მეცნიერებმა აღმოაჩინეს ჭიები, რომლებსაც პლასტმასის ჭამა და გადამუშავება შეუძლიათ
შესაფუთი მასალა, ერთჯერადი დანა-ჩანგალი, CD ჩანთები: პოლისტირონი პლასტმასის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს შორისაა, მაგრამ მისი გადამუშავება ადვილი არ არის. მათი დიდი უმრავლესობა ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში ხვდება. ეს ურჩი მასალა საბოლოოდ საფრთხეს უქმნის გარემოს, რაც პლანეტაზე ცუდად აისახება.
ავსტრალიის კუინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სუპერჭიები (Zophobas morio) პლასტმასის მირთმევის მოყვარულები ყოფილან. ისინი კონკრეტულად პოლისტირონით არიან მოხიბლულნი და მათ ნაწლავის ფერმენტებს შესძლებიათ ამ ურჩი მატერიის გადამუშავება.
"წინა კვლევამ აჩვენა, რომ პაწაწინა, ცვილისა და ფქვილის ჭიებს (რომლებიც ასევე არიან ხოჭოს ლარვები) შეეძლოთ პლასტმასის ჭამა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ბევრად უფრო დიდ სუპერმატლებს შეუძლიათ უფრო მეტის ჭამა. ეს ასეც აღმოჩნდა", — თქვა კრის რინკემ, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
სუპერჭიები ხუთი სანტიმეტრისაა. მათ საკვებად ქვეწარმავლები და ფრინველები იყენებენ, ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ტაილანდი და მექსიკა, ადამიანებიც.
რინკემ და მისმა კოლეგებმა სამი კვირის განმავლობაში ამ არსებების დიეტაზე იმოქმედეს. ზოგს პოლისტიროლის ქაფი მისცეს, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც სტიროქაფი, ზოგს ქატო, ნაწილი კი საერთოდ საკვების გარეშე დატოვეს.
"ჩვენ ვადასტურებთ, რომ სუპერჭიებს მხოლოდ პოლისტიროლის დიეტის დროსაც შეუძლიათ გადარჩენა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ენერგიას პოლისტიროლისგან იღებენ", — ამბობენ მკვლევრები.
თუმცა, ჭიებს, რომლებიც მხოლოდ პლასტმასით იკვებებოდნენ, ნაწლავებში მიკრობული მრავალფეროვნების დაკარგვა და პოტენციური პათოგენები გამოუვლინდათ. ეს ნიშნავს, რომ მათ პლასტმასის ჭამა კი შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ ამით კვება აზიანებთ.
შემდეგ, მკვლევრებმა გამოიყენეს ტექნიკა, სახელწოდებით მეტაგენომიკა, რათა გაეანალიზებინათ მიკრობული ნაწლავის მოქმედება და დაედგინათ, რომელი გენით ხდება პლასტმასის გადამუშავება.
აღმოჩენების გამოსაყენებლად ერთ-ერთი გზაა მატლებისთვის ნარჩენების საკვებად მიწოდება. ამისთვის ჭიების მოშენება იქნება საჭირო, თუმცა არის მეორე ვარიანტიც — ეს სპეციალური მცენარეების შექმნაა, რომლებიც ჭიებს მიბაძავენ და პლასტმასს გადაამუშავებენ.
"საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ ჭიების შესაძლებლობების გამოყენება გვსურს. ამისთვის მეტი კვლევა იქნება საჭირო", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები