მენტალური დაავადებები სხვადასხვა მდგომარეობაა, რომელსაც ემოციის, აზროვნებისა და ქცევის ცვლილებები ახასიათებს. როგორც წესი, ამ დროს ადამიანს სოციალურ, სამსახურებრივ თუ ოჯახურ აქტივობებში ჩაბმა უჭირს.

ამის მიუხედავად, მენტალური დაავადებები განკურნებადია, რისი საშუალებითაც პაციენტების უმრავლესობა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

მენტალური ჯანმრთელობა ყოველდღიურ აქტივობებში ეფექტიან ფუნქციონირებას ნიშნავს, რის შედეგადაც ვიღებთ:

  • პროდუქტიულობას (სახლში, სამსახურში და ა.შ.).
  • ჯანსაღ ურთიერთობებს.
  • ცვლილებებთან ადაპტაციისა და პრობლემებთან გამკლავების უნარს.

ფოტო: hindustantimes

ეს ფუნდამენტურად აუცილებელია, როგორც ემოციურ და გონებრივ დონეზე, ასევე, კომუნიკაციის, შემეცნების, გამძლეობისა და პირადი კეთილდღეობის მხრივაც. მენტალური დაავადებები სწორედ ამ ყველაფერს უშლის ხელს. უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში, ეს ისე უნდა აღვიქვათ, როგორც ჯანმრთელობის სხვა გართულებები, როგორიც, მაგალითად, დიაბეტია.

ასეთი აშლილობებისა და მათი მკურნალობის შესახებ ჩვენი ცოდნა დღითიდღე იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ წინაშე შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური სტატუსის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციისა და კულტურული იდენტობის მქონე ადამიანი დადგეს.

ამის მიუხედავად, როგორც წესი, შემთხვევების 3/4-ში სიმპტომები 24 წლამდე ასაკიდან იჩენს თავს. ეს დაავადებები სხვადასხვა ფორმითა და სირთულით ვლინდება, შესაბამისად ცხოვრების ხარისხზეც სხვადასხვაგვარად აისახება.

დიაგნოსტირება

როგორც უკვე ვახსენეთ, ასეთი აშლილობების განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ხშირად ძნელია, გავიგოთ, სად გადის ზღვარი ცუდ განწყობასა და სერიოზულ პრობლემას შორის. მაგალითად, საყვარელი ადამიანის, მეგობრის ან ოჯახის წევრის დაკარგვისას დეპრესიული ხასიათი სრულიად ნორმალურია, მაგრამ როცა ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, საქმეში სპეციალისტი უნდა ჩავრთოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი გართულება სიმპტომებით ფიზიოლოგიურს ჰგავს, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებთან დაკავშირებული ცვლილებებისა და დეპრესიის მსგავსება. ამიტომ ხშირად მენტალური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის პაციენტის ორგანიზმსაც იკვლევენ.

ფოტო: cdn

თუმცა, უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმების გამო, ბევრი ადამიანი სპეციალისტამდე მისვლას აჭიანურებს ან ამგვარ დახმარებაზე საერთოდ უარს ამბობს და ყველაფერთან გამკლავებას თავად ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქროთ და უკან არასდროს დაიხიოთ.

მკურნალობა

დიაგნოსტირების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი მკურნალობის ეტაპია, რაც მდგომარეობის სირთულესა და მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ამ დროს წინასწარ განისაზღვრება ყველა სარგებელი და რისკი, ასევე, პიროვნების ინდივიდუალური საჭიროება, რომელსაც ექიმის გეგმა ერგება.

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ფსიქოთერაპიას, მედიკამენტებს და სხვა. ხშირად ყველაზე ეფექტიანი მაინც ამ ორი მეთოდის კომბინაციაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შედეგის მისაღწევად, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. ეს გულისხმობს ცხოვრების სტილის შეცვლას, ჯანსაღად კვებას, ვარჯიშს, ექიმის დანიშნულების სრულფასოვნად შესრულებას.

გახსოვდეთ, რომ თუ სპეციალისტს თავადაც ხელს შეუწყობთ, მენტალურ დაავადებას უფრო მარტივად და მალე დააღწევთ თავს.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.