აშშ-ში შეიმუშავეს ალგორითმი, რომელსაც დანაშაულის პროგნოზირება შეუძლია
ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციალურმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელსაც კრიმინალის პროგნოზირება ერთი კვირით ადრე შეუძლია. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ალგორითმების როლი კიდევ უფრო გაიზარდა. თითქმის აღარ დარჩა სფერო, სადაც მათ როლს ვერ შევხვდებით. ამინდის პროგნოზირება, მანქანების მართვა, საყიდლების რეკომენდაციები, დაავადებების სამკურნალო საშუალებების შექმნა; ეს ის სფეროებია რაშიც ალგორითმებს უკვე მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ. და აი ისიც, კრიმინალთან ბრძოლის დროც მოვიდა! გასაკვირი არაა, რომ ახლა ალგორითმები კრიმინალსაც მისდგნენ.
ეს უცხო არაა. ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე ტოკიოს პოლიცია ცდილობდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დანაშაულის პროგნოზირებისთვის. ეს შეიძლება ისე ჟღერს, თითქოს ჩვენ უკვე ვცხოვრობთ Minority Report-ის მსგავს მომავალში. თუმცა, არა, ეს მხოლოდ ჟღერადობა არაა, როგორც ჩანს ჩვენ უკვე ასეთ რეალობაში ვართ.
ჩიკაგოს მოდელი
Bloomberg-ის ანგარიშის თანახმად, ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტმა 2012 წელს დანაშაულის რისკის მოდელი შეიმუშავა და ეს აკადემიური მკვლევრების დახმარებით. მოდელი დაეყრდნო ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ასაკი და დაკავების ისტორია პოტენციური თავდამსხმელებისა და მათი მსხვერპლების სიის მოსამზადებლად. ასევე მოხდა ქულების მინიჭება ჩამოთვლილ პირებზე, რათა მომხდარიყო თვალყურისდევნება სავარაუდო დამნაშავესა და მათ მსხვერპლზე.
კონცეფცია შეიძლება საინტერესოდ ჟღერდეს, მაგრამ ფაქტობრივ დონეზე ეს საკმაოდ სახიფათოა. ერთია, როდესაც ალგორითმი პროგნოზირებს დანაშაულს, მაგრამ მეორე რომ ის ყოველთვის შეუცდომელი ვერ იქნება. ასეთ დროს შეიძლება ინდივიდის უფლებები დაირღვეს და ის მეთვალყურეობის ქვეშ სრულიად ტყუილად მოექცეს.
ამიტომ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ასისტენტ პროფესორ იშანუ ჩატოპადიაის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს შეექმნათ ალგორითმი, რომელიც შეცდომებს არ დაუშვებდა.
როგორ მუშაობს ახალი ალგორითმი?
ალგორითმი ქალაქს ჰყოფს 1 000 ნაწილად და იყენებს ისტორიულ მონაცემებს დანაშაულების შესახებ მომავალი მოვლენების პროგნოზირებისთვის.
მკვლევრების თქმით, მათი მოდელი განსხვავდება სხვა მსგავსი ალგორითმული პროგნოზებისგან, რადგან დანარჩენი ყველა მოდელი დანაშაულს, როგორც ცხელი წერტილიდან გავრცელებადს ისე უყურებს. ასეთი მიდგომები კი ქალაქების რთულ სოციალურ გარემოს ვერ აღრიცხავს. ამის ნაცვლად, ახალი ალგორითმი აანალიზებს წინა დანაშაულის ანგარიშებს მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით და შემდეგ პროგნოზირებს დანაშაულის ალბათობას ჩიკაგოში 90 პროცენტიანი სიზუსტით. მოდელი ასევე გამოიყენეს აშშ-ს რვა სხვადასხვა ქალაქში და შედეგები ყველგან დადებითი იყო.
ინფორმაცია ახალ ალგორითმზე გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Human Behaviour-ში.
კომენტარები