მეცნიერები NASA-ს ურანის შესწავლისკენ მოუწოდებენ და ამას №1 პრიორიტეტად ასახელებენ
აშშ-ის მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის სახელმწიფო აკადემია ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში პლანეტა ურანის შესასწავლად მისიის განხორციელებას მომდევნო დეკადის №1 პრიორიტეტად ასახელებს.
სპეციალისტები კოსმოსურ სააგენტოს მოუწოდებენ, რომ ციური სხეულის გამოსაკვლევად ორბიტერი და ზონდი შექმნას (UOP). პირველი მათგანი ობიექტს ორბიტიდან დააკვირდება, მეორე აპარატი კი მის ატმოსფეროში ჩაეშვება და იქაურობას გააანალიზებს. მეცნიერების აზრით, ხომალდების გაშვება 2030-იანი წლების დასაწყისშია შესაძლებელი, თუ ინჟინრები მუშაობას მომდევნო წლიდანვე შეუდგებიან.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ახალი მისიის ფარგლებში მზის სისტემის ყინულის გიგანტად წოდებული ურანის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პლანეტაა, მნიშვნელოვან მონაცემებს მოვიპოვებთ. აღსანიშნავია, რომ მის სიახლოვეს მხოლოდ ერთმა აპარატმა, Voyager 2-მა, 1986 წელს ჩაიარა, რა დროსაც მისი იქამდე უცნობი თანამგზავრები და რგოლები აღმოაჩინა.
ახლა კი აშშ-ის სახელმწიფო აკადემიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დროა, ურანი ასტრონომთა ყურადღების ცენტრში მოექცეს, რათა მისი შემადგენლობისა და შიდა სტრუქტურის შესახებ მეტი გავიგოთ. უნდა ითქვას, რომ მზის სისტემის გარეთ არსებული ეგზოპლანეტების უმეტესობა სწორედ ყინულის გიგანტის ტიპისაა, ამიტომ UOP მათი ფორმირებისა და ევოლუციის უკეთ გააზრებაშიც დაგვეხმარება.
ურანის შესწავლა მათ პირველად 2011 წლის ანგარიშში, №3 პრიორიტეტად დაასახელეს, მარსისა და იუპიტერის თანამგზავრ ევროპის მისიების შემდეგ. პირველი, მარსმავალ Perseverance-ის სახით, უკვე განხორციელდა, მეორე კი Europa Clipper-ის სახელითაა ცნობილი და მისი გაშვება 2024 წელსაა ჩანიშნული. შესაბამისად, ურანმა მოწინავე ადგილზე გადაინაცვლა.
მეორე ადგილზე ამჯერად სატურნის თანამგზავრ ენცელადზე ორიენტირებული მისიაა. ვარაუდობენ, რომ ამ ციური სხეულის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ ოკეანეა, რის გამოც ის მზის სისტემაში სიცოცხლის ძიების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.
კომენტარები