გიორგი ცაგარელი — თავისუფლების მატიანის ფოტოებით მოყოლილი ისტორია
ფოტოგრაფიაზე ბევრ რამეს ამბობენ ხოლმე. რომ ეს არის წამის დაჭერის ხელოვნება, მომენტის სამუდამოდ გაჩერება ან სულაც წარსულის მომავალში გაგზავნის საშუალება. ამ სამივე მოსაზრებას უპირობოდ ეთანხმები, როცა ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი (გოგი) ცაგარელის, შავ-თეთრად აღბეჭდილ კადრებს უყურებ.
ცაგარელს ტერმინები "მხატვრული ფოტოგრაფია" და "ფოტოხელოვნება" დიდად არ მოსწონდა. ამიტომ, მისი ნამუშევრების ასე მოხსენიებას ჩვენც მოვერიდოთ და გავიცნოთ არა ფოტოხელოვანი, არამედ ფოტოდოკუმენტალისტი, რომელმაც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ობიექტივში მოაქცია და მომავალ თაობებს კადრებად შემოუნახა.
1947 წელს დაბადებული გიორგი ცაგარელი თავდაპირველად ინჟინერი გამხდარა, ფოტოაპარატი კი ხელში მოგვიანებით, 30 წელს გადაცილებულმა აიღო, როცა მისი პირველი შვილი დაიბადა და სურვილი გაუჩნდა, იგი გადაეღო.
"მე ადამიანებს ვიღებ, მათი რეაქცია მაინტერესებს", — ამბობდა ფოტოგრაფი მის შესახებ პირველი არხის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში შავ-თეთრი ომი.
მშრალ ფაქტებზე მეტად ადამიანურ ემოციებს რომ დაეძებდა, ალბათ ამიტომ ჰყვებიან მისი ფოტოები ისტორიას უფრო მძაფრად. ისტორიის წიგნებში ამოკითხული სიტყვები ერთია, ფოტოფირზე აღბეჭდილი განცდა კი, რომელიც მომხდარს ზედმიწევნით გადმოსცემს — მეორე.
ფირზე აღბეჭდილი განცდები კი მხოლოდ ერთ ამბავს კი არა, მთელი ათწლეულების ისტორიას გვიყვება. ცაგარელმა ხომ ახალი პროფესიის დაუფლება მაშინ დაიწყო, როცა ტოტალიტარული რეჟიმი ნელ-ნელა იშლებოდა. ასე აღმოჩნდა მისი კამერა ბრძოლის ეპიცენტრში; სამოქალაქო და რეგიონული ომები აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, თბილისში, ყარაბაღში, 9 აპრილის ტრაგედია — ეს ის მოვლენებია, სადაც გიორგი ცაგარელი თავის კამერასთან ერთად იმყოფებოდა. საქმედ ქცეული ჰობი იმდენად შეუყვარდა, ფოტოჟურნალისტობის რთულ მხარეს და ყველაზე სახიფათო სიტუაციებსაც არ შეშინებია.
"შიში ნორმალური გრძნობაა. ამას ნებისმიერი ადამიანი განიცდის ომში", — ჰყვებოდა ცაგარელი აფხაზეთის ომის გახსენებისას, — "მაგრამ პანიკა ძალიან არასასიამოვნო, დამამცირებელი გრძნობაა".
ფოტოგრაფის შავ-თეთრ სურათებში ერთიც მრავლად ჩანს და მეორეც. ეს ყველაზე უკეთ ხსნის, როგორ აგრძნობინა თავი რიგით ადამიანებს წარმოუდგენელმა მოვლენებმა. თუმცა, პროცესი მარტივი არ უნდა ყოფილიყო — მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, ცაგარელის ფოტოები სიჩქარეში შემთხვევით გადაღებულ კადრებს არ ჰგავს. ფოტოგრაფი ადრევე მიხვდა, რომ სურათებში შუქს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მისით განსხვავებულად მუშაობა შეეძლო. ამიტომ, სწორი კუთხიდან მან წამებიც დაიჭირა და წამიერი ფიქრებიც.
ფოტო: გიორგი ცაგარელი
"ნეტავ, რაზე ფიქრობს?" — სწორედ ეს კითხვა გიჩნდებათ არაერთხელ, როცა ცაგარელის ფოტოგმირებს იცნობთ. ჯარისკაცები, ლტოლვილები და, უბრალოდ, ადამიანები მოლოდინში. რას ელიან?
ალბათ იმედს. ქართველი ფოტომატიანის სურათები იმითაცაა გამორჩეული, რომ მრავალ ამბივალენტურ ამბავს გაწვდის — სინათლეს და სიბნელეს, იმედის მოლოდინსა და უიმედობას. ამას შეიძლება ომში მყოფი ადამიანების გულწრფელობაც იწვევდა; ფოტოგრაფს მიაჩნდა, რომ სიკვდილთან სიახლოვე ადამიანებს ემოციების დაუფარავად გამოხატვის საშუალებას აძლევდა, ამიტომ, საჭირო იყო, ამბავთან ახლოს ყოფილიყავი.
თუმცა, ახლოს ყოფნა, ცხადია, ყოველთვის შიშს უკავშირდებოდა. ფოტოგრაფი იხსენებდა, რომ სამხედრო კონფლიქტი პირველად თბილისში სამოქალაქო დაპირისპირების დროს გადაიღო და მაშინ მხოლოდ ხელები კი არ უკანკალებდა, მთელი სხეული უცახცახებდა. მას შემდეგ კი, "შიშს ყოველთვის გრძნობდა, მაგრამ ხელები აღარ აკანკალებია".
ფოტო: გიორგი ცაგარელი
ფოტო: გიორგი ცაგარელ
"მაგალითად მომყავს ხოლმე გოგის ნათქვამი, რომ ომის გადაღება არის 'ადვილი'. თუ ცოცხალი გადარჩი, ძალიან ადვილია გადაღება, რადგან ყველაფერი ზედაპირზეა ამოყრილი, ყველაფერი გაშიშვლებულია და მხოლოდ თითის დაჭერაღა გჭირდება კადრზეო", — იხსენებს ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი.
ზედაპირზე ამოყრილ და გაშიშვლებულ ემოციებს ცაგარელმა თავი 1994 წელს მოუყარა, როცა ფოტოგამოფენა — ომის სახეები — მოაწყო. მას შემდეგ კიდევ ბევრ საერთაშორისო გამოფენასა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ფოტო: გიორგი ცაგარელი
ფოტო: გიორგი ცაგარელი
ათწლეულების განმავლობაში ფოტოჟურნალისტობისა და გარდამტეხი ისტორიების ფირზე აღბეჭდვის შემდეგ ცაგარელმა გადაწყვიტა, რომ ახალი და საინტერესო ექსპერიმენტების დრო იყო, რადგან "დედამიწაზე მარტო პრესფოტოგრაფია არ არსებობს". თუმცა, ყოველთვის მიაჩნდა, რომ ფოტოდოკუმენტალისტიკა "ელიტარული" იყო. დროის სვლისა და ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, არც ტრადიციები დავიწყებია და აქტიურად მიმართავდა ფოტოგრაფიის ადრეული პერიოდის ტექნიკებს — მაგალითად, "მარილით ბეჭდვას".
ცაგარელის არადოკუმენტური სურათებით გატაცებას "ალტერნატიული ფოტოგრაფია" ეწოდა. ამან გააერთიანა ცარიელი ქუჩებისა და ადამიანების გაბუნდოვანებული კადრები, უძრავი ობიექტები და მონოქრომული ნატურმორტები. მათი ნახვისას ძნელია, დაიჯერო, რომ ეს ფოტოები 21-ე საუკუნეშია გადაღებული.
ფოტო: გიორგი ცაგარელი
ფოტო: გიორგი ცაგარელი
მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება კი არადოკუმენტური ფოტოებით გატაცების ფუფუნებას აძლევდა, ცაგარელს ომი და ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება არასდროს დავიწყებია. 2020 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა — 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 31 წლისთავზე. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მან 1989 წლის აპრილში გადაღებული თავისი ფოტოები გამოაქვეყნა.
ფოტო: გიორგი ცაგარელი
ფოტო: გიორგი ცაგარელი
ფოტო: გიორგი ცაგარელი
გიორგი ცაგარელის მდიდარი მემკვიდრეობა კი ისტორიის მოყოლას აგრძელებს. საქართველოს ბანკმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში 9 აპრილის კადრებთან ერთად ქართველი ფოტომატიანეც "გააცოცხლა". ვიდეორგოლი შეგიძლია აქ ნახო:
კომენტარები