ბავშვის ტვინში დედის ხმას განსაკუთრებული ადგილი უკავია, თინეიჯერისაში — აღარ
მცირეწლოვანი ბავშვის ტვინი განსაკუთრებით მორგებულია დედის ხმას. თუმცა, მეამბოხე თინეიჯერების ტვინზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.
ეს დასკვნა, რომელიც 28 აპრილს ჟურნალ Journal of Neuroscience-ში გაქმოევყნებულ კვლევაშია მოცემული, შესაძლოა, სასაცილოდ მოეჩვენოთ თინეიჯერების მშობლებს, მათ შორის კი სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეირომეცნიერს, დენიელ აბრამსს. "ორი თინეიჯერი შვილი მყავს და ეს ცოტა სასაცილო შედეგია", — ამბობს ის.
როდესაც ბავშვები იზრდებიან და თავიანთ სოციალურ წრეს ოჯახის გარეთაც აფართოებენ, მათი ტვინი მზარდ სამყაროს უნდა მოერგოს. "როგორც ახალშობილის ტვინია მორგებული დედაზე, მოზარდების ტვინი ხმების მთელ ახალ რიგს ერგება", — ამბობს აბრამსი.
მეცნიერმა და მისმა კოლეგებმა 7-16 წლამდე ასაკის ბავშვების ტვინის ტომოგრაფიული სურათები გადაიღეს მაშინ, როდესაც მონაწილეებს დედის, ან უცხო ქალის ხმებს ასმენინებდნენ. ექსპერიმენტი მხოლოდ ხმის ჟღერადობამდე რომ გაემარტივებინათ, მკვლევრებმა რამდენიმე უაზრო სიტყვა შეარჩიეს: teebudieshawlt, keebudieshawlt და peebudieshawlt. მოსმენისას ბავშვებისა და თინეიჯერების ტვინის გარკვეული უბნები გააქტიურდა.
აბრამსისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა წინა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ 7-12 წლამდე ასაკის ბავშვების ტვინის გარკვეული უბნები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც წახალისებისა და ყურადღების მიქცევისას აქტიურდება, დედის ხმაზე უფრო ძლიერად რეაგირებენ, ვიდრე უცხო ქალისაზე. "მოზარდობის ასაკში სრულიად საპირისპირო ხდება", — ამბობს აბრამსი.
თინეიჯერებში ტვინის იმავე უბნებში უცნობმა ხმებმა უფრო ძლიერი რეაქცია გამოიწვია, ვიდრე მათი საკუთარი დედის ხმამ. როგორც ჩანს, დედიდან სხვებზე ეს გადანაცვლება 13-14 წლის ასაკში ხდება.
აბრამსის თქმით, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდის ტვინის აღნიშნული უბნები დედის ხმაზე რეაგირებას წყვეტს. ნაცვლად ამისა, უცნობი ხმებს ისინი უფრო ღირებულად და ყურადსაღებად აღიქვამენ. და ეს ასეც უნდა იყოს. აბრამსის თქმით, ახალი ადამიანებისა და სიტუაციების აღმოჩენა მოზარდობის დამახასიათებელი ნიშანია.
ვისკონსინ მედისონის უნივერსიტეტის ბიოლოგიურმა ანთროპოლოგმა, ლესლი სელცერმა, თავის კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ სტრესში ყოფნისას როდესაც გოგოები დედის ხმას იგებდნენ ტელეფონზე, მათში სტრესის ჰორმონის დონე ეცემოდა. იგივე არ მომხდარა დედისგან ტექსტური შეტყობინების მიღებისას.
სელცერის თქმით, ტვინი იმ საჭიროებების შედეგად იცვლება, რომლებიც დროსთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის. "როდესაც ვიზრდებით და ვვითარდებით, ჩვენი გადარჩენა უფრო ნაკლებად ხდება დამოკიდებული დედის მხარდაჭერაზე და უფრო მეტად ჩვენს თანატოლებთან ჯგუფურ კავშირზე".
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად უნივერსალურია ეს ცვლილება. შესაძლოა, იგი ბავშვისა და დედის ურთიერთობის მიხედვითაც იცვლებოდეს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ ბავშვების შემთხვევაში, რომლების მშობლებსაც აღზრდის განსხვავებული სტილი აქვთ, ან რომლებსაც მშობლების მხრიდან ძალადობა და/ან მიტოვება გამოუცდიათ.
ასე რომ, შესაძლოა, ზარებისა და მესიჯების უგულებელყოფის გამო მშობლებმა შვილების მხრიდან იმედგაცრუება იგრძნონ, თუმცა, აბრამსის თქმით, "ტვინი უბრალოდ ასეა მოწყობილი და ამისთვის კარგი მიზეზიც არსებობს".
კომენტარები