გარღვევა ფიზიკაში: ამ აღმოჩენამ შესაძლოა, სამყაროს შესახებ ახალი თეორიის შექმნამდე მიგვიყვანოს
შედეგის დადასტურების შემთხვევაში მას სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნაზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორიც ასი წლის წინ აინშტაინის თეორიებს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი სუბატომური ნაწილაკის მასა სინამდვილეში იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე გვეგონა — ნაწილაკი W ბოზონი სინამდვილეში იმაზე მასიურია, ვიდრე თეორიულად მიგვაჩნდა. მიღებული შედეგი თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, წარმატებულ და ფუნდამენტურ თეორიასთან თანხვედრაში არ მოდის. შესაძლოა, მან ახალი თეორიის შექმნამდე მიგვიყვანოს, რომელიც სამყაროს მუშაობის პრინციპს უკეთ ახსნის. კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
ილინოისში მდებარე Fermilab Collider Detector (CDF)-ის მეცნიერებმა W ბოზონის თეორიულსა და რეალურ მასებს შორის ძალიან მცირე განსხვავება აღმოაჩინეს — სულ რაღაც 0.1%. მიუხედავად ამისა, LHC-ში მომუშავე დოქტორ მიტეშ პატელის აზრით, შედეგის დადასტურების შემთხვევაში მას სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნაზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორიც ასი წლის წინ აინშტაინის თეორიებს.
აღსანიშნავია, რომ ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტული მოდელი სუბატომურ ნაწილაკთა თავისებურებებს უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყოველგვარი უზუსტობების გარეშე წინასწარმეტყველებდა. დაუჯერებელი შედეგიდან გამომდინარე, CDF-ის გუნდის მეცნიერებმა თავიანთი მიდგომა არაერთხელ გადაამოწმეს, შეცდომა კი ვერსად იპოვეს.
შესაძლოა, აღმოჩენა Fermilab-სა და Large Hadron Collider-ში ჩატარებულ სხვა ექსპერიმენტებს უკავშირდებოდეს. მართალია, მათი შედეგები დადასტურებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა სტანდარტული მოდელიდან გადახრებზე ასევე მიუთითებს — შესაძლოა, ჯერაც აღმოუჩენელი მეხუთე ძალის გავლენის შედეგად.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა ბუნების მეხუთე ძალის არსებობის მტკიცებულებები აღმოაჩინეს — ეს ყველაფერს ცვლის
ფიზიკოსებმა რახანია იციან, რომ თეორიას განახლება ესაჭიროება. იგი ვერ ხსნის: სივრცეში უხილავი მასალის, ბნელი მატერიის, არსებობას; ბნელი ენერგიის ხარჯზე სამყაროს უწყვეტ გაფართოებასა და გრავიტაციას.
მიუხედავად ამგვარი აღტაცებისა, სამეცნიერო საზოგადოება საკითხს მაინც სიფრთხილით ეკიდება. ამ დროისათვის W ბოზონისათვის Fermilab-ში აღებული ზომები ყველაზე ზუსტია, თუმცა იგი არ ემთხვევა ასევე ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ გამოთვლებს ორი სხვადასხვა ექსპერიმენტიდან, რომლებიც სტანდარტულ მოდელს შეესატყვისება.
ამჟამად მთელი მოლოდინები დიდი ჰადრონული კოლაიდერისკენაა მიპყრობილი, რომელიც მალე ექსპერიმენტებს ხელახლა დაიწყებს. ამასობაში ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ შედეგად მიღებული პასუხები ფიზიკის მეტად სრულყოფილ თეორიას დაუდებს საფუძველს.
კომენტარები