8 რამ, რაც, შესაძლოა, პაპილომავირუსის შესახებ არ იცოდეთ
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. 2018 წლის მონაცემებით, მხოლოდ აშშ-ში ის 43 მილიონ ადამიანს ჰქონდა, აქედან 13 მილიონს კი ახლად დადასტურებული.
უმეტესწილად, ის ინფიცირებულებში ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა ზოგ შემთხვევაში გენიტალიებზე წანაზარდების წარმოქმნასა და სხვადასხვა სახის სიმსივნეს ედება საფუძვლად. კარგი ამბავი ისაა, რომ მისგან თავის დასაცავად ხელმისაწვდომია ვაქცინა, რომელიც HPV-ის პრევენციაში გვეხმარება.
იმის მიუხედავად, რომ პაპილომავირუსის შესახებ ბევრ ჩვენგანს სმენია, ბევრი რამ,
შეიძლება არ იცოდეთ. ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ საკითხზე გესაუბრებით.
1. შესაძლოა, პაპილომავირუსი თქვენც გქონოდათ
თუ სქესობრივად აქტიური ხართ, არსებობს შანსი, რომ ამ ვირუსს თქვენს ორგანიზმშიც შემოეღწია. მისი 150-ზე მეტი შტამია ცნობილი, რომელთა უმეტესობაც შედარებით უვნებელია, დაახლოებით 40 მათგანი გენიტალიების მიმდებარე არეალს აინფიცირებს, ძალიან ცოტა კი სიმსივნესა და სასქესო ორგანოს მეჭეჭებს განაპირობებს.
ზოგიერთი შტამს სიმპტომები სულაც არ ახასიათებს და შემთხვევების 90 პროცენტში სხეული მათგან 2 წლამდე პერიოდში, ბუნებრივად თავისუფლდება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ HPV თქვენს გქონოდათ.
2. პრეზერვატივი პაპილომავირუსისგან ბოლომდე ვერ გვიცავს
მართალია, სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება ინფიცირების რისკებს საგრძნობლად ამცირებს, თუმცა 100%-ით მაინც არ გვიცავს. საქმე იმაშია, რომ ვირუსი სათესლე პარკის კანსა და თმის ღერებზეც გვხვდება, ამიტომ ნებისმიერი პირდაპირი გენიტალური შეხება, ამ მხრივ, საშიშია.
3. შესაძლოა, HPV თქვენი ამჟამინდელი პარტნიორისგან სულაც არ გადმოგდებოდათ
თუ HPV აღმოგაჩნდათ, სჯობს ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავოთ. ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ ამაში "დამნაშავე" მათი ამჟამინდელი პარტნიორია, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. მაგალითად, დიდი შანსია, რომ ქალებს, რომელთაც საშვილოსნოს ყელის პაპილომა 40 წლის ასაკში გამოუვლინდათ, ის პირველი პარტნიორისგან გადასდებოდათ.
ეს იმიტომ, რომ ვირუსი ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაშია მიძინებული, შემდეგ კი აქტიურდება და უჯრედების დაზიანებას იწყებს. მსგავსი პროცესის შედეგად სიმსივნის ჩამოყალიბებას კი წლები ჭირდება.
4. პაპილომავირუსი მხოლოდ საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს არ იწვევს
ეს ინფექცია უმეტესწილად საშვილოსნოს ყელის სიმსივნესთან ასოცირდება, თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ მისით არ შემოიფარგლება. HPV-ით პროვოცირებულ სიმსივნეებს შორისაა ოროფარინგეალური, ვაგინალური, ანუსის, პენისისა და ვულვის კიბო.
რა თქმა უნდა ყველა ასეთი დაავადების უკან პაპილომავირუსი არ დგას, თუმცა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის შემთხვევების 90%, ანალურის 91%, ვულვის 69% და პენისის 63% სწორედ მისი "დამსახურებაა".
5. სიგარეტის მოწევა ინფიცირების რისკს ზრდის
ყველასთვის ცნობილია, რომ თამბაქოს მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. სიგარეტის ხშირად მოწევის შედეგად იმუნური სისტემა სუსტდება, რაც HPV-ის მეტ გასაქანს აძლევს. ასე რომ, გირჩევთ, ამ მავნე ჩვევაზე უარი რაც შეიძლება სწრაფად თქვათ.
6. პაპილომავირუსის ვაქცინა მხოლოდ ქალებისთვის არაა
ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ქალებს HPV 16 და HPV 18 ტიპის შტამებით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის სიმსივნისგან თითქმის 100%-ით იცავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცებში ის ეფექტიანი არაა. აცრა მათ გენიტალური მეჭეჭებისა და ოროფარინგეალური თუ სხვა სახის სიმსივნეების პრევენციაში ეხმარება.
7. თუ ვაქცინირებული ხართ, სკრინინგი მაინც უნდა ჩაიტაროთ
პაპილომავირუსის ვაქცინა, სამწუხაროდ, მაღალი რისკის შემცველ ყველა შტამსა და ორგანიზმში აცრამდე შეჭრილ პათოგენზე არ მოქმედებს. შესაბამისად, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ან პაპ ტესტი პერიოდულად ჩავიტაროთ.
8. ვაქცინით HPV არ იკურნება
ვაქცინა მხოლოდ ინფიცირების პრევენციაში გვეხმარება. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ვირუსი უკვე აქვთ, პრეპარატი უძლურია. სწორედ ამიტომ, ადრეულ ასაკშივე აცრა ყველაზე ეფექტიანია. გაითვალისწინეთ, რომ HPV-ის განკურნების მეთოდს კაცობრიობამ ჯერ ვერ მიაგნო, ანუ მის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი დროული ვაქცინაციაა.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები