ფილიპ კ. დიკი: მწერალი, რომელმაც მომავალი იხილა
სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის, ფილიპ კ. დიკის გარდაცვალებიდან ორმოცი წელი გავიდა. მისი ისტორიები ისეთი ფილმების შთაგონების წყაროდ იქცა, როგორიც "დანის პირზე მორბენალი" და "უმცირესობის ანგარიშია". BBC-ის ჟურნალისტი, ადამ სკოველი იკვლევს, თუ რამდენად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა მისი ნამუშევრები.
პასპორტის კონტროლს გავდივარ. ეკრანზე საკუთარ სახეს ვხედავ. ტექნოლოგია მცნობს და შიგნით მიშვებს. ვასკანერებ კოდებს, რომლებიც ჩემს ვაქცინაციის სტატუსსა და კოვიდის ბოლო ტესტის შედეგებს აჩვენებს. მანქანები აფასებენ მონაცემებს ჩემი ჯანმრთელობისა და მიკრობიოლოგიის შესახებ. მოსაცდელ ოთახში შევდივარ, სადაც ადამიანები პატარა ეკრანებს მისჩერებიან. საოცრად ბევრ მათგანს კამერა შემობრუნებული აქვს და თავიანთ სახეებს სხვადასხვა კუთხიდან ისე უღებენ სურათებს, თითქოს დაავიწყდათ, როგორ გამოიყურებიან. ლეპტოპს ვხსნი და მათ ვუერთდები. კომპანიას საკუთარ მონაცემებს ვაძლევ, რათა ციფრულ სამყაროში შევიდე. ეკრანზე ამომხტარი რეკლამები პირადად ჩემზეა მორგებული. ისინი უკეთ მიცნობენ, ვიდრე მე ვიცნობ საკუთარ თავს.
ეს 2022 წელია და 2022 წელი ფილიპ კ. დიკის რომანია.
სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები სხვებთან შედარებით მეტად ჩანან მომავლისადმი მგრძნობიარენი. იქნება ეს ქალთა უფლებების საფრთხე მარგარეტ ეტვუდის ნამუშევრებში, არქიტექტურული და სოციალური დისტოპია ჯეიმზ ბალარდის რომანებში თუ ინტერნეტის წარმომდგენელი სამყარო ედვარდ მორგან ფორსტერის 1909 წლის მანქანა ჩერდებაში — ჟანრი სავსეა წინასწარმეტყველი მწერლებით, რომლებიც, ამასთან, ერთობ ნაცნობ და ახლობელ თემებს ეხმიანებიან.
თუმცა ასეთ მწერლებს შორისაც კი ცოტა თუა ისეთი, ვინც ჩვენი მომავალი იმდენად ზედმიწევნით დაინახა, როგორც ეს ამერიკელმა ფილიპ კ. დიკმა შეძლო. ის 40 წლის წინ 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. საოცრად ნაყოფიერი, ოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში დიკმა 44 რომანს და მრავალ მოთხრობას უავტორა. ამ ტექსტების ადაპტაციებმა კი ეკრანებიდან დანახული სამეცნიერო ფანტასტიკა სამუდამოდ შეცვალეს. ამ მხრივ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რიდლი სკოტის დანის პირზე მორბენალი (1982), რომელიც დაფუძნებულია დიკის რომანზე, ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? არ უნდა დაგვავიწყდეს არც პოლ ვერჰოვენის ყველაფრის გახსენება (1990), რომელმაც წყაროდ მწერლის 1966 წლის მოთხრობა, ყველაფერს გაგიხსენებთ, აიღო. ახლახან კი დიკის რომანი, კაცი მაღალ კოშკში (1962) ამაზონის პოპულარულ სერიალად იქცა.
კაცი შორსმჭვრეტელი სამყაროების მიღმა
დიკი მხოლოდ უცნაური და ეფექტური მხატვრული სამყაროების შემქმნელი არ ყოფილა, ის ერთობ არაორდინალური პიროვნებაც იყო. მას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, ჰქონდა გამოცხადებები და განიცდიდა ინციდენტებს, რომლებსაც თვითონ სხვადასხვა სახის პარანორმალურ გამოცდილებებად აღიქვამდა. მრავალი მათგანი მწერალმა თავის ვრცელ შემოქმედებაშიც ჩააქსოვა. მოკლედ რომ ვთქვათ, დიკს პრობლემური და არათანმიმდევრული ურთიერთობა ჰქონდა რეალობასთან.
1970-იან წლებში მან საკუთარი ცხოვრების ორ პარალელურ მიმდინარეობად განცდა დაიწყო: 1974 წელს მის აზრებში შეიჭრა რაღაც, რასაც მან ჩარლზ პლეტთან ინტერვიუში "ტრანსცენდენტურად რაციონალური გონი" უწოდა. ამ რაღაცისთვის დიკს მრავალი სახელი ჰქონდა, თუმცა მას უმეტესად ვალისად (VALIS) მოიხსენიებდა, რაც "ვრცელი, აქტიური, ლოგოსისებრი ინტელექტიანი სისტემის" (Vast Active Living Intelligence System) აბრევიატურა გახლავთ. სწორედ ეს გამოცდილება იქცა მისი გვიანდელი, ნახევრად ავტობიოგრაფიული ნამუშევრის, ვალისის შთაგონების წყაროდ. რომანი 1981 წელს, ავტორის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიცა.
იმის მიუხედავად, მისი ხედვები სამედიცინო ბუნების იყო თუ ზებუნებრივი, ერთი რამ ცხადია: დიკს თანამედროვე სამყაროს წინასწარ ხილვის საოცარი უნარი ჰქონდა. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ცნობილი ავტორი, სტენ ნიკოლსი ფიქრობს, რომ დიკის ნამუშევრები წინასწარმეტყველურია, რადგან ის მომავალს იმდროინდელი აწმყოს პრიზმით იკვლევდა. "დიკის ისტორიები ყოვლისმომცველი ინტერნეტის, ვირტუალური რეალობის, სახის ამომცნობი პროგრამული სისტემის, უმძღოლო მანქანებისა და 3D პრინტერების სამყაროს ასახავენ", — ამბობს ის, თუმცა იქვე ურთავს, — "არასწორია, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკის მთავარ მიზნად მომავლის პროგნოზირებას განიხილავენ. ამ მაჩვენებლით ჟანრის წარმატების სტატისტიკა, სინამდვილეში, არცთუ შთამბეჭდავია. როგორც ყველა საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკა, დიკის ისტორიებიც რეალურად არა მომავალზე, არამედ მის თანამედროვე ადგილსა და დროზე იყო".
დიკი წარმოდგენილ მომავალში ომის შემდგომი ყოველდღიური ამერიკის ელემენტებს ურევდა, რაც ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ მისი სამყაროები დაწერის მომენტშიც სიურრეალისტურად ნაცნობი და ახლობელი იყო.
და მაინც, ის ფაქტი, თუ როგორი სიზუსტით იწინასწარმეტყველა დიკმა ტექნოლოგიური და სოციალური განვითარება, დღემდე აღმაფრთოვანებელია. "მას მრავალი სამეცნიერო ხედვა ჰქონდა იმის თაობაზე, თუ როგორი იქნებოდა მომავალი", — ამბობს ენტონი პიკი, 2013 წლის ბიოგრაფიული ნაშრომის, ფილიპ კ. დიკის ცხოვრება: კაცი რომელსაც ახსოვდა მომავალი, ავტორი, — "მაგალითისთვის, მან შეიმუშავა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნებოდა რეკლამის პირდაპირ ადამიანებზე მორგება — შესაძლებელი იქნებოდა მათი იმ დონეზე შესწავლა, რომ მარკეტინგულ კამპანიას პირდაპირ მათ მოლოდინებს დაამთხვევდი. ეს სწორედ ის არის, რაც დღეს ონლაინ ხდება".
პიკის ეს სიტყვები დიკის არაერთ ნაწარმოებს მიესადაგება, თუმცა ამ საკითხის განხილვისას ყველაზე ხშირად 1956 წელს გამოცემულ უმცირესობის ანგარიშს განიხილავენ, რომელიც 2002 წელს სტივენ სპილბერგმა ფილმად აქცია. საეკრანო ადაპტაციები, მართალია, ხშირად იყენებენ მწერლის მიერ განხილული რეკლამების ყველგანმყოფობის ვიზუალს, მაგრამ დიკი თავის ნამუშევრებში ამ საკითხს გაცილებით სიღრმისეულად იკვლევს, ვიდრე უბრალოდ ფონური ესთეტიკაა.
მაგალითად, 1954 წლის მოთხრობაში, გაყიდვების ტექნიკა, აგრესიული და ამავე დროს შემაშფოთებლად პერსონალიზებული რეკლამის იდეა გაფუჭებულ მანქანაში პოვებს გამოხატულებას, რომელიც გამუდმებით ცდილობს, მთავარ პერსონაჟს თავი მიჰყიდოს. მეორე მხრივ, 1964 წლის რომანში, გამოსახულებები, რეკლამას პატარა, ბუზისმაგვარი ქმნილება განასახიერებს. როგორც დიკი ნაწარმოებში წერს, "ბუზისხელა რეკლამამ მაშინვე დაიწყო თავისი შეტყობინების ზუზუნი, როგორც კი შემოსვლა მოახერხა. "მითხარი! არასდროს გითქვამს საკუთარი თავისთვის, თავს დავდებ, რომ რესტორნებში სხვა ადამიანებიც მხედავენ!". ეს ფიზიკური გამოვლინებაა იმისა, რასაც დღეს სოციალურ ქსელებში pop up და spam რეკლამები წარმოადგენენ.
დიკის პოლიტიკური იდეები
დიკის ნამუშევრებს ხშირად აქვთ პოლიტიკური ხასიათიც. მაგალითად, კაცი მაღალ კოშკში იმ ალტერნატიულ რეალობაზეა, სადაც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებმა გაიმარჯვეს. ნაკლებად ცნობილ ნაშრომებში, როგორიცაა თვალი ცაში (1957), პოლიტიკა მეტად ასახავს ავტორის თანამედროვეობას. რომანში ნაწილაკების ამაჩქარებლის გაფუჭების შედეგად ადამიანთა ჯგუფი იმ სხვადასხვა სამყაროში იჭედება, რომლებიც თითოეული მათგანის მიერაა გამოგონილი. თხრობა ძირითადად იმ სამყაროზე ფოკუსირდება, რომელიც ჯგუფის კომუნისტი წევრის მიერაა შექმნილი და რომელიც სწორედ მსგავსი შეხედულებების გამო გააგდეს ლაბორატორიიდან.
მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ სამყარო, რომელიც რადიკალურ მარქსისტულ შეხედულებებზეა აწყობილი, ლაბორატორიის დაცვის უფროსის პროდუქტია, რომელიც ასევე კომუნისტია, თუმცა საიდუმლოდ. წიგნმა აჩვენა, რომ დიკის პოლიტიკა არ შეიძლებოდა მემარცხენეობისა ან მემარჯვენეობის პირდაპირი აღწერით გამარტივებულიყო, რადგან ის თავს ესხმოდა როგორც იმ პერიოდის მაკარტისეულ ჯადოქრებზე ნადირობას, ასევე სწორხაზოვან კომუნისტური დოქტრინასაც.
დიკი სრულად ეწინააღმდეგებოდა ცენტრალური ძალაუფლების იდეას. მის ისტორიებში წარმოდგენილია მთავრობები და კომპანიები, რომლებიც მუდმივად ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას — განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე თვალთვალს ეხება. მისი სამყაროები რადიკალურად მომხმარებლურია და მისი მოქალაქეები მატერიალიზმის მსხვერპლნი არიან. ხოლო ცნობილი სახეები, მედია და პოლიტიკა ერთმანეთთან შერწყმით კოშმარულ, ავტოკრატიულ სცენარს ქმნის — როგორც წესი, ტექნოკრატიისა და ბიუროკრატიის დიდი დოზით.
ეს ბიუროკრატია მის შემოქმედებაში მრავალ ფორმას იღებს. 1974 წლის რომანში, იდინე, ცრემლო, — თქვა პოლიციელმა, მოქმედება 1988 წლის დისტოპიურ რეალობაში ვითარდება, რომელშიც შეერთებული შტატები ამჯერადაც დიქტატორის მიერაა მართული. მომღერალი და სატელევიზიო პერსონა, ჯეისონ ტავერნერი იღვიძებს სამყაროში, სადაც მოულოდნელად ცნობილი აღარაა და არც საჭირო დოკუმენტები აქვს იმისათვის, რომ დაპატიმრებასა და შრომით ბანაკში გაგზავნას გადაურჩეს.
სანამ ტავერნერი რუტინული შემოწმებებისა და კორდონების გავლას ცდილობს, დიკის სხვა პერსონაჟებს ყველაზე ბაზისური რაღაცების გაკეთებაც კი უძნელდებათ — თუნდაც თავიანთ სახლებში. 1969 წლის რომანში, უბიკი, პერსონაჟი საკუთარი საცხოვრებლის კარს ეკამათება, რადგან მექანიზმში ჩასაგდები ხურდა არ აქვს, რომ შიგნით შევიდეს. მეტიც, როცა ის მის შემტვრევას შეეცდება, კარი დაემუქრება, რომ სასამართლოში უჩივლებს. დიკის შემოქმედებაში ცხოვრების ყველა ასპექტი კომოდიფიცირებულია, რაც დღეისთვის განსაკუთრებით აქტუალური ჩანს. დიკი გადასახადებით მართულ მომავალს ხედავს, სადაც საკუთარი სახლის შემადგენელი ნაწილებიც კი საფასურს მოითხოვენ — მერე რა, რომ ეს საფასური დღეს ჯიბის ხურდა ფულზე მეტად პირადი ინფორმაციაა.
იმის გათვალისწინებით, რომ დიკმა შეძლო, განეჭვრიტა მომავალი, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, მისი ყველაზე შემაშფოთებელი ხედვა ისაა, რის თანახმადაც თვითონ სამყაროც სიმულაციაა. დიკის რეალობა ისედაც მყიფე და ჩახლართული იყო. ცხოვრების ბოლოს დაწერილ მრავალ წიგნში იდეა, თითქოს რეალობა მხოლოდ ფასადია, დომინანტურ თემად იქცა. "დიკის აზრით, ჩვენ სიმულაციაში ვარსებობთ. ილონ მასკმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც ფაქტობრივად იგივე აზრი გამოთქვა", — ამბობს პიკი.
მიუხედავად იმისა, ეს ხილვები სიმულაციაში არსებული ხარვეზის შედეგი იყო, — როგორც ეს თვითონ სჯეროდა, — თუ გაუარესებული მენტალური ჯანმრთელობა, ერთი რამ ცხადია: სამყარო, სადაც ფილიპ კ. დიკის შემოქმედებას მრავალი გულშემატკივარი ჰყავს, სულ უფრო ემსგავსება იმ რეალობას, რომელსაც ეს საოცარი და განსაკუთრებული მწერალი წარმოიდგენდა.
კომენტარები