ახალი აღმოჩენა ზემასიური შავი ხვრელების წარმომავლობას ჰფენს ნათელს
მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში სწრაფად ზრდადი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ახალგაზრდა გალაქტიკებისა და პირველი ზემასიური შავი ხვრელებს დამაკავშირებელი რგოლია. ის დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 750 მილიონ წელში უკვე არსებობდა.
ის GNz7q-ის სახელითაა ცნობილი და მას ობსერვატორიამ ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივების წყაროს სახით მიაგნო. ეს რადიაცია არა გალაქტიკების, არამედ შავი ხვრელის მიერ მატერიის შთანთქმისას გამოყოფილს ჰგავს. მსგავსი ტიპის ობიექტების შესახებ აქამდე მხოლოდ თეორიები და კომპიუტერული სიმულაციები მოგვეპოვებოდა, ახლა კი ასტრონომები ამის რეალურ ნიმუშს პირველად დააკვირდნენ.
ზემოხსენებული თეორიების მიხედვით, ზემასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების წარმომქმნელი გალაქტიკების მტვრით მოცულ ბირთვში ფორმირდებიან, შემდეგ კი ირგვლივ არსებულ აირსა და ნაწილაკებს ფანტავენ. სწორედ ასე ჩნდებიან სიკაშკაშით გამორჩეული კვაზარები. ასეთი ევოლუციის პირველი და ბოლო სტადია სპეციალისტებს გამოვლენილი აქვთ, ხოლო გარდამავალი პერიოდი ამ დრომდე უცნობი იყო.
GNz7q შესაძლოა, ამ სიცარიელის ამოვსებაში დაგვეხმაროს მას ვარსკვლავების წარმომშობი გალაქტიკისა და კვაზარის მახასიათებლები ერთდროულად აქვს, საიდანაც ასკვნიან, რომ ის ახალგაზრდა, ნაკლებად მასიური შავი ხვრელია, რომელიც განვითარების გარდამავალ ფაზაშია. ობიექტიდან რენტგენული გამოსხივება არ ფიქსირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ჯერ კიდევ მტვრითაა გარშემორტყმული.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები