მეცნიერებმა თაგვებში გამოავლინეს ჰორმონი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს
მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ დაბალცილოვანი დიეტა სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის მღრღნელების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებით გავლენას ახდენს. ახლა კი სპეციალისტებმა გამოავლინეს ჰორმონი, რომელიც ამ შედეგის მისაღებად უმნიშვნელოვანესია.
ეს გახლავთ FGF21, რომელიც ღვიძლის მიერ გამოიყოფა. ავტორებმა წინა კვლევებში დაადგინეს, რომ ის ცილის შემცირებაზე წონის კლების, ენერგიის ეფექტიანი დახარჯვისა და გლუკოზის მიმართ ამტანობის პროვოცირების გზით რეაგირებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას უფრო მეტიც შეუძლია და, რაც მთავარია, აღნიშნული ჰორმონი ადამიანის ორგანიზმშიც გვხვდება.
ამის მიუხედავად, მასზე ინფორმაციას, ძირითადად, თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან ვიგებთ. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი სხეული ჩვენისგან განსხვავდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ზემოხსენებული მიგნება ადამიანებზეც ვრცელდება თუ არა.
კერძოდ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ FGF21-ის გაუვნებლებით დაბალცილოვანი რაციონის მქონე თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მცირე იყო, ვიდრე ჩვეულებრივ მღრღნელებში, რომლებიც იმავენაირად იკვებებოდნენ. ისინი ბევრად დიდები და ნაკლებად გამხდრები იყვნენ. ასევე, გლუკოზის მიმართ ამტანობაც სრულად დაქვეითებული ჰქონდათ და ასაკის მატებასთან ერთად, წონას ადრეულად კარგავდნენ და სუსტდებოდნენ.
მეცნიერების თქმით, განსხვავება შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევი იყო. ისინი ამბობენ, რომ FGF21 ამ პროცესებს ტვინზე ზემოქმედებით აკონტროლებს, სხვანაირად თაგვი ვერ "მიხვდება", რომ დაბალცილოვან საკვებს იღებს.
უნდა ითქვას, რომ კვლევა მხოლოდ მამრ ცხოველებზე ჩატარდა. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები