როგორ გავხადოთ კოსმოსური სტარტაპი წარმატებული — ინტერვიუ კაპიტან სტივენ რეკისთან
კოსმოსის შესწავლა და გარესამყაროს კვლევები ათასწლეულებს ითვლის, თუმცა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ ამ სფეროში სტარტაპებისა და ინვესტორების ჩართულობის გაზრდასაც შეუწყო ხელი.
2012 წლიდან NASA გლობალურ ჰაკათონს — NASA Space Apps Challenge-ს აცხადებს. პროექტის ფარგლებში, სააგენტო ეძებს კოსმოსის ენთუზიასტებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც ამჟამინდელი გამოწვევებისთვის ინოვაციური გამოსავლების მოძიება შეუძლიათ.
ამ მხრივ NASA Space App Challenge-ის ჟიურის ერთ-ერთ წევრს, GEN Space-ის აღმასრულებელ დირექტორს, კაპიტან სტივენ რეკის ვესაუბრე. GEN Space გლობალური ეკოსისტემების პლატფორმაა, რომელიც კოსმოსში ბიზნესის განთავსებაზეა ორიენტირებული. იგი განვითარებაში ეხმარება ასტრომეწარმეობაზე — კოსმოსურ მეწარმეობაზე ორიენტირებულ სტარტაპებს, რომელთა მიზანი კოსმოსის კომერციალიზაცია და კაცობრიობის განვითარებაა. პლატფორმას უკვე 190 ქვეყანაზე აქვს წვდომა.
სტივენის თქმით, ასტრომეწარმეობა კოსმოსში ბიზნესის წამოწყებას გულისხმობს, რომლის მთავარ საყრდენსაც ინოვაციური იდეები და სერვისები წარმოადგენს.
როგორც ინვესტორმა მითხრა, კოსმოსური მოგზაურობის ყველაზე დიდ გამოწვევად მგზავრობის ფასი რჩება. სანაცვლოდ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა კოსმოსში ტვირთის გაგზავნის ფასი, რაც ისეთი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების გამოჩენას უკავშირდება, როგორიც SpaceX-ის რაკეტებია. კოსმოსური მოგზაურობის კომერციალიზაციას ხელს სწორედ კლებადი ფასები უწყობს. ერთჯერად რაკეტებს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები დაუპირისპირდა, რამაც მათ წარმოებასა და გაშვებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და დროის დაზოგვა გამოიწვია.
"ასტრომეწარმის ბიზნესი ადამიანის კოსმოსთან ურთიერთობას მოიცავს, თუმცა სამწუხაროდ, კოსმოსში გამგზავრების ფასი ისევ საკმაოდ მაღალია. ასე რომ, ვფიქრობ, უფრო ხელსაყრელი იქნება ისეთი ბიზნესის წამოწყება, რომელსაც კოსმოსში ადამიანის ჩართულობა არ სჭირდება და დისტანციურად, დედამიწიდან იმართება. იმ შემთხვევაში კი, თუ მასში მაინც იქნება გათვალისწინებული დედამიწიდან გამგზავრება, მაშინ ბიუჯეტიც შესაბამისად უნდა იყოს გაწერილი".
აღსანიშნავია, რომ ასტრომეწარმეები დაფინანსებას უმეტესად გრანტების, მეგობრების და ენჯელ ინვესტორების საშუალებით იღებენ.
"ინვესტორისთვის საინტერესოა ისეთი სტარტაპი, რომელსაც სწორად აქვს შემუშავებული ბიზნეს გეგმა, ეს უკანასკნელი კი ბიზნესის განვითარების ეტაპებისთვის თვალის სადევნებლად და შემოსავლის მიღებისთვის მოსამზადებლად კარგ გზამკვლევს წარმოადგენს", — ამბობს სტივენი.
"ჩემთვის, როგორც ინვესტორისთვის, ყველაზე მეტ ყურადღებას ისეთი სტარტაპი იქცევს, რომლის დამფუძნებლებიც ღიად გვიზიარებენ თავიანთ მისწრაფებებს. მათგან თავდაპირველად იმის გაგება მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტეს სტარტაპის დაარსება და როგორ გეგმავენ წარმატების მიღწევას. იქიდან გამომდინარე, რომ სტარტაპში ინვესტიციას ვდებ, უნდა ვიცოდე, თუ როგორ გამოიყენებენ ისინი ჩემს ინვესტიციას იმისთვის, რომ საბოლოოდ წარმატებულ კომპანიად იქცნენ როგორც დამფუძნებლების, ასევე მომხმარებლების გადმოსახედიდან".
ჩემთან საუბარში სტივენმა ისიც აღნიშნა, რომ როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებასა და ოპერირებას ეხება, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის ინტეგრირება სტარტაპს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. თუმცა, ინვესტორები ინვესტიციას არამხოლოდ სტარტაპის მუშაობის პრინციპზე, ასევე საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით აკეთებენ, რაც ამ უკანასკნელის სოციალურ და ფინანსურ შედეგებს უკავშირდება.
როგორც უკვე ვთქვი, სტივენი NASA Space App Challenge-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრია. მისი, როგორც ინვესტორის დაინტერესება კი ამ ჰაკათონში მონაწილე გუნდებსაც შეუძლიათ, საკუთარი პრაქტიკული და კოსმოსთან დაკავშირებული იდეებით.
ჰაკათონის ფარგლებში, ინოვაციაზე მუშაობისას მონაწილეებს ევალებათ, გამოიყენონ აერონავტიკისა და კოსმოსური სააგენტოს მონაცემები და თავიანთი გამოგონებით განათლების ხელშეწყობაშიც შეიტანონ გარკვეული წვლილი. ჰაკათონის მიზანი მთელი მსოფლიოდან მიზანსწრაფული ტალანტების მოზიდვა, NASA-ის მისიების შედეგად დაგროვილი ღიად ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენება და კოსმოსური აღმოჩენებისა და დედამიწაზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწე ან შესაბამისი უნარების მქონე ადამიანები NASA Space Apps Challenge-ზე ცდილობენ, პრობლემას ინოვაციური გადაწყვეტა მოუძებნონ, ჰაკათონი კი მათ ინვესტორების მოძიებასა და იდეის რეალობად ქცევაში ეხმარება.
NASA-ს გლობალური პრობლემების გადაჭრაში შენც შეგიძლია დაეხმარო. წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს 200-ზე მეტი წერტილსა და საქართველოშიც ტარდება გამოწვევა, რომელიც NASA-მდე მიგიყვანს. ჩვენთან NASA Space Apps Challenge ქუთაისში ტარდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ტექნოლლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. ეს ჰაკათონი შანსია, რომ NASA შენი იდეით/პროდუქტით დააინტერესო.
კომენტარები