ყველაფერი, რაც ძუძუს ტკივილზე უნდა იცოდეთ
ძუძუს ტკივილი ნამდვილად არასასიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა ხშირად ეს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებზე სულაც არ მიანიშნებს. სხეულის ამ ნაწილის ჩამოყალიბებაში ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ტკივილსაც განაპირობებს, რადგან მათი გავლენით იქ სადინარები და ჯირკვლები ციკლურად ფართოვდება და იკუმშება.
წინამდებარე სტატიაში სწორედ ძუძუს ტკივილის მიზეზებზე, დიაგნოსტირებასა და საყურადღებო სიმპტომებზე ვისაუბრებთ.
რა იწვევს ძუძუს ტკივილს?
როგორც უკვე ვახსენეთ, ჰორმონები, კერძოდ, ესტროგენი და პროგესტერონი, ძუძუს ქსოვილის სტრუქტურისა და ზომის ცვლილების უკან დგას. ტკივილის ორი სახეა გავრცელებული: ციკლური და არაციკლური.
პირველი მენსტრუალურ პერიოდს უკავშირდება და მისი დაწყებისას ან ოვულაციისას, ანუ კვერცხუჯრედების გამოყოფისას ყველაზე გავრცელებულია, მაგრამ სხვა ეტაპებზეც იჩენს თავს. ზოგისთვის ის შემაწუხებელი არაა, ზოგისთვის კი — პირიქით. ტკივილის შეგრძნება შესაძლოა, მხოლოდ ცალ ძუძუში გქონდეთ და თავდაპირველად ის იღლიის მიმდებარე არეში იყოს კონცენტრირებული.
რაც შეეხება მეორე ტიპს, ის მენსტრუაციასთან დაკავშირებული არაა, შესაბამისად, შეიძლება ნებისმიერ დროს იჩინოს თავი. ეს უკანასკნელი, ასევე, იშვიათია და სხვადასხვა რამითაა განპირობებული, მაგალითად, ტრავმით, ქსოვილის დაზიანებით, ართრიტით და ა.შ. როგორც წესი, ასეთი ტკივილი ძუძუს კონკრეტულ წერტილში იგრძნობა და ყრუ, ძლიერი ან გადაცემითია.
ორივე მათგანის პოტენციური მაპროვოცირებელია მედიკამენტები (კონტრაცეპტივები, ანტიდეპრესანტები), ინფექციები, ორსულობა, მენოპაუზა, ძუძუთი კვება, არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერის გამოყენება, ნეკნის დაზიანება, კუნთების ტკივილი, ანთებითი პროცესები, კისტა, ფიბროზული ქსოვილი, ძუძუს კიბო.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
უმეტეს შემთხვევებში, ძუძუს ტკივილის გამომწვევი ფაქტორებისგან ბუნებრივად, მედიკამენტების დახმარებით ან ცხოვრების წესის შეცვლის გზით გათავისუფლდებით. ამის მიუხედავად, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე გაწუხებთ, სასურველია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია:
- მაღალი ტემპერატურა.
- გამონადენი ძუძუსთავებიდან.
- ტკივილის უეცარი ცვლილება.
- მტკივნეული კვანძი.
- კანის ფერის ცვლილება.
- ტკივილი ერთ კონკრეტულ არეალში.
- არამენსტრუალური ტკივილი.
ძუძუს ტკივილის დიაგნოსტირება
ძუძუს ტკივილის მიზეზების დასადგენად, ექიმი თქვენს პირად და ოჯახის სამედიცინო ისტორიას გამოიკვლევს. დაინტერესდება, ჰქონია თუ არა თქვენს ახლო ნათესავს სიმსივნე და რა ასაკში, რადგან ეს ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ამის დასადგენად, გენეტიკური ტესტირებაც ტარდება.
ხშირად გამოიყენება მამოგრაფიაც, რათა ძუძუს ქსოვილი სპეციალისტმა უფრო ახლოდან შეისწავლოს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურის ჩატარება ქალებისთვის რამდენიმე წელიწადში ერთხელ ისედაც რეკომენდებულია, მით უფრო, თუ ძუძუს კიბოს რისკის წინაშე ხართ.
ეფექტიანია სისხლის ანალიზი, ულტრაბგერითი გამოსახულების გადაღება, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბიოფსია.
როგორ ავიცილოთ თავიდან ძუძუს ტკივილი?
ეს, გარკვეულწილად, ტკივილის მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა ცხოვრების წესის შეცვლითა და საჭირო პრეპარატების მიღებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია. გაითვალისწინეთ შემდეგო რჩევები:
- გაეცანით თქვენი მედიკამენტების უკუჩვენებებს.
- სწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი.
- თავი შეიკავეთ მარილიანი და ცხიმიანი საკვების მირთმევისგან.
- გამოიყენეთ ურეცეპტოდ გაყიდვადი ტკივილგამაყუჩებლები ან ანთების საწინააღმდეგო წამლები.
- გამოიყენეთ ცივი ან თბილი კომპრესები.
- მიმართეთ სტრესის შემცირების სხვადასხვა მეთოდს.
გახსოვდეთ, რომ ძუძუს ტკივილი საკმაოდ გავრცელებულია და სერიოზულ დაავადებებთან იშვიათად ასოცირდება. ყველანაირი რისკის გამოსარიცხად, გირჩევთ, საეჭვო სიმპტომის აღმოჩენისას, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები