გმირები, დამოუკიდებლობის სკოლა — თიბისი 26 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავს
საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წელი გავიდა. 26 მაისი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც მრავალი წელია, გამორჩეული ფორმატით ხვდება თიბისი. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გასულ წლებში, თიბისიმ ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, დამოუკიდებლობის სკოლა და სხვა მრავალი პროექტი შექმნა. კომპანია წელსაც აგრძელებს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას და საზოგადოებას არაერთ ღონისძიებას უმზადებს.
გმირები
პროექტი "გმირები" საკოლექციო ფიგურების შექმნით დაიწყო. 2019 წელს პირველი საკოლექციო ფიგურა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსახულებით დამზადდა. წელს კი ამ შემადგენლობას ემატება საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდიდან ათი გამორჩეული ფიგურა, რომლებმაც ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობაზე, დამოუკიდებლობაზე და განათლებაზე იზრუნეს. ესენი არიან: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, მარო მაყაშვილი და მერაბ კოსტავა.
"ჩვენი მიზანია, პროექტი მომდევნო წლებშიც გაგრძელდეს და, მთლიანობაში, იმ 100 ადამიანის ფიგურა შევქმნათ, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით საქართველოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ფიგურები ამჯერადაც ლიმიტირებული სასაჩუქრე გამოცემის ფორმატში იქმნება, თუმცა გვინდა,რომ ისინი სულ მალე მასობრივ წარმოებაშიც ჩავუშვათ", — ამბობს მაშო სამადაშვილი.
პროექტისთვის ილუსტრატორმა გიორგი ჯინჭარაძემ თიბისისთვის შექმნა ილუსტრაციები, რომლებიც ციფრულ არხებში, ქუჩაში, გაჩერებებზე, აფიშებზე და სხვა ადგილებში გავრცელდება. თითოეული გმირის ილუსტრაციას თან ახლავს ფრაზა, რომელიც საზოგადოებას მნიშვნელოვან სათქმელს შეახსენებს.
დამოუკიდებლობის სკოლა
პროექტი დამოუკიდებლობის სკოლა 2018 წლიდან საზოგადოებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ საჯარო ლექციებს სთავაზობს. იგი გასულ წლებში თბილისში იმართებოდა და ყოველწლიურად მოიცავდა 5-6 ლექციას, რომელსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანი უძღვებოდა. წელს დამოუკიდებლობის სკოლა გმირებს ეძღვნება, სტარტს იღებს ლანჩხუთში, გრძელდება ქუთაისსა და ყვარელში და სრულდება თბილისში.
"წელს, როგორც შინაარსობრივად, ისე გეოგრაფიულად, დამოუკიდებლობის სკოლა ძალიან ფართოა. ლექციები ათი გმირის შესახებ გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანი, ჩვენ ვინტერესდებით და განვიხილავთ წარსულს, თუ როგორ შექმნეს ამ ადამიანებმა აწმყო და რას გვიქადის ის მომავალში", — ამბობს მაშო სამადაშვილი და ამატებს, რომ დამოუკიდებლობის სკოლის შეხვედრებზე საფესტივალო განწყობა იქნება — საჯარო ლექციების გარდა, მუსიკალური ღონისძიებებიც გაიმართება.
- 20 მაისს, 18:00 საათზე, ლანჩხუთის ცენტრალური სკვერში მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე საზოგადოებას სამ გმირზე — მარო მაყაშვილზე, ამბროსი ხელაიაზე და ნოე ჟორდანიაზე უამბობენ. 19:00-ზე კი ქართული ბენდის Killages-ის კონცერტი გაიმართება.
- 22 მაისს დამოუკიდებლობის სკოლა ქუთაისს ეწვევა. 18:00 საათზე ცენტრალურ ბულვარში დიანა ანფიმიადი და ლევან გიგინეიშვილი დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეზე ისაუბრებენ. 19:00-ზე კი ერეკლე დეისაძის ლაივი გაიმართება.
- 25 მაისს დამოუკიდებლობის სკოლის შეხვედრები ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს. წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი გავიდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ლექციას 18:00-ზე ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი გამართავს.
- 27 მაისს დამოუკიდებლობის სკოლა თბილისში დასრულდება. საქართველოს მწერალთა სახლი რამდენიმე ლექციას უმასპინძლებს: 19:00 საათზე ვახტანგ გორგასლის შესახებ მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი ისაუბრებს. შეხვედრის მოდერატორი ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი იქნება.
- 20:00 საათზე კი გმირების — დავით სარაჯიშვილსა და ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ლექციას საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატალია ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი წარუძღვებიან. შეხვედრის მოდერატორი მწერალი დავით გორგილაძე იქნება.
დამოუკიდებლობის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა კი უკრაინას ეძღვნება. უკრაინელი ხალხის თავისუფლებისადმი ბრძოლის სოლიდარობის ნიშნად, 21:00 საათზე მწერალთა სახლში, ქართველი პოეტებისა და მწერლების მონაწილეობით, უკრაინული პოეზიის საღამო გაიმართება.
"საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე ფიქრისას გვერდს ვერ ავუვლიდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ამიტომ, სიმბოლურად, დამოუკიდებლობის სკოლის ფესტივალი უკრაინული პოეზიის კითხვით დაიხურება. ეს სოლიდარობის აქტია, რომელშიც ქართველი პოეტები დიდი სიხარულით ჩაერთნენ", — აღნიშნავს მაშო სამადაშვილი.
რატომ გმირები და დამოუკიდებლობის სკოლა?
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თიბისი 26 მაისს სხვადასხვა ფორმატში აღნიშნავდა. "გასულ წელს დავდგით რადიოსპექტაკლი, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოქვეყნდა, როცა 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მასში თამაშობდნენ მერაბ ნინიძე, ნინო კასრაძე და კახა კინწურაშვილი; კონსტიტუციის მიღების ასი წლისთავზე შევქმენით ანიმაცია; 2018 წელს საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბ-ბინა, ეგრეთ წოდებული 'ზაკვოს' შენობა თბილისში მოიხატა წმინდა გიორგის გამოსახულებით, რომელიც 1918 წლიდან დამოუკიდებლობის სიმბოლო იყო; წელს კი ჩვენი ფოკუსი გმირებია, რომელთა შესახებ საზოგადოებას მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გვინდა გადავცეთ”"— ამბობს მაშო სამადაშვილი.
პროექტი გმირების და დამოუკიდებლობის სკოლის ფარგლებში თიბისიმ ისტორიკოსებთან, მკვლევრებთან, თეოლოგებთან, ჟურნალისტებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად იმუშავა. მათ მონაწილეობა მიიღეს საჯარო ლექციების მომზადებაში და შექმნეს ბლოგები, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
"ამ პროექტებზე მუშაობა ჩვენთვის ძალიან საამაყოა და იმედი გვაქვს, საზოგადოების სიყვარულსაც დაიმსახურებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ცოდნა, ვიდრე აქამდე ჰქონდა საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა ჩვენი დღევანდელობა", — მაშო სამადაშვილი.
კომენტარები