვძლიო ჩემს დიდხნიან შინაგან წინააღმდეგობას და დავუბრუნდე საშინელ დროს. ხანდაზმული ადამიანები ამბებს უნდა მოჰყვნენ. ცოტა ჩემს ამბავს მოგიყვებით.
დავიბადე 1897 წელს, გერმანიაში. 1920-იანებში დავქორწინდი და ორი შვილიც მეყოლა. შემდეგ ძალაუფლება ჰიტლერმა იგდო ხელთ და, როგორც ბევრი სხვა ებრაელი, ჩვენც ჰოლანდიაში გავიხიზნეთ. როცა ნაცისტები მოახლოვდნენ, ჩვენი ერთი შვილი ნათესავებთან გავგზავნეთ საზღვარგარეთ, მეორე კი — ჰააგაში, ჩემს დასთან და მის შვილებთან ერთად დასამალავად. ჩემი ქმარი და მე ასე ადვილად ვერ დავიმალებოდით, ასე რომ, 1941 წელს ვესტერბორკში აღმოვჩნდით — სატრანზიტო ბანაკში, სადაც ერთ წლამდე დავყავით. შემდეგ ბერგენ-ბელზენში, შრომისა და სატრანზიტო ბანაკში მოვხვდით, საიდანაც ათასობით უდანაშაულო ადამიანს სიკვდილის ბანაკებში გზავნიდნენ. ბერგენ-ბელზენში ღუმლები არ ყოფილა, ნაცისტები შიმშილითა და დაავადებებით გვხოცავდნენ. ჩემი ქმარი და ძმაც იქ დაიღუპნენ, მე კი, დაახლოებით, სამი წელი მომიწია ბანაკში ყოფნა, სანამ 1945 წლის გაზაფხულზე მას გაათავისუფლებდნენ. ბანაკში რომ მოვხვდი, 57 კილოგრამს ვიწონიდი, ხოლო იქიდან გამოსული 35 კილოგრამიღა ვიყავი.
როცა ბერგენ-ბელზენში აღმოვჩნდი, მითხრეს, რომ ბარაკების ლიდერი უნდა ვყოფილიყავი. ვუთხარი, საკმარისად ძლიერი არ ვარ, რომ ბარაკების ლიდერი ვიყო-მეთქი. მათ კი მიპასუხეს, რომ ეს ბრძანების დაუმორჩილებლობა იქნებოდა. ბრძანების კი შემეშინდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. როგორც აღმოჩნდა, ბანაკის ნაცისტი მეთაური გერმანიაში ჩემი მშობლიური ქალაქიდან ყოფილა და ბიძაჩემთან ერთად სწავლობდა სტრასბურგში. ჩემი სიცოცხლე ალბათ სწორედ ამ დამთხვევამ იხსნა. მეთაურმა ჩემთან საიდუმლოდ ლაპარაკი ითხოვა, აინტერესებდა, ბიძაჩემზე რა ვიცოდი. ვუთხარი, ბერგენ-ბელზენიდან წასვლა და ალბათ პალესტინისკენ გამგზავრება მინდა-მეთქი. მან მიპასუხა, რომ შემეძლოს დაგეხმარებოდი, მაგრამ ალბათ თავს დავკარგავო. სამ კვირაში ერთხელ ვნახულობდი ხოლმე, თავადვე ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. მე კი სულ მეშინოდა. ეს ძალიან სახიფათო იყო, რადგან ებრაელებს ხშირად სულ უმიზეზოდ ესროდნენ. ომის შემდეგ გავიგე, რომ მეთაურმა თავი მოიკლა.
ჩემს ბარაკებში, დაახლოებით, 500 ქალი და გოგო იყო, პირობები კი საშინლად გადაჭედილი და არაჰიგიენური. გათბობა საერთოდ არ გვქონდა. ყოველ დილას 5 საათზე ვდგებოდი და დანარჩენებს ვაღვიძებდი. 6-ისთვის სიის ამოკითხვაზე მივდიოდით. ამინდის მიუხედავად, ხშირად საათობით გვიწევდა მოცდა. დღის უმეტესი ნაწილი ქარხანაში მონებივით ვმუშაობდით და გერმანელი ჯარისკაცებისთვის ტყვიებს ვამზადებდით. ჰოლანდია რომ დავტოვე, მხოლოდ ორი წყვილი სამოსი და კბილის ერთი ჯაგრისი წამოვიღე — არც წიგნები და არც სხვა ნივთები. მოგვიანებით, კიდევ რამდენიმე სამოსი მივიღე, მათ შორის, თბილი ჟაკეტი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა. კაცები და ქალები საათობით იდგნენ რიგში, რათა თავიანთი ტანსაცმელი რამდენიმე ნიჟარაში გაერეცხათ. ბარაკებში საშხაპეები არ იყო, არც ქვეშაგები გვქონდა. მთელ დღეს მუშაობასა და მოცდაში ვატარებდით. საღამოს 10 საათზე განათება ქრებოდა, შუაღამეს კი სამი-ოთხი ჯარისკაცი შესამოწმებლად მოდიოდა ხოლმე. უნდა მომეხსენებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაშინ, როცა, რეალურად, საშინელ პირობებში ვიმყოფებოდით. შემდეგ ისევ დილის ხუთზე უნდა ავმდგარიყავი.
ომის მიწურულს, ჩემს ბანაკში მოხვედრილი ერთ-ერთი ბავშვი ანა ფრანკი იყო, რომლის დღიურიც მისი სიკვდილის შემდეგ ცნობილი გახდა. მის ოჯახს მანამდე არ ვიცნობდი, ვერც მასზე ვიხსენებ ბევრს, მაგრამ მახსოვს, რომ წყნარი ბავშვი იყო. როცა გავიგე, რომ ბანაკში მოხვედრილი მხოლოდ 15 წლის იყო, გამიკვირდა. ბევრად პატარა მეგონა. კალამი და ფურცელი ძნელად თუ იშოვებოდა, მაგრამ მახსოვს, რომ ცოტ-ცოტას წერდა.
ტიფი საშინელი პრობლემა იყო, განსაკუთრებით ბავშვებში. ჩემს ბარაკებში მყოფი 500 ადამიანიდან ალბათ 100-ს დაემართა და უმეტესობა დაიღუპა. ბევრ სხვას კი სიკვდილამდე შიმშილი მოუხდა. როცა ანა ფრანკს ტიფი დაემართა, მახსოვს, ვუთხარი, შეგიძლია ბარაკებში დარჩე და სიის ამოკითხვაზე არ წამოხვიდე-მეთქი.
საჭმელად მცირედი გვქონდა. თავიდან თითოეულს მხოლოდ ერთ პურს გვაძლევდნენ 8 დღისთვის, ჩვენ კი პატარა ნაწილებად ვანაწევრებდით. დღეში ერთი ჭიქა შავი ყავა და ერთი ჭიქა წვნიანი. და წყალი. სულ ეს იყო. შემდგომში ეს პორციები კიდევ უფრო შემცირდა. როცა მეთაურს ბავშვებისთვის ცოტაოდენ შვრიას ვთხოვდი, ზოგჯერ მარცვლეულის დამატებით ულუფას მაძლევდა ხოლმე. მარცვლეულს ანა ფრანკიც ითხოვდა, მაგრამ როგორ მიმეცა მისთვის? ულუფები, და თანაც ძალიან მცირე, მხოლოდ პატარა ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, ბავშვები მაინც იღუპებოდნენ. პატიმრებს შორის რამდენიმე გამოცდილი ექთანიც იყო და ისინი მატყობინებდნენ. საღამოობით ყველაზე მძიმედ დაავადებულების დახმარებას ვცდილობდით. დილაობით კი მევალებოდა, ჯარისკაცებისთვის მეთქვა, წინა ღამით რამდენი დაიღუპა. შემდეგ ისინი ცხედრებს წვავდნენ.
გაჭირვებით მახსოვს, რომ ანა ფრანკი მამამისზე ლაპარაკობდა. ძალიან დადებითი, კეთილი ადამიანი იყო. მეუბნებოდა, ირმა, ძალიან ავად ვარო. მე კი ვპასუხობდი, არა, საერთოდ არ ხარ ავად-მეთქი. უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ მართლაც არ იყო დაავადებული. კომაში რომ ჩავარდა, ხელში ავიტაცე. არ იცოდა, რომ კვდებოდა. არც ის იცოდა, რომ ძალიან იყო ავად. ბერგენ-ბელზენში გრძნობები საერთოდ აღარ გქონდა. პარალიზებული ხდებოდი. მას შემდეგ გასული წლების განმავლობაში ბერგენ-ბელზენზე აღარასდროს არ მილაპარაკია. არ შემეძლო. ეს მეტისმეტი იყო.
როცა ომი დამთავრდა, ცხოველებით სავსე სატვირთო მანქანას წავაწყდით და იქ მდგარი სახლიდანაც ყველაფერი მოვიპარეთ. მე ღორი მოვიტაცე, რომელიც ჩვენთან მყოფმა ყასაბმა დაკლა. ამის ჭამა მაშინ, როცა წინათ ძალიან ცუდად ვიკვებებოდით, კარგი აზრი არ აღმოჩნდა. ბევრი უარესადაც გახდა. თუმცა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვშიოდა. ბოლოს, საერთოდ აღარაფერი გვქონდა საჭმელად. ამერიკელ ჯარისკაცს, რომელსაც პურის ნაჭერი ეჭირა, ვთხოვე, პატარას მოვკბეჩ-მეთქი. მან კი მთელი პური მომცა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
ჰოლანდიაში რომ დავბრუნდი, არავინ არაფერი უწყოდა. ბოლოს, მღვდელი ვიპოვე, რომელმაც ჩემი დისა და შვილის ადგილსამყოფელი იცოდა. არ ვიცოდი, ცოცხლები იყვნენ თუ არა. აღმოჩნდა, რომ გადარჩნენ. ჩემს ძმასთან დასაქმებულ კაცს შეუფარებია. გაუმართლათ. მათ მივაგენი და ტირილი დავიწყე. იმდენად გამხდარი ვიყავი, რომ თავიდან ვერც კი მიცნეს.
ჩემი ისტორიის მსგავსი ბევრი ამბავი არსებობს, რომელსაც ადამიანები ათწლეულების განმავლობაში ინახავენ. აქამდე ჩემს ოჯახსაც ამ ამბის მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა მოსმენილი. რა ისტორიასაც უნდა ინახავდეს თქვენი ოჯახი, მოჰყევით. ეს დაგეხმარებათ.
კომენტარები