როცა დედაქალაქის ხმაური და მტვერი გაუსაძლისი ხდება, საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ამ ყველაფრისაგან გასაქცევად თბილისშივე არსებობს ერთი მწვანე და ჩრდილიანი ადგილი, სადაც შეგიძლია ჩამოჯდე, უგემრიელესი საჭმელი მიირთვა და უბრალოდ განიტვირთო. ეს თბილი სიოა — ასწლოვანი ხეების ბაღში განლაგებული, ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ვეგეტარიანული რესტორანი, რომელიც უკვე წლებია, სტუმრებს ხელგაშლილი ეგებება.

მწვანე ეზოში შესვლისთანავე გული საქანელებისკენ მიმიწევს. არის რაღაც უკიდურესად ნოსტალგიური და უშუალო, ამ საქანელებზე მეგობრებთან ერთად ჩამოჯდომასა და რწევა-რწევაში, სანამ საჭმლის მოლოდინში ცქმუტავთ. წელს სწორედ ამ ტერიტორიაზე ახალი ვეგანური ადგილი და თანამედროვე ხელოვნების გალერეა, დუმფარა დაგხვდებათ. დუმფარა სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მასზე იმავე გუნდმა იმუშავა, რომელმაც თავის დროზე თბილი სიო შექმნა.

"ძალიან გულწრფელი ხალხი ვართ და სიგიჟემდე გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. იმდენად ბევრ ემოციას ვდებთ ამაში, რომ საჭმელი ბუნებრივად გემრიელი გამოდის. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ სამზარეულოს მიმართ. გულიდან, სულიდან ვიღებთ ყველაფერს და ვდებთ", — მიყვება აგა, თბილი სიოსა და დუმფარას ბრენდშეფი.

თბილი სიოს მენიუდან

თუკი წლების წინ საქართველოში მცხოვრები ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის მხოლოდ სამარხვო მენიუები არსებობდა, ახლა თავისუფლად შესაძლებელია, დაბალანსებული და გემრიელი საჭმელი მიირთვა და სულაც არ გრძნობდე თავს ხორცისმჭამელებთან შედარებით "წამგებიან" პოზიციაში. მიუხედავად ამ სასიამოვნო ძვრებისა, ჯერაც ცოტაა იმ ადგილების რაოდენობა, სადაც კონკრეტულად ვეგეტარიანულ / ვეგანურ საკვებზე კეთდება აქცენტი. კიდევ უფრო რთული საპოვნელია ადგილი, სადაც ვეგანურ Fast Food-ს შემოგთავაზებენ. ამ კუთხით დუმფარა ნამდვილად ამრავალფეროვნებს ვეგანების ცხოვრებას და კითხვაზე "რა ვჭამოთ" პასუხის პოვნას ამარტივებს.

დუმფარა — საქანელები, მცენარეული საკვები და თვითმომსახურეობა

დუმფარა

ფოტო: დუმფარა

დუმფარას შექმნის იდეა და ინსპირაცია ბრენდ შეფმა სტუმრებისგან მიიღო. თბილი სიოს ერთგულ სტუმრებს შორის, ცხადია, ვეგანებიც არიან, რომლებიც მრავალფეროვანი მენიუდან ვეგანურ კერძებს უკვეთავდნენ, თუმცა სხვა არის, როცა მენიუდან საშენო კერძებს ირჩევ და სხვა — როცა ხვდები, რომ კონკრეტული სივრცე სწორედ შენთვისაა შექმნილი.

გირო

საქანელების ტერიტორიაზე არჩევანის გაკეთებამ ავტომატურად განსაზღვრა საკვების თავისებურებაც. გადაწყდა, რომ შექმნილიყო ვეგანური სწრაფი კვების მენიუ — ამ სივრცეში ნაკლებად იგრძნობა, რომ რესტორანში ხარ, ბევრად მეტი თავისუფლება და სილაღეა. ასეთ პირობებს კი ყველაზე მეტად მაინც ფასტ ფუდი უხდება.

მენიუზე აქტიური მუშაობა ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა, თუმცა საკვების დახვეწა და გაუმჯობესება ახლაც გრძელდება. აგას გუნდისთვის განსაკუთრებული გამოწვევა ისეთი ბურგერის პურის შექმნა იყო, რომელიც არავეგანურ ვარიანტებს ტოლს არ დაუდებდა. ის გემო, რომელსაც მიჩვეულები ვართ, იქმნება კარაქით, რძით... როგორ გინდა ეს ყველაფერი ამოაკლო და არაფერი დაუკარგო, თუმცა ბევრჯერ ცდამ საბოლოოდ სასურველი შედეგი გამოიღო.

კერძის კომპონენტების დახვეწა იქამდე არ წყდება, სანამ სრულყოფილებამდე არ მივა: "როცა იმ მომენტამდე მიდიხარ, რომ კერძს ვეღარაფერს დაამატებ და ვერც ამოაკლებ, მაშინ ხვდები, რომ ეს კონკრეტული რამ მივიდა თავის იდეალურ წერტილამდე და ახლა უბრალოდ უნდა შეინარჩუნო".

დუმფარას ბურგერები არა მხოლოდ ვეგანებისთვის იქნება აღმოჩენა, არამედ — უბრალოდ ბურგერის მოყვარულებისთვისაც. ფუმფულა პური, ჯანსაღი, ცოცხალი ინგრედიენტები და კომფორტის შეგრძნება — ყველაზე უკეთ, ალბათ, ასე შეგიქმნით წარმოდგენას დუმფარას ბურგერებზე. რაც მთავარია, საკვები ენერგიით აგავსებთ, და არა — პირიქით.

ხშირად ვეგანურ კვებაზე ის სტერეოტიპიც არსებობს, რომ უზომოდ ძვირია. დუმფარაზე ძვირი ნამდვილად არ ითქმის: საკმაოდ მსუყე ბურგერების ფასი 16-დან 18 ლარამდეა, სხვადასხვა წასახემსებლის ფასი კი 5-10 ლარია.

დუმფარას მენიუდან

დუმფარა საკვებ ადგილთან ერთად, თანამედროვე ხელოვნებისთვის განკუთვნილი სივრცეცაა. მომავალში სწორედ ამ ტერიტორიაზე ღია გამოფენები დაგხვდებათ. ამჟამად დუმფარაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ არტისტ ნოდარ ხაჩიაურის ნამუშევრები.

სულ მალე დუმფარასთან ერთად დაიწყებს ფუნქციონირებას ვეგანური პროდუქტების მაღაზია "ვეგანგან", სადაც შესაძლებელი იქნება ვეგანური ნახევარფაბრიკატების შეძენა ან გამოძახება. გაიყიდება ფალაფელის ბურთულები, ჰუმუსი, ტოფუ, ვეგანური დამფლინგები და ხელნაკეთი ატრიაც კი. ნელ-ნელა ვეგანობა სულ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში.

ვინ ქმნის თბილ სიოსა და დუმფარას?

ფოტო: თბილი სიო

თბილი სიოსა და დუმფარაზე მომუშავე სამზარეულოს გუნდი 11 ადამიანისაგან შედგება. ჯამში კი 30-მდე თანამშრომელია. საკვებსაც და გარემოსაც ეტყობა, რომ აქაურობაზე მოსიყვარულე გუნდი ზრუნავს, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული სტუმარი კმაყოფილი დარჩეს ვეგეტარიანულ ბაღში მიღებული გამოცდილებით.

ასე რომ, სულ ერთია, ფასტ ფუდისა და საქანელებისკენ მიგიწევთ გული თუ — მრავალფეროვანი ვეგეტარიანული მენიუდან გსურთ არჩევანის გაკეთება — ვეგეტარიანული ბაღი იდეალური ადგილია ამ ზაფხულს მეგობრებთან ერთად ახალი მოგონებების შესაქმნელად.

ფოტო: თბილი სიო

გაიგეთ მეტი ვეგეტარიანული ბაღის შესახებ აქ: vegetariangarden.ge.
თბილ სიოში ვიზიტამდე მაგიდის წინასწარ დაჯავშნა კარგი იდეაა — მაგიდის დასაჯავშნად დაუკავშირდით თბილი სიოს გვერდს.