ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკა — ეროვნული ბანკი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს
"ყველაფერი ძვირდება" — ალბათ, ბოლო პერიოდში ბევრჯერ მოისმინე ეს სიტყვები, ან შესაძლებელია, შენ თვითონაც იყავი ამ სიტყვების ავტორი.
ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საშუალო დონე წლიურად 12,8%-ით არის გაზრდილი. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. ბოლო მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და ტრანსპორტის გაძვირებამ მოახდინა.
სურსათსა და სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა თვალსაჩინოა, სწორედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ინფლაციაზე ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხოს.
რა არის გლობალურად მაღალი ინფლაციური გარემოს მიზეზი?
მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის, თამთა სოფრომაძის განმარტებით, ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ბაზარზე საკვები, ნედლეული პროდუქტებისა და ნავთობის მკვეთრი გაძვირება დაიწყო.
"პანდემიის პირობებში გლობალურად წარმოება ხანგრძლივად შეფერხდა. ამავდროულად დაწესებულმა შეზღუდვებმა და გარკვეული პორტების დაკეტვამ საერთაშორისო ტრანსპორტირება გაართულა და გააძვირა.
2021 წლიდან მობილობის ეტაპობრივად აღდგენასთან ერთად ბუნებრივად გაიზარდა ისეთ პროდუქტებზე მოთხოვნა, როგორიცაა ნავთობი, თუმცა ამის პარალელურად ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბაზარზე გასაყიდი მოცულობა შეზღუდულად შეინარჩუნეს. თავისთავად, საბოლოო ჯამში, მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა და ნავთობის ფასი გაიზარდა", — ამბობს ის.
თამთა სოფრომაძის განცხადებით, ამჯერად საერთაშორისო ბაზრებზე ფასების გაზრდილი დინამიკა უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამოწვეული სირთულეების გამოა შენარჩუნებული. კერძოდ, ერთი მხრივ, იმის მოლოდინი გაჩნდა, რომ რუსული ენერგო-რესურსებისა და სხვა პროდუქტების მიწოდება სანქციების გამო შეიზღუდებოდა, მეორე მხრივ, დაზარალებული უკრაინა საკვებ პროდუქტებსა და მათ შორის, ნედლეულ მარცვლეულს ბაზარს ვეღარ მიაწვდიდა. გარკვეულწილად ეს მოლოდინები რეალიზდა და მსოფლიო მასშტაბით სამომხმარებლო ფასებზე ისახება.
რა გზით გადმოეცემა ეს საქართველოს?
მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი ხსნის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეული პროდუქტისა და ნავთობის გაძვირება საქართველოზე პირდაპირ აისახება, რამდენადაც ამ პროდუქტებს ადგილობრივი მოხმარებისთვის სწორედ საერთაშორისო ბაზარზე ვყიდულობთ.
"ეს ნედლეული ადგილობრივი პროდუქტის წარმოებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა, ერთი მხრივ, იმპორტირებული ხორბლის ფასს გვიზრდის, მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების პროდუქტს გვიძვირებს, რადგანაც პურის საწარმოებლად მთავარი რესურსი სწორედ ხორბალია", — ამბობს ის.
თამთა სოფრომაძე ამბობს, რომ ინფლაცია საქართველოში მეტწილად საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული, ამაზე კი ყველაზე კარგად თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ იმპორტირებული ინფლაცია საქართველოში მაისში 14,5% არის მაშინ, როცა ანალოგიურ პერიოდში გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით გამყარებულია. ამასთანავე მომსახურეობის ინფლაცია, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მაისის მონაცემით 8,6% არის.
რისი გაკეთება შეუძლია ცენტრალურ ბანკს მაღალი ინფლაციის დროს?
მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი ამბობს, რომ რეალურად, რაც ეროვნულ ბანკს და ზოგადად, ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ ამ დროს არის ის, რომ ეკონომიკაში სუბიექტების ხარჯები შეამცირონ.
"როდესაც ხარჯვა მცირდება, როდესაც კომპანიები ხედავენ გაყიდვების შემცირებას, მარტივი მოთხოვნა-მიწოდების ლოგიკით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ფასები გაზარდონ. ამის მისაღწევად ძირითადი ბერკეტი, რაც ცენტრალურ ბანკებს გააჩნიათ, ეს არის საპროცენტო განაკვეთების გაზრდა. როდესაც საპროცენტო განაკვეთი იზრდება, ამ დროს სესხი ძვირდება, ადამიანები ნაკლებ სესხს იღებენ, რაც ნიშნავს ნაკლებ ხარჯვას", — აცხადებს ის.
მისივე განმარტებით, ინფლაცია არის ხარჯი მოსახლეობისთვის, საპროცენტო განაკვეთების ზრდა კი მეორე ხარჯი მოსახლეობისთვის. ზუსტად ეს არის ის დილემა, რის წინაშეც ცენტრალური ბანკები დგანან ხოლმე — არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.
შალვა მხატრიშვილის თქმით, სწორედ ცენტრალური ბანკების დანიშნულებაა ის, რომ დაიცვან სწორი ბალანსი და არა ის, რომ გარე შოკები უბრალოდ გაანეიტრალონ სრულად.
"სწორი ბალანსი გულისხმობს, რომ თუ ცენტრალური ბანკები ხედავენ რისკს, რომ ინფლაცია გაიზარდა და არსებობს რისკი, რომ დარჩება გაზრდილი ხანგრძლივად, ეს არის გახანგრძლივებული ხარჯი მოსახლეობისთვის, ამ დროს ცენტრალური ბანკები თანხმდებიან, რომ საპროცენტო განაკვეთები დროებით გაზარდონ, რაც როგორც ვთქვით, ასევე, ხარჯია, თუმცა დროებითი. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ინფლაციის გრძელვადიანი ხარჯი აიცილონ თავიდან", — აცხადებს ის.
რა არის ინფლაციის მოლოდინი და რა კავშირი აქვს მიმდინარე მაღალ ინფლაციასთან?
მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი დავით თუთბერიძე განმარტავს, რომ ინფლაციის მოლოდინი წარმოადგენს ეკონომიკის მონაწილეთა შეფასებას იმის თაობაზე, თუ რამდენი იქნება ინფლაცია მომავალში და რეალურად ყოველი ინდივიდუალური მოლოდინი იგივე ინდივიდუალური პროგნოზია მომავალ ინფლაციაზე.
"მაშინ, როდესაც სახეზეა ფასების ისეთი მკვეთრი ზრდა, როგორიც დღეს, ეს უბიძგებს ეკონომიკის მონაწილეებს, რომ ჩვეულებრივზე მეტად დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში ფასების ზრდის მიხედვით. ზოგიერთ მათგანს, შეიძლება, გაუჩნდეს განცდა, რომ ფასების ზრდა ხანგრძლივად შენარჩუნდება, რომ ის არაა დროებითი. თუკი ასეთ მოსაზრებებს მასიური სახე მიეცემა, მაშინ ეკონომისტები ვამბობთ, რომ ადგილი აქვს მოლოდინების გაუარესებას.
მაგალითად, თუკი დღეს მკვეთრად ძვირდება მეორეადი ავტომობილები, ეს ფსიქოლოგიურ წნეხს ახდენს მომხმარებელზე და მათ უჩენს ეჭვს, რომ ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, თუნდაც ამის რაციონალური მიზეზი არ არსებობდეს", — ამბობს ის.
დავით თუთბერიძის განცხადებით, ინფლაციური მოლოდინები იმიტომაა საყურადღებო, რომ ხვალინდელი ინფლაციის მიმართ, რაციონალური თუ ირაციონალური შიშით, ინფლაციურ ზეწოლას დღესვე ვიღებთ, რაც ახანგრძლივებს ინფლაციურ გარემოს და ფასების მოთოკვას უფრო და უფრო ართულებს.
კომენტარები