შესაძლოა, ფანჯრების ნაცვლად მალე გამჭვირვალე მზის პანელებში გაიხედოთ — როგორ მუშაობს ახალი ტექნოლოგია
გამჭვირვალე მზის პანელების იდეა, ერთი შეხედვით, ზედმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ მისი რეალობაში გადმოტანა შევძლოთ. ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, დიდი ქალაქები ენერგიის მთავარი მომხმარებლებიდან ამ უკანასკნელის მწარმოებლებად აქციოს და სუფთა ენერგიის რევოლუციამდე მიგვიყვანოს. ყველა სიკეთესთან ერთად, ასეთი ცვლილება ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება.
გამჭვირვალე მზის პანელი უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც მზის სინათლის ენერგიას აგროვებს და იყენებს ფანჯრების საშუალებით, სხივის დაცემის კუთხის მიუხედავად.
მკვლევრებმა გამჭვირვალე ტექნოლოგიის რამდენიმე გამოყენება შექმნეს. თუმცა, მათი უმეტესობა კონცენტრატორის ფუნქციას ასრულებს — ისინი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სინათლე შთანთქან, რომელიც ადამიანის თვალისთვის ხილვადი არაა. შემდეგ, მიღებულ სინათლეს მოწყობილობა ენერგიად გარდაქმნის, რომლის საშუალებითაც ელექტრომოწყობილობების მომარაგება შეიძლება.
ამ ტექნოლოგიას ფოტოვოლტურ შუშასაც უწოდებენ და იგი სხვადასხვა დონის გამჭვირვალობის მისაღებად იწარმოება. ჯერ კიდევ 2014 წელს, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (MSU) მკვლევრებმა პირველი სრულად გამჭვირვალე მზის კონცენტრატორი შექმნეს, რომელსაც ნებისმიერი შუშის ფირფიტის ფოტოვოლტურ უჯრედად გადაქცევა შეეძლო.
2020 წელისთვის ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა მზის შუშისთვის 100% გამჭვირვალობას მიაღწიეს და ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვეს მდგრად მომავალთან, რომელშიც ადამიანები წიაღისეული საწვავის ინდუსტრიაზე არ არიან დამოკიდებულნი.
ამჟამინდელი შეფასებით, აშშ-ში 5-7 მილიარდამდე მ2 ფართობის ზედაპირი შუშითაა დაფარული. წარმოიდგინეთ იმ ელექტროენერგიის რაოდენობა, რომლის მიღება ამ ზედაპირების მზის პანელებად გამოყენების შემთხვევაში შეგვიძლია.
აღსანიშნავია, რომ მზის პანელების დაყენება დიდ ფართობს მოითხოვს და ასევე მაღალ საწყის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს შეზღუდვები გარკვეულწილად ართულებს პანელების გამოყენებას დიდ ქალაქებში. გამჭვირვალე მზის პანელების იმპლემენტაცია კი ამ ადგილებშიც თავისუფლად შეიძლება, რაც შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდაში დიდ წვლილს შეიტანს.
უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას მსოფლიოს რამდენიმე ადგილას უკვე იყენებენ. მაგალითად, კოპენჰაგენის საერთაშორისო სკოლის შენობაზე 12 000 შეფერილობის მქონე, თუმცა სუფთა მზის პანელია დამონტაჟებული. კიდევ ერთ მაგალითს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომედიცინისა და ფიზიკის მეცნიერებების შენობა წარმოადგენს, რომელზეც 9 მ2 ფართობის გამჭვირვალე მზის პანელები დაამონტაჟეს. პანელები შენობის შესასვლელ ნაწილზეა განლაგებული, მათ მიერ გენერირებული ენერგია კი შენობის მოსამარაგებლად საკმარისი იქნება.
თუმცა, გამჭვირვალე პანელების იმპლემენტაციის საქმეში გარკვეული დაბრკოლებები არსებობს. იქამდე, სანამ ტექნოლოგიის მასშტაბები გაიზრდება, მეცნიერებმა მისი ეფექტიანობა უნდა გაზარდონ. რაც უფრო გამჭვირვალეა პანელი, მით უფრო ნაკლებეფექტიანია იგი. სწორედ ამიტომ, არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ეს ტექნოლოგია სრულად ჩაანაცვლებს სტანდარტულ მზის პანელებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლოა, იგი დაგვეხმაროს, უფრო სწრაფად მივუახლოვდეთ მდგრად და მწვანე მომავალს.
კომენტარები