ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ტრანსგენდერი კაცების საკვერცხეებიდან ამოღებული კვერცხუჯრედები ლაბორატორიულ პირობებში, ორგანიზმის გარეთ მოამწიფეს. ეს იმის იმედს იძლევა, რომ ამ გზით მათ შვილების ყოლის შესაძლებლობა ტესტოსტერონის მრავალწლიანი ჰორმონალური თერაპიის გავლის შემდეგაც ექნებათ.

საქმე იმაშია, რომ მსგავსი თერაპიისას, რომელიც მასკულინური მახასიათებლების გამომუშავებას ემსახურება, ოვულაციის, ანუ კვერცხუჯრედების გამოყოფის პროცესი ფერხდება. შესაბამისად, ტრანსგენდერ კაცებს რეპროდუქციისთვის ტესტოსტერონის მიღების შეწყვეტა (რაც მათთვის ფიზიკურადაც და ემოციურადაც დამთრგუნველია) და უსიამოვნო პროცედურების გავლა უწევთ. ასეთია, მაგალითად, კვერცხუჯრედების გაყინვა, რისთვისაც მენსტრუალური ციკლის აღდგენაა საჭირო, ვაგინალური შემოწმებები და სხვა. სქესობრივად ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ადამიანებისთვის კი არჩევანი მეტად შეზღუდულია.

სპეციალისტთა ახალი მიღწევით ამ ყველაფრის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მათ ეს მეთოდი ქალებზე გარკვეული წარმატებით უკვე გამოცადეს, თუმცა სანამ კვლევას ტრანსგენდერ კაცებზე ჩაატარებდნენ, შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს ჰორმონალური თერაპია საკვერცხეებზე. დონაციის გზით მოპოვებული ნიმუშების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ამ საკვერცხეებში მეტი კოლაგენი და ნაკლები ელასტინი იყო, რაც ქსოვილს უფრო მტკიცეს ხდის. ამან შესაძლოა, ფოლიკულების ზრდასა და გასანაყოფიერებლად მომზადებული კვერცხუჯრედების გამოყოფას ხელი შეუშალოს.

მეცნიერებმა ტრანსგენდერი კაცების სხეულიდან აღებული კვერცხუჯრედების გარშემო არსებული ქსოვილი გაჭრეს და ის ლაბორატორიულ ჭურჭელში გადაჭიმეს. როგორც ჩანს, ამან სასიგნალო გზების გახსნას შეუწყო ხელი და ზოგი ნიმუში სრულფასოვნად მომწიფდა.

ამ პროცესში, როცა ქრომოსმათა რაოდენობა ნახევრდება, მათი გამოუყენებელი ნაწილი მცირე ზომის უჯრედში იყრის თავს, რომელსაც პოლარული სხეული ეწოდება. ტრანსგენდერი კაცების კვერცხუჯრედებში ის უჩვეულოდ დიდი იყო, რაც, სავარაუდოდ, სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ მკვლევრებმა მოსამწიფებელი სითხის შიგთავსი მაინც შეცვალეს და შედარებით ჩვეულებრივის მსგავსი კვერცხუჯრედები მიიღეს.

განაყოფიერების ექსპერიმენტების ჩატარება წელს ჯერ ცხოველებში იგეგმება, რის შემდეგაც ახალ მეთოდს ადამიანებზეც გამოცდიან. ეს შეიძლება რეპროდუქციაში ახალგაზრდა ონკოლოგიურ პაციენტებსა და ჩასახვის პრობლემების მქონე ქალებსაც დაეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.