თქვენი მწვადი გარემოს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე ავოკადო, მოსწონს ეს პირს მორგანს თუ არა
პირს მორგანი თუ არ გეცნობათ, ის ვიდეო მაინც გექნებათ ნანახი, სადაც ჟურნალისტი ვეგან აქტივისტს ისეთი ძლიერი არგუმენტებით უპირისპირდება, რომ რესპონდენტს ხმა უვარდება და სასოწარკვეთილი ცდილობს დაზეპირებული ტექსტის გამეორებას. ვიდეომ თუ მართლა ეს შთაბეჭდილება დაგიტოვათ, საწყენია, მაგრამ რას ვიზამ. ცივ წყალს დავლევ. თუმცა, მიხარია, ამ სტატიას რომ კითხულობთ. სანამ მთავარ საკითხზე გადავალ, უნდა გითხრათ, რომ, ჩემი აზრით, კარგი ჟურნალისტი გადაცემაში რესპონდენტს სასაუბროდ იწვევს, მენსფლეინინგისთვის და ტოქსიკური მასკულინობის გამოსავლენად კი პოდკასტებს სტუმრობს.
თემას დავუბრუნდეთ. როცა ინტერნეტში ისეთი შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება, სადაც ერთი შეხედვით განათლებული ადამიანი ცხოველური ინდუსტრიის უპირატესობებს, ან მცენარეული კვების აბსურდულობას ამტკიცებს, ამ ვიდეოებს ინფორმაციის გადამოწმების გარეშე პირველ რიგში ვეგანებს გვესვრიან ხოლმე სახეში და თავის არიდება გვიჭირს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ზემოხსენებული პირს მორგანის გადაცემაა, სადაც წამყვანი ვეგან აქტივისტს "მიწასთან ასწორებს", უფრო სწორად, შეურაცხყოფას აყენებს და აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს. მორგანის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მცენარეული კვების სტილი ისევე ვნებს გარემოს, როგორც ცხოველური, ამიტომ ვეგანები თვალთმაქცები არიან. როგორც ჩანს, კვების ეთიკური მხარე საკმარისი მიზეზი არაა იმისთვის, რომ ცხოველებს თავი დავანებოთ. ამჯერად აღარ მოგიყვებით, თუ რატომ, როგორ და რამდენად ვნებს ხორცის ინდუსტრია გარემოს. ყველაფერს თავიდან აღარ გავიმეორებ და მხოლოდ მორგანის სიღრმისეულ არგუმენტებს ვუპასუხებ.
ასევე იხილეთ: რა კავშირშია თქვენი მწვადი გლობალურ დათბობასთან
ვანდალიზმი პასუხი არ არის
მორგანის გადაცემის სტუმარი Animal Rebelion-ის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის აქტივისტებმა რამდენიმე თვის წინ, რძის ინდუსტრიის განადგურების სიმბოლოდ ლონდონის ქუჩებში თეთრი საღებავი მოასხეს. პროტესტის ამ ფორმას მორგანმა ვანდალიზმი უწოდა. ამაში არავინ ეკამათება. ქუჩების შეღებვა ვანდალიზმია, თუმცა ხანდახან სწორედ ასეთი ქმედებები იქცევს ყველაზე მეტ ყურადღებას.
აქტივისტები ის ადამიანები არიან, ვინც რეალურად ცდილობენ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებას და მართლა ადარდებთ ის, რისთვისაც იბრძვიან. ამას ისიც მოწმობს, რომ ისინი ხშირად ამას მოხალისეობრივად აკეთებენ. ამიტომ, როცა ხელისუფლებაში მყოფი პირები დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევენ ყურადღებას მათ თხოვნებს თუ მოთხოვნებს, რომ დედამიწისთვის უკეთესი მომავალი უზრუნველყონ, მაშინ მათ პროტესტის უფრო მძაფრი ფორმისთვისაც ნუ განვსჯით.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რატომღაც მორგანისთვის გზებზე საღებავის დასხმა უფრო პრობლემურია, ვიდრე ხორცის ინდუსტრია და კლიმატის ცვლილება, რაც მსოფლიოში შიმშილის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია. ჰო, შეიძლება არავინ გინახავთ, ვინც აქტივისტების პროტესტის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა ვეგანობა. ხშირად ცხოვრების წესის ცვლილებას დრო და ბევრი ფიქრი სჭირდება. საპროტესტო აქცია კი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ არჩევანზე დავაფიქროთ.
რატომ არ შეგიძლია დამანებო ხორცის ჭამა და შენ შენთვის ვეგანურად იკვებო?
იმიტომ, პირს, და მისნაირად მოაზროვნეებო, რომ ხორცი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი და მახინჯი ინდუსტრიის პროდუქტია. ბოროტებასთან შეგუება კი გამოსავალი არაა. როგორც ძაღლების მოყვარულებს გზაფრავთ იმის გაფიქრებაზე, რომ აზიაში ამ უერთგულეს არსებებს კლავენ და საკვებად იყენებენ, ასევე გვაწუხებს ვეგანებს ის ფაქტი, რომ ხშირად ძროხებს, ქათმებს და ა.შ. უბრალოდ ჭამთ. ამ დროს ისინიც არანაკლებ სიყვარულს იმსახურებენ, როგორც ძაღლები და კატები, ან გველები, ხვლიკები, კალიები და ა.შ.
ნიშნავს ვეგანობა იმას, რომ დედამიწაზე ადამიანების გამო ცხოველები საერთოდ აღარ დაიხოცებიან? ნიშნავს ეს იმას რომ გარემოს აღარაფერი დააბინძურებს? ან იმას, რომ გლობალური დათბობა ჯადოსნურად შეჩერდება და აფრიკის უდაბნოები ტყეებით დაიფარება? არა! ჯაინობას არავინ გავალდებულებთ, არც უტოპიურ მოთხოვნებს გიყენებთ ვინმე. მაგრამ თუ შეგიძლიათ, კლიმატის ცვლილებას ნაკლებად შეუწყოთ ხელი და ცხოველების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას არა ებრძოლოთ, უბრალოდ არ დაუჭიროთ მხარი, მაშინ რა არის ამაში ასეთი ცუდი? თუ შეგიძლიათ, გარკვეულწილად მაინც ამოიღოთ რაციონიდან ცხოველური პროდუქტები და ამით ნაკლებად დააზიანოთ პლანეტა, რატომ არ აკეთებთ ამას?
"მეცნიერება ამტკიცებს, რომ ვეგანური დიეტა ჯანმრთელობისთვის ცუდია"?
უბრალოდ იმის თქმა, რომ მეცნიერება რაღაცას ამტკიცებს, არ ნიშნავს რომ მართლა ეგრეა. მაგალითად, მე რომ ეს სტატია სანდო ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევებით არ გავამყარო, დამიჯერებთ? ეს თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული ზოგადად განსახილველი საკითხის მიმართ, მაგრამ ჰაერზე ნათქვამს არ უნდა ენდოთ. იმავენაირად არ უნდა დაუჯეროთ ბრიტანელ ჟურნალისტს, რომელიც უბრალოდ თავდაჯერებულად ამბობს, რომ ვეგანური დიეტის საზიანოობას "მეცნიერები ამტკიცებენ". კვლევები აჩვენებს, რომ ვეგანურ დიეტას მნიშვნელოვანი უპირატესობები და რისკები ახლავს თან, თუმცა მათი თავიდან არიდება უმეტეს შემთხვევებში თავისუფლადაა შესაძლებელი. ასევე არსებობს უამრავი კვლევა, რომლის მიხედვითაც ხორცისმჭამელებში მთელი რიგი დაავადებების რისკი, ვეგანებთან შედარებით, ბევრად მაღალია. უფრო და უფრო იზრდება იმ კვლევების რიცხვი, რომლებიც ამტკიცებს რომ ვეგანური დიეტა ყველაზე ჯანსაღია. მე მირჩევნია თანამედროვე კვლევებს ვენდო, პირს მორგანს კი ხორცი უყვარს და ურჩევნია უბრალოდ იძახოს, რომ მეცნიერება საპირისპიროს ამტკიცებს. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
"კალიფორნიაში ნუშის წარმოებისთვის ყოველწლიურად მილიარდობით ფუტკარი იხოცება"?
ფუტკრებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ეკოსისტემებში, ყველაზე დიდ საფრთხეს პესტიციდები და ქიმიური ნივთიერებები უქმნის, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში იყენებენ. შეგახსენებთ, რომ დედამიწაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების 77%-ს ცხოველური ინდუსტრია იკავებს. ეს იმ მიწებსაც მოიცავს, სადაც ფერმის ცხოველებისთვის მოჰყავთ საკვები. აქვე გეტყვით, რომ გლობალურად კალორიების მარაგის 18%-ს და ცილის მარაგის 36%-ს ხორცისა და რძის ინდუსტრია უზრუნველყოფს, დანარჩენს კი — მცენარეული საკვები.
თუმცა, ფუტკრებს დავუბრუნდეთ. როგორც ხედავთ, სოფლის მეურნეობის უდიდესი ნაწილი არა ვეგანების, არამედ ფერმის ცხოველების გამოკვებაზე მოდის. მეორეს მხრივ, თუ კალიფორნიაში მოყვანილი ნუშის ეთიკურობა გაეჭვებთ, მაშინ უბრალოდ სხვა ადგილას მოყვანილი ნუში იყიდეთ. ვეგანები ხშირად იკვლევენ პროდუქტის წარმოების გზას მის შეძენამდე და, ხორცის და რძის გარდა, ისეთ საკვებზე თუ ნივთებზეც ამბობენ უარს, რომლის წარმოებასაც ცხოველების დაზიანება მოჰყვება.
ვეგანური დიეტა რომ ეფექტური იყოს, ბევრი ცხოველი სხვა ცხოველს აღარ შეჭამდა
რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, სამწუხაროდ, ამის ახსნაც მიწევს. ცხოველების ნაწილი მხოლოდ ცხოველებს ჭამს (კარნივორები), ნაწილი მხოლოდ მცენარეებით იკვებება (ჰერბივორები), ნაწილი კი ორივეს მიირთმევს (ომნივორები). მეცნიერებს არ აქვთ საბოლოო პასუხი იმაზე, ანატომიურად ჰერბივორები ვართ თუ ომნივორები. ამ თემაზე საკმაოდ საინტერესო დისკუსიები არსებობს. სანამ მეცნიერება პასუხამდე მივა, შეგიძლიათ იმ კვლევებს გადახედოთ, რომლებიც ამტკიცებს რომ ვეგანური დიეტა ადამიანისთვის ჯანსაღი არჩევანია და რადგან ვეფხვი ხორცს ჭამს, არ ნიშნავს, რომ თქვენც ძროხებს უნდა სდიოთ.
ავოკადოების ტრანსპორტირება თვითმფრინავით ხდება, ამიტომ კლიმატის ცვლილებაში წვლილი ვეგანებსაც შეაქვთ?
დიახ, ისევე როგორც მრავალი სხვა პროდუქტის, მცენარეული პროდუქტების წარმოებაც მოქმედებს გარემოზე. მაგრამ, ეს გაცილებით ჩამოუვარდება ცხოველური ინდუსტრიის დესტრუქციულ გავლენას. მაგალითად, ერთი ავოკადოს მოყვანას 140-272 ლიტრი წყალი სჭირდება, ამავე რაოდენობის ძროხის ხორცის მიღებას კი - 2 315 ლიტრი, ანუ საშუალოდ, ძალიან უხეში დათვლებით, ათჯერ მეტი. ფერმის ძროხები ანთროპოგენური მეთანის ემისიების დაახლოებით მესამედზე არიან პასუხისმგებელნი. ამას ემატება ის ემისიები, რაც ძროხების საკვების მოყვანას და ტრანსპორტირებას, შემდეგ მათგან მიღებული საკვების დამზადებისა და ტრანსპორტირებისას გამოიყოფა.
შედარებისთვის, ერთ ავოკადოზე 0.19 კგ ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ამავე რაოდენობის ხორცისთვის კი ეს მაჩვენებელი 4 კილოგრამია. თუ ერთი ავოკადოს შესაბამისი ხორცის რაოდენობა გაეჭვებთ, გეტყვით, რომ 1 კგ ძროხის ხორცზე გარემოში 99.48 კგ ნახშირორჟანგის ემისია ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველების ფერმები განადგურებული ამაზონის ტყეების დაახლოებით 91%-ზეა პასუხისმგებელი. ტყის წვის შედეგად ატმოსფეროში დამატებით ნახშირორჟანგი გამოიყოფა. მოკლედ, მარტივი არითმეტიკა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები თუ გესმით, მიხვდებით რომ ავოკადოს არგუმენტი პროვოკაციაა და არა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვეგანების წინააღმდეგ.
არ ვიცი, რა უფრო ინფანტილური საქციელია, ვეგანების წინ მათი სათქმელის გაუფასურების მიზნით ხორცის ჭამა თუ საკუთარი თავის იმაში დარწმუნება, რომ კლიმატის კრიზისთან თუ ხორცის ინდუსტრიასთან ბრძოლა უაზრობაა. გულდასაწყვეტია, როცა ინტერნეტის ეპოქაში ადამიანები, სანდო წყაროების გაცნობის ნაცვლად, უბრალოდ თავდაჯერებულად მოსაუბრე ჟურნალისტის მენსფლეინინგს უსმენენ და იჯერებენ. ზუსტი ინფორმაციის მოძიების და გააზრების უნარის გარეშე ჩვენი შეხედულებები და დიალოგი ისევ გასულ ათწლეულებში დარჩება. მნიშვნელოვანია, დავეწიოთ მეცნიერებას, გარკვეული საკითხები უკან მოვიტოვოთ და ისეთ თემებზე გადავერთოთ, რაზეც ცალსახა პასუხი არ არსებობს. ის, რომ ცხოველური ინდუსტრია გარემოს მდგომარეობას აუარესებს, უკვე არაერთი კვლევითაა გამყარებული და ერთი ადგილის ტკეპნა შორს ვერ წაგვიყვანს.
კომენტარები