მკვლევრებმა მკვდარი ობობები ზომბ რობოტებად, ნეკრობოტებად აქციეს — რატომ
2019 წელს მექანიკური ინჟინერიის პროფესორ ასისტენტმა, დენიელ პრესტონმა რაისის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის დეპარტამენტში საკუთარი ლაბორატორია დააარსა. ლაბორატორიაში მუშაობის დროს, მან და მექანიკური ინჟინერიის კურსდამთავრებულმა, ფაი იეპმა, დახვეული მკვდარი ობობა დაინახეს და დაინტერესდნენ, თუ რატომ იხვევიან ობობები სიკვდილის შემდეგ.
მკვლევრებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ ობობებს არ აქვთ სხეულის ერთი და იმავე ნაწილის საპირისპირო მოძრაობის შემსრულებელი კუნთები, როგორებიც ორთავა და სამთავა კუნთებია ადამიანის შემთხვევაში. ასეთ კუნთებს ანტაგონისტები ეწოდება. იეპის მიხედვით, ობობებს მხოლოდ მომხრელი კუნთები აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს, ფეხები მოხაროს და შემდეგ ჰიდრავლიკური წნევით გაშალოს ისინი. სიკვდილის შემდეგ, ობობებს სხეულზე აქტიური ზეწოლის უნარი აღარ აქვთ, ამიტომ ისინი დახვეულ მდგომარეობაში რჩებიან.
მექანიზმი მეცნიერებისთვის არც მეტი არც ნაკლები, ნეკრობოტების — ზომბი რობოტი ობობების შექმნის შთაგონება აღმოჩნდა და გადაწყვიტეს, მისი გამოყენების რაიმე გზა ეპოვათ. მოგვიანებით მათ გამოავლინეს, როგორ გამოეყენებინათ მკვდარი ობობას ფეხები მექანიკურ მოსაჭიდებლებად, რომელთა საშუალებითაც მცირე ზომის ობიექტების, მაგალითად მკვდარი მწერების აწევაა შესაძლებელი.
კვლევაში, რომელიც Advanced Science-ში გამოქვეყნდა, პროცესია აღწერილი, რომლითაც პრესტონმა და მოხსენების მთავარმა ავტორმა იეპმა ობობას ფიზიოლოგია კვლევის ახალი მიმართულების — "ნეკრობოტიკის" განვითარებისკენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად გამოიყენეს.
პრესტონის თქმით, რომელიც თავის ლაბორატორიაში რობოტული სისტემების ასაწყობად არატრადიციულ მასალებს იყენებს, ობობა ისეთი რამაა, რაც ამ მიმართულებით ჯერ არ გამოუყენებიათ, თუმცა მაღალი პოტენციალი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, რომლებიც ანტაგონისტი კუნთებით არიან აღჭურვილნი, ობობა სახსრების გასაშლელად ჰიდრავლიკურ წნევას იყენებს. მათ სხეულში სარქველი აქვთ, რომელიც, შეკუმშვის შედეგად, სხეულში არსებულ სითხეს ფეხებში გზავნის, რაც ობობას მათ გაშლაში ეხმარება. მეცნიერებმა ობობას სარქველში ნემსი შეიყვანეს და ნემსის წვერის გარშემო წებოთი ლუქი შექმნეს. შპრიცის მეშვეობით ჰაერის წამიერი შეკუმშვა ობობას ფეხების თითქმის დაუყოვნებლივ გასააქტიურებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ობობას შიდა სარქვლები ამ არსებას საშუალებას აძლევს, თითოეული ფეხი ინდივიდუალურად აკონტროლონ, ეს კი მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ყველა ფეხი ერთდროულად აკონტროლონ.
პრესტონის ლაბორატორიაში Lycosidae ოჯახის მგელი ობობას საშუალებით გამოავლინეს, რომ ამ არსებებს საკუთარი სხეულის მასის 130%-ის და ხანდახან ბევრად მეტის აწევაც შეუძლიათ.
მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ შედარებით პატარა ზომის ობობებს თავიანთ ზომასთან მიმართებით უფრო მეტი ტვირთვის გადატანა შეუძლიათ. რაც უფრო დიდი ზომისაა ობობა, მით უფრო ნაკლები წონის გადატანა შეუძლია თავის წონასთან მიმართებით. მომავალ კვლევებში, პრესტონის თქმით, ზემოაღნიშნულ ექსპერიმენტს მგელ ობობაზე შედარებით მცირე ზომის ობობებზე განახორციელებენ. ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა ობობას ფეხების მომჭერები მიკროსქემის დაფის სამართავად, ობიექტების გადასაადგილებლად და სხვა ობობების ასაწევადაც გამოიყენეს.
რამდენად გამოსადეგია ეს ტექნოლოგია?
"ეს ტექნოლოგია, შესაძლოა, არაერთი პატარა ამოცანის შესასრულებლად გამოვიყენოთ, როგორიცაა რაიმეს დახარისხება, ან ობიექტების გადატანა ასეთ პატარა მასშტაბებზე. შესაძლოა, ეს მიკროელექტრონიკაშიც გამოგვადგეს", — განაცხადა პრესტონმა. მისი თქმით, ტექნოლოგიის გამოყენება ასევე შესაძლებელია ბუნებაში, პატარა მწერების დასაჭერად. იქიდან გამომდინარე, რომ ობობა ბიოდეგრადაციას განიცდის, ასეთი რობოტები ნარჩენების პრობლემას არ შექმნის, რასაც ტრადიციული მასალებით დამზადებულ რობოტებზე ვერ ვიტყვით.
პრესტონმა და იეპმა იციან, რომ ეს ექსპერიმენტი კოშმარულად ჟღერს და იგი მკვდარი ობობას გაცოცხლებას ჰგავს, თუმცა ობობას სხეულს მკვლევრები უბრალოდ მასალად იყენებენ, რომელიც ერთ დროს ცოცხალ ობობას ეკუთვნოდა.
კომენტარები