როგორ ვიკვებოთ სწორად რევმატული ართრიტის დროს
რევმატული ართრიტი ავტოიმუნური დაავადება გახლავთ, რომელიც, პირველ რიგში, უარყოფით გავლენას სახსრებზე ახდენს. ის შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში დაგვემართოს და იმუნური სისტემის მიერ მიზანში ამოღებული ადგილების დასიებით, ტკივილით, დაჭიმულობით ან ანთებით გამოვლინდეს.
ჩამოთვლილი სიმპტომების შემსუბუქება სწორი კვებითაცაა შესაძლებელი, რაზეც წინამდებარე სტატიაში მოგიყვებით და გაგაცნობთ, რომელი პროდუქტები უნდა შეიტანოთ ამისთვის თქვენს რაციონში და რომლებისგან შეიკავოთ თავი.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ დიეტის შეცვლა ზოგჯერ არ კმარა, ამიტომ სასურველია, თქვენს მდგომარეობაზე, პირველ რიგში, ექიმს გაესაუბროთ.
საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ
რევმატული ართრიტის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლოა საკვები, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გამოარჩევს. ამას მათში შემავალი სხვადასხვა ელემენტი თუ ნაერთი განაპირობებს. წარმოგიდგენთ სიას:
ანტიოქსიდანტები — კვლევით დადასტურებულია, რომ ანტიოქსიდანტები რევმატული ართრიტის დროს ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. ეს ისეთი ნაერთებია, რომლებიც სხეულში არსებულ მავნე ელემენტებს ანადგურებს, როგორიცაა ჟანგბადის აქტიური ფორმები (ROS). ასევე, ებრძვის ანთებით პროცესებსაც. ისინი გვხვდება საკვებში, რომელიც A, C ან E ვიტამინებით ან სელენითაა მდიდარი. მაგალითად, მიირთვით ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, თხილი და მწვანე ჩაი.
ბოჭკოები — ზოგადად, ბოჭკოების მიღებით წონაში დაკლებაა შესაძლებელი. ამასთან, ის ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ბაქტერიას, რომელიც ანთებას ეწინააღმდეგება. ის შედის ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულში, მთლიან მარცვლეულში, თხილსა და ლობიოში.
ფლავონოიდები — ფლავონოიდები გახლავთ ორგანული ნაერთები, მეტაბოლიტები, რომლებიც მცენარეებში გამოიყოფა. ისინი შველის ანთებას, დასიებასა და ტკივილს. ჩვენთვის მათი მთავარი წყარო ხილი და ბოსტნეულია. საჭირო რაოდენობის მისაღებად კარგია კენკრა, მწვანე ჩაი, ყურძენი, ბროკოლი, სოია და შავი შოკოლადი.
სანელებლები — ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მსგავსად, სანელებლებიც ანთების საწინააღმდეგოა. კურკუმა ამას ნაერთ კურკუმინის მეშვეობით ახერხებს, რომლის ეფექტიც პიპერინთან ერთად გამოყენებისას იზრდება. ეს უკანასკნელი წიწაკაში გვხვდება, ასე რომ მათი კომბინაცია ძალიან კარგია.
საკვები, რომელსაც უნდა მოერიდოთ
ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე საკვების მირთმევის პარალელურად, უნდა მოერიდოთ ისეთ საჭმელს, რომელსაც, პირიქით, მისი გამოწვევა შეუძლია:
დამუშავებული ნახშირწყლები (თეთრი ფქვილი, თეთრი შაქარი), გაჯერებული და ტრანს ცხიმები, წითელი, დამუშავებული ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი.
თუ რაციონიდან მათი ამოღება გიჭირთ, ეცადეთ, რაოდენობა მაინც შეამციროთ, ეს თქვენს მდგომარეობას მაინც შეამსუბუქებს. ეფექტიანია მათი ჩანაცვლებაც (წითელი ხორცის მაგივრად, არჩევანი თევზზე შეაჩერეთ და ა,შ.)
სასარგებლო დიეტები
რევმატული ართრიტის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლოა:
ხმელთაშუა ზღვის დიეტა — ეს დიეტა ანთების საწინააღმდეგო საკვებს მოიცავს, როგორიცაა ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, თევზი, თხილი და თესლები, ლობიო, მთლიანი მარცვლეული, ზეითუნის ზეთი.
პალეო დიეტა — ამ დიეტის დროს იმას მიირთმევენ, რასაც ჩვენი წინაპრები ძველად, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი. ხილთან და ბოსტნეულთან ერთად, მასში დიდი რაოდენობით წითელ ხორცსაც ვხვდებით, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ და დიეტის დაწყებამდე ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. ის გამორიცხავს დამუშავებულ მარცვლეულს, შაქრებს, რძის ნაწარმსა და დამუშავებულ საკვებს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები