ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად დეპრესია ზრდასრული მოსახლეობის 5.0%-ს აქვს. არსებობს შანსი, რომ ამ მდგომარეობაში თქვენი მეგობრები ან ოჯახის წევრებიც იყვნენ, ამიტომ სასურველია, იცოდეთ, როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება.

ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც დეპრესიაში მყოფ ადამიანებთან სწორ კომუნიკაციაში შეგიწყობთ ხელს.

სიმპტომების ამოცნობა

დეპრესია ყველა შემთხვევაში ერთნაირად არ ვლინდება, მაგრამ არსებობს სიმპტომები, რომლებიც საკმაოდ ხშირია. თქვენი ახლობელი დეპრესიაშია, თუ:

  • ჩვეულებრივზე მოწყენილი ან სევდიანია.
  • მომავლისადმი უიმედობასა და პესიმიზმს გამოხატავს.
  • თავს დამნაშავედ, ცარიელად ან უფუნქციოდ გრძნობს.
  • კომუნიკაცია და დროის ერთად გატარება არ სურს.
  • მარტივად ღიზიანდება.
  • უსიცოცხლო და ნაკლებად ენერგიულია.
  • გარეგნობასა და ყოველდღიურ ჰიგიენას ყურადღებას არ აქცევს.
  • უძილობა ან ზედმეტი ძილიანობა აწუხებს.
  • საყვარელი აქტივობების მიმართ ინტერესს არ იჩენს.
  • უჩვეულოდ გულმავიწყია და უჭირს როგორც კონცენტრაცია, ასევე, გადაწყვეტილებების მიღება
  • ჩვეულებრივზე ცოტას ან ბევრს ჭამს.
  • საუბრობს სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.

საუბრის წამოწყება

თუ ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ თქვენი მეგობარი დეპრესიაშია, მას ეს ვარაუდი გაუზიარეთ და ჰკითხეთ, თავს როგორ გრძნობს. გაითვალისწინეთ, რომ მას შეიძლება ფიქრების გაზიარება მოუნდეს, თუმცა რჩევების მოსმენა არ სურდეს. ეცადეთ, კარგად მოუსმინოთ და თანაგრძნობა გამოხატოთ.

თუ მას ლაპარაკი არ უნდა, ნუ დააძალებთ. უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ.

ფოტო: istockphoto

სპეციალისტის პოვნაში დახმარება

შესაძლოა, ადამიანი ვერ ხვდებოდეს, რომ დეპრესიაშია, ან არ იცოდეს, როგორ მიმართოს სპეციალისტს. იმ შემთხვევაშიც, თუ ის თერაპიის საჭიროებას იაზრებს, სეანსების წამოწყებისგან თავის შეკავებაა მოსალოდნელი.

მას თქვენი დახმარება გამოადგება. ერთად განიხილეთ ფსიქოლოგები/ფსიქიატრები, ან ის საკითხები, რომლებიც შეხვედრაზე უნდა, რომ წამოჭრას. წაახალისეთ და გაამხნევეთ, რათა ყველანაირი შიში დაძლიოს. ეცადეთ, რომ თერაპია არ შეწყვიტოს, რაც დეპრესიისთვის დამახასიათებელი უენერგიობის ან უიმედობის გამო, ხშირია. ეს ეხება მედიკამენტებსაც, რადგან ანტიდეპრესანტების მიღების გაგრძელებაზე თვითნებურად უარის თქმა რეკომენდებული არაა. ეს ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სხვებისთვის განცდების გასაზიარებლად, რჩევების მისაღებად და სპეციალისტის მოსაძებნად შეგიძლიათ მენტალური ჯანმრთელობის ფორუმს ეწვიოთ.

ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება

ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ხშირად ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის ენერგია უბრალოდ არ ჰყოფნის, მაგალითად, სარეცხის გარეცხვისთვის, სახლის დალაგებისთვის, საყიდლებზე სიარულისთვის, კომუნალური გადასახადების გადახდისთვის და სხვა.

კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერში ზედმეტი კითხვების გარეშე შეეშველებით. ხედავთ, რომ მისი მაცივარი ცარიელია? შესთავაზეთ საჭირო პროდუქტების სიის ერთად შედგენა, სურსათის მოსამარაგებლად წაყვანა ან თავად მოტანა.

კომუნიკაციაში ყოფნა

დეპრესიისას სხვებთან კონტაქტი ბევრ სიძნელესთანაა დაკავშირებული, ამიტომ ასეთ დროს გეგმების გაუქმებას არჩევენ ხოლმე, რის გამოც დამნაშავედ გრძნობენ თავს. შეხვედრაზე ზედიზედ რამდენიმე უარმა შესაძლოა, ამის სურვილი თქვენს დაგიკარგოთ, თუმცა ეს მის იზოლაციას გაამძაფრებს.

საჭიროა, ყველაფრის მიუხედავად, მას დაგეგმილი აქტივობები გაუზიაროთ და დაპატიჟოთ, მაგრამ ისე, რომ პასუხისმგებლობა არ დააკისროთ. სასურველია, კომუნიკაცია არ შეწყვიტოთ და მოუცლელობისას ტელეფონით მაინც მოიკითხოთ.

ფოტო: mashable

მოთმენა

როგორც წესი, თერაპია დეპრესიას შველის, თუმცა ეს პროცესი ზოგჯერ იწელება ან ახალი მიდგომების ცდა ხდება აუცილებელი. შესაბამისად. თუნდაც წარმატებული სეანსები უპირობოდ არ ნიშნავს, რომ აშლილობა სრულად, უმოკლეს დროში გაქრება.

მზად უნდა იყოთ, რომ თქვენი მეგობრის ან ოჯახის წევრის სიმპტომები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოვლინდება და კარგ დღეებს ცუდი დღეებიც მოჰყვება.

საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა

დაბოლოს, სხვაზე ზრუნვისას საკუთარი მენტალური ჯანმრთელობაც არ უნდა დაგავიწყდეთ. თუ გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი თქვენზე უარყოფითად აისახება, გაავლეთ ზღვარი ურთიერთობაში. მაგალითად, დეპრესიის მქონე მეგობარს შეუთანხმდით, რომ საუბრისთვის სამსახურის შემდეგ გეცლებათ, ან გააფრთხილეთ, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში დაკავებული იქნებით.

დაიმახსოვრეთ, რომ პირადი სივრცის შენარჩუნების სურვილი სრულიად ნორმალურია.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.