შესაძლოა, მსოფლიო კლიმატის კრიზისისგან ადამიანის შარდმა იხსნას — როგორ
წყლის მზარდი დეფიციტი და სათბურის აირების გამოყოფა კლიმატის სერიოზული პრობლემაა, რომელიც დიდ თავსატეხს აჩენს. საჭიროა, ნებისმიერ ფასად გამოინახოს გზა, რომელიც მსოფლიოს გადაარჩენს, მეცნიერების თქმით კი, შესაძლოა, ეს სწორედ ადამიანის შარდის გამოყენება იყოს.
მეცნიერთა გუნდმა ახლახან AFP-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ადამიანის შარდი აღმოჩნდეს გზა, რომლითაც მასშტაბური აგრიკულტურული ნაწარმი უკეთ განოყიერდება. იგი იმ მეთოდებზე ეფექტური იქნება, რომლებსაც ფერმერები ამჟამად იყენებენ. მცენარეებს ზრდა-განვითარებისა და ნაყოფის მოსხმისათვის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი სჭირდება, თუმცა თანამედროვეობაში გამოყენებული ქიმიური სასუქები სათბურის აირების გამოყოფას აძლიერებს, წყალს კი სახლობისათვის უვარგისად აქცევს.
საგულისხმოა, რომ ზემოხსენებულთაგან ადამიანის შარდი ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. ჯულია კავიჩის (აშშ-ის Rich Earth Institute) თქმით, ჩამდინარე წყალში არსებული აზოტის დაახლოებით 80 პროცენტი, ასევე არსებული ფოსფორის ნახევარზე მეტი, შარდის დამსახურებაა. შესაძლოა, ეს მდიდარი რესურსი აგრიკულტურულ ბიზნესებშიც გამოიყენონ, თუკი მისი შეგროვებისათვის სპეციალური სისტემა შეიქმნება.
ასევე იხილეთ: კორეული ტუალეტი ექსკრემენტების სანაცვლოდ სტუდენტებს ფულს უხდის
მარინე ლეგრანის, OCAPI ქსელის ანთროპოლოგის, თქმით, ხალხში ამგვარი სისტემებისადმი ზიზღი მით უფრო გაქრება, რაც წყლის დეფიციტი გამძაფრდება, H2O კი უფრო და უფრო ღირებული გლობალური რესურსი გახდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ განოყიერებისათვის ადამიანის ექსკრემენტების გამოყენების გამოცდილება უკვე არსებობს. მაგალითად, შემსყიდველებს შეუძლიათ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში შეუკვეთონ კომპოსტის ტუალეტები, რომლებიც ადამიანის მყარ ექსკრემენტებს გამოსადეგ სასუქად აქცევს. ამასთანავე, ზოგიერთი მებაღე საკვები ნივთიერებებისათვის ჩვეულებრივ შარდსაც იყენებს.
კომენტარები