ახალი კვლევის მიხედვით, ხუთიდან ერთი რეპტილია გადაშენების საფრთხის პირასაა
ოთხშაბათს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩვენთვის ცნობილი ქვეწარმავლების სახეობების მეხუთედს, კუებისა და ნიანგების მსგავსად, გადაშენების საფრთხე ემუქრება. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაახლოებით 10 000 სახეობა შეაფასეს.
გადაშენების რისკების ყოვლისმომცველი შეფასება ხელმისაწვდომია ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე, თუმცა, მკვლევრების, მათ შორის აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია NatureServe-ის ბრიუს იანგის მიხედვით, რეპტილიების შემთხვევაში ასეთი შეფასებები ნაკლებად გვხვდება.
მეცნიერების თქმით, ქვეწარმავლების კონსერვაციის მიმდინარე სტრატეგიები აქამდე, პრიორიტეტებისა და რეგულაციების განსაზღვრისთვის, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი წიგნის კრიტერიუმებსა და ცხოველების განაწილებას ეყრდნობოდა.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა გლობალურად რეპტილიების გადაშენების რისკის შესწავლისთვის, IUCN-ის წითელი წიგნის კრიტერიუმები გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ რეპტილიების მინიმუმ 1 828 სახეობა (21%) მთელი 10 196 სახეობიდან, გადაშენების რისკის ქვეშაა. ისინი შემდეგ კატეგორიებს მიეკუთვნებიან: მოწყვლადი, გადაშენების საფრთხის პირას მყოფი, გადაშენების კრიტიკული საფრთხის პირას მყოფი. აღსანიშნავია, რომ, მკვლევრების კომენტარების მიხედვით, გადაშენების საფრთხე ემუქრება ამფიბიების 41%-ს, ძუძუმწოვრების 25%-ს და ფრინველების 14%-ს.
მეცნიერების თქმით, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ნიანგები და კუები დგანან, რომელთათვისაც ეს მაჩვენებელი 58% და 50%-ია.
კვლევის მიხედვით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ინდოეთი, დასავლეთ აფრიკა და კარიბის ზღვის რეგიონი რეპტილიების გენეტიკური მრავალფეროვნების კარგვის ტერიტორიების 15%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილები გადაშენების საფრთხის პირას მყოფი და ევოლუციურად გამორჩეული სახეობების სიმდიდრით გამოირჩევა.
მეცნიერების თქმით, ქვეწარმავლებს საფრთხეს უქმნის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის დამზადება, ურბანული განვითარება და ინვაზიური სახეობების შემოყვანა.
კვლევამ კონკრეტულად მიუთითა იმ საფრთხეზე, რომელსაც კლიმატის ცვლილება შთამომავლობაში სქესობრივი თანაფარდობის ბალანსს უქმნის. ეს ეხება ისეთ სახეობებს, რომლებშიც შთამომავლობის სქესს გარემოს ტემპერატურა განსაზღვრავს. ასეთები არიან, მაგალითად, კუები.
ადრეული კვლევების მიხედვით, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ის რეპტილიები დგანან, რომლებიც შედარებით მშრალ გარემოში ცხოვრობნენ, სადაც მათი მრავალფეროვნება განსაკუთრებით მაღალია. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნულმა მოხსენებამ აჩვენა, რომ ტყეებში მობინადრე სახეობებს უფრო მეტი საფრთხე ემუქრება.
მეცნიერების თქმით, სავარაუდოდ, ეს იმ რისკებს უკავშირდება, რომელთა ქვეშაც ტყის გარემოში მცხოვრები ცივსისხლიანი სახეობები არიან. მათ ისიც აღნიშნეს, რომ რეპტილიების გადაშენების რისკების დიდი ნაწილი იმ საფრთხეების მსგავსია, რომლებიც ცხოველთა სხვა ჯგუფებს ემუქრება.
კვლევაში ავტორები, პრობლემის გადასაჭრელად, ამ, ან ცხოველთა სხვა ჯგუფების დასაცავად კონსერვაციის ძალისხმევების გაზრდას გვთავაზობენ. მათ შორისაა ბუნებრივი ჰაბიტატების აღდგენა და ინვაზიური სახეობების გაკონტროლება. ბოლოს კი, მათ ისიც დაამატეს, რომ რეპტილიების სახეობების ნაწილის გადასარჩენად სწრაფადაა საჭირო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
კომენტარები